უფლისციხის ნაქალაქარი

უფლისციხეუფლისციხე, კლდეში ნაკვეთი ნაქალაქარი, მდებარეობს ქ. გორის აღმოსავლეთით 10 კილომეტრის მანძილზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. გამოკვეთილია კვერნაქის ქედის სამხრეთ ფერდობზე, ადვილად დასამუშავებელ ქვიშაქვის მასივში. ფართობი 9,5 ჰა.
უფლისციხე შედგება სამი უბნისაგან და შეიცავს ძველი აღმოსავლეთის ქვეყნებისა და ანტიკური ხანის შიდა ქალაქისთვის (ციტადელისათვის) დამახასიათებელ კომპონენტებს: ზღუდეს, თხრილს, რამდენიმე შესასვლელს, გვირაბს, წყალსადენს, წყალსაწრეტი არხების ქსელს. უფლისციხის კომპლექსში შედის: გრძელი ნაგებობა, დასავლეთის ეკლესია, დიდეზოიანი და ერდოიანი სახლები, ერთსვეტიანი და კესონებიანი დარბაზები, კოხტა სახლი, მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, მიუვალი ნაგებობა, სადა ოთახი, მოხატულოთახიანი სახლი, ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების (მთავარი ტაძრის) კომპლექსი, უფლისწულის ეკლესია, ქარაფისპირა სახლი, ქუჩისპირა ბაქანი, შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი, წითელი ოთახის კომპლექსი და ა.შ. (ცალკეული ოთახების, დარბაზებისა და კომპლექსების სახელწოდებები პირობითია).
უფლისციხის შესახებ ცნობები წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში გვხდება. საყურადღებოა ვახუშტი ბაგრატიონის ცნობა: „აშურიანს ზეით არს ულისციხე, კვერნაქის გამოკიდებულის კლდის გორასა ზედა, მტკუარის კიდესა, რომელი აღაშენა პირველად უფლოს, ძემან ქართლოსისამან, და იყო ქალაქი ჩინგისადმე, აწ არს შემუსვრილი. არამედ შენობა უცხო კლდისაგან გამოკუეთილი; პალატნი დიდ-დიდნი, ქანდაკებულნი კლდისგანვე; გვირაბი ჩახვრეტილ-ჩაკაფული მტკურამდე, დიდი. დასავლით აქუს ქარაფი მაღალი, და მას შინა გამოკუეთილნი ქუაბნი მრავალ-დიდნი, არამედ აწ შეუალ არს. აქა... გამოსული იხილვების სპა-ლაშქარნი შუბოსან-მშვილდოსანნი, ცხენოსანნი, გალაშკრებულნი, ნიშვნენ ნისნობად და უწოდებენ უფლისციხეს“.
უფლისციხის მრავალსაუკუნოვან ისტორიის ძირითადი ეტაპები გაირკვა არქეოლოგიური კვლევა-ძიების შედეგად. ძეგლზე ჩატარებული კვლევის და განათხარი მასალები ინახება საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში. არქეოლოგიური კვლევის შედეგად შესაძლებელი გახდა მისი რთული ცხოვრების ზოგადი ისტორიის გარკვევა, თავდაპირველი მშენებლობის დროის, არქიტექტურის დადგენა, მისი შემდგომი აღდგენისა და მრავალრიცხოვანი გვიანდელი გადაკეთებათა სამშენებლო ფენების გამოყოფა. მოპოვებული მასალები მოგვითხრობს უფლისციხელთა კავშირზე ურარტუს, ირანის, სომხეთის, მცირე აზიისა და ბერძნულ-რომაული სამყაროს სხვა რეგიონების კულტურულ ცენტრებთან.
ძვ. წ. II და I ათასწლეულის მიჯნაზე უფლისციხის მიდამოების დაბათა ერთ-ერთ ძლიერ თემს არსებული ბუნებრივი გამოქვაბულები საცხოვრებლად გამოუყენებია, გაუმართავს და სამოსახლოც სათანადოდ გაუმაგრებია.
ადრინდელ რკინის ხანაში (ძვ. წ. X-VI სს.) უფლისციხე შიდა ქართლის გაბატონებული თემის საცხოვრისი და სატომო გაერთიანების ბელადის (უფლის) ციხეა. როგორც ჩანს, სწორედ ამ დროს შეერქვა მას უფლისციხე („უფლის“, „ბელადის“ ციხე-ქალაქი).
უფლისციხის თემს თანდათან დაუმორჩილებია ირგვლივ მდებარე დაბების მოსახლეობა. ძვ. წ. VI-V საუკუნეებში უფლისციხე შიდა ქართლის ერთ-ერთი უძლიერესი პოლიტიკური, ეკონომიური და კულტურული ცენტრი და დიდხანს სამეფო ქალაქიც იყო.
ძვ. წ. III-I საუკუნეებში უფლისციხე ტიპიური ელინისტური ქალაქია, თავისი ციტადელით, ქალაქითა და სასოფლო-სამეურნეო გარეუბნით, მეურნეობით, სოციალური იერით, აღებ-მიცემობით, ხელოსნური წარმოებით და ა.შ. იგი საკმაოდ დიდი რეგიონის სამეურნეო ცხოვრების ცენტრია და ფართოდაა ჩაბმული საერთაშორისო სავაჭრო-ეკონომოკურ ურთიერთობაში.
ახ. წ. I-III საუკუნეებში კვლავაც მნიშვნელოვანი საქალაქო და სამხედრო-სტრატეგიული ცენტრია, ამავე დროს, ამავე დროს წარმართული საკულტო ადგილიც.
საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების შემდეგ (IV საუკუნის 30-იან წლებში) უფლისციხეში საქალაქო ცხოვრება დაქვეითდა, მაგრამ ფეოდალურ ხანაში იგი მაინც დარჩა უძლიერეს ციხე-სიმაგრედ. VIII საუკუნიდან უფლისციხე ქართლის ქალაქებს შორის პირველობდა და საქართველოს არაბებისაგან გათავისუფლებისა და გაერთიანებისათვის ბრძოლის ერთ-ერთი უმთავრესი ფორპოსტი იყო.
IX-X საუკუნეებში ციხე-ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა. აქ გაბატონებისათვის ერთმანეთს ებრძოდნენ ქართველი ბაგრატიონები, კახეთის მთავრები და სომხეთის მეფეები. ფეოდალური საქართველოს პოლიტიკური გაერთიანების შემდეგ უფლისციხემ თანდათან დაკარგა მნიშვნელობა. მონღოლთა შემოსევების (XIII ს.) პერიოდში იგი ძლიერ დაზიანდა. XV საუკუნეში უფლისციხე საბოლოოდ დაეცა, ხოლო გვიანდელ ფეოდალურ ხანაში დაიცალა მოსახლეობისაგან. შემდეგ უფლისციხეს თავს აფარებდა მტრისაგან აწიოკებული ახლო სოფლების მოსახლეობა.
ნაქალაქარში შემორჩენილია სხვადასხვა დროს კლდეში ნაკვეთი დარბაზები, სათავსები და ცალკეული ნაგებობები.
ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დარბაზები და ნაგებობები გამორჩევა დიდი ზომებით, გეგმარებისა და არქიტექტურული ფორმების გეომეტრიული სიზუსტით, მორთულობის მაღალმხატვრული შესრულებით. კლდე რკინის იარაღით არის ნაკვეთი. ანტიკური ხანის ოსტატების კლდის ზედაპირს განსაკუთრებული გულმოდგინებით ამუშავებდნენ და ამიტომაც მას იარაღის კვალი არ ეტყობა. ფეოდალური ხანის დარბაზები შედარებით დაუდევრად არის გამოკვეთილი. მათ აშკარად ეტყობათ დამუშავებისა და საკვეთი იარაღის კვალი.
უფლისციხეში, გარდა კლდეში ნაკვეთი დარბაზებისა, შემორჩენილია ჩვეულებრივი წესით ნაშენ ნაგებობათა ნაშთებიც. მათ შორის ანტიკური ხანის შენობები ნაგებია კარგად გათლილი და დამუშავებული კირქვის მოზრდილი კვადრატებით. წყობა მშრალია. კვადრები ერთმანეთთან დაკავშირებულია მერცხლის კუდის ფორმის ფოსოებში ჩასმული ლითონის სოლებით. ფეოდალური ხანის ნაგებობათა უმეტესობა ნატეხი ქვით არის ნაგები. ნაქალაქარის ტერიტორიაზე შემორჩენილია აგურისა და ალიზის შენობებიც.
კლდოვან ფერდობზე მდებარე ქალაქს სამხრეთიდან და დასავლეთიდან კარგად იცავდა მაღალი ციცაბო ქარაფი, ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან - კლდეში ამოკაფული თხრილი (სიღრმე დაახლოებით 10 მ, სიგრძე 10-15 მ). თხრილი მიღებულია ბუნებრივი ღრმულების ხელოვნურად გაფართოების შედეგად. მისი ნაპირები ძლიერ დამრეცია. თხრილის შიდა კიდეს გასდევს მაღალი და განიერი (სიგრძე 3-4 მ) ზღუდე, რომელშიაც მრავალსართულიანი, კრამიტით გადახურული კოშკია ჩაშენებული. ზღუდეც და კოშკიც ძლიერ დაზიანებულია.
ქალაქს რამდენიმე შესასვლელი ჰქონდა. მათგან ჩრდილოეთით მდებარე მთავარი შესასვლელი ანუ „დიდი კლდეკარი“ („კლდი ორღობე“) წარმოადგენს კლდეში ამოკაფულ თავგახსნილ გვირაბს (სიგრძე 150 მ, სიგანე 2,5 მ, სიმაღლე ზოგან 10 მ-მდე). თარიღდება ძვ. წ. IV-III საუკუნეებით. აქ გადიოდა ის უძველესი სავაჭრო-სატრანსპორტო ტრასა, რომელიც შავი ზღვისა და კასპიის ზღვის აუზებს ერთმანეთთან აკავშირებდა. ნაქალაქევში გზას მთელ სიგრძეზე დღესაც ეტყობა ბორბლიანი ტრანსპორტის კვალი. ქალაქის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მდებარეობს უფლისციხის „მცირე კლდეკარი“. იგი მთლიანად კლდეშია ჩაკვეთილი (სიგრძე 60 მ, სიგრძე 1,5 მ) და წარმოადგენს შიდა ქალაქის ძირითად შესასვლელს. ქალაქს ჰქონდა საიდუმლო შესასვლელიც - სამხრეთით მდებარე გვირაბი (დიამეტრი 3 მ), რომელიც მტკვრის ნაპირზე გადის. ალყის დროს ქალაქი აქედან მარაგდებოდა წყლით.
http://dzeglebi.com/img/max_img/ucx/1.jpg
„მცირე კლდეკარის“ ბოლოს იწყება უფლისციხის შიდა ქალაქის მთავარი ქუჩა. იგი ჩრდილოეთისკენ მიემართება და ქალაქის ცენტრში მდებარე მოედანს უერთდება. ამ მაგისტრალიდან გვერდებზე გადის უფრო ვიწრო ქუჩები, რომელთა გაყოლებით სხვადასხვა დანიშნულების მრავალი ხუროთმოძღვრული კომპლექსი, დარბაზი და ნაგებობაა შემორჩენილი. მთავარი ქუჩის ზედა მონაკვეთი მიჰყვება ღრმა ხევს, რომელიც საცხოვრებლად იყო გამოყენებული. ხევში, 10 მეტრის სიღრმეზე, აღმოჩნდა სახელოსნოს ნაშთები და არქეოლოგიური განძი. ხევის კედელზე ქუჩას გასდევს კლდეში ამოღარული ქვის ფილებით დახურული წყალსაწრეტი არხი. ხევი და მთავარი ქუჩა ქალაქს ყოფს ორ არათანაბარ ნაწილად, რომელთაგანაც დასავლეთისა უფრო დიდია და უფრო მნიშვნელოვანიც.
ქალაქის გეგმა განპირობებულია რთული რელიეფით. კლდე, სადაც ანსამბლია გამოკვეთილი, დასავლეთისკენ ამაღლებულია, სამხრეთით ვერტიკალურად ჩაჭრილია მტკვრის ნაპირამდე. უფლისციხის კლდეში ნაკვეთი საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების სათავსები ტერასისებურად არის განლაგებული. ტერასა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ ეშვება, რაც იწვევს ქვაბულთა ორიენტაციას ძირითადად სამხრეთისაკენ, იშვიათად - აღმოსავლეთისაკენ. თითოეული მათგანის წინ ხელოვნურად მოსწორებული ქუჩა ან მოედანია. ანტიკური ხანის ყველა დარბაზი ერთსართულიანია. ფეოდალური ხანის ნაგებობებში ეს პრინციპი დარღვეულია. ამიტომაც ამ პერიოდში სართულებად გამოკვეთილი ქვაბულების მეტი ნაწილი ჩამონგრეულია.
უფლისციხის კლდეში ნაკვეთი კომპლექსები ერთმანეთთან დაკავშირებულია გზა-ბილიკებით. მათ მკაფიო დაგეგმარება აქვთ. დარბაზების წინ მცირე ზომის ეზო-მოედნებია. დარბაზები განლაგებულია ეზოს ერთ ან სამ მხარეს. ეზოში გამოდის კამაროვანი ან არქიტრავიანი პორტიკი, რომელიც აერთიანებს არქიტექტურულად მასზე დაქვემდებარებულ, შედარებით მცირე ზომის ქვაბულებს. კომპლექსების უმეტესობას აქვს საკუთარი სამეურნეო დანიშნულების სათავსები.
დარბაზები გამოკვეთილია ჩვეულებრივი, ზედაპირული სამშენებლო წესების დაცვით და არქიტექურულად სათანადოდ გააზრებული ინტერიერი და ფასადებიც აქვთ. კლდის დარბაზების მორთულობაში ვხვდებით, როგორც ქვის არქიტექტურისათვის დამახასიათებელ დეკორს, ასევე ხის ნაგებობათა ელემენტების იმიტაციებსაც.
კლდეში ნაკვეთ ქალაქში მდებარეობით, ნაგებობათა სიდიდით, არქიტექტურული საზეიმო ხასიათით გამოირჩევა შიდა ქალაქის შუა უბანი. ქვემო, სამხრეთის და ზემო, ჩრდილოეთის უბნები ბევრად მცირეა და როგორც ჩანს, უფრო სამეურნეო დანიშნულებისაა.
საფიქრებელია, რომ ციტადელის გარეთ, მის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ მხარეს, ზღუდისა და თხრილის გადაღმა, კლდეში გამოკვეთილ მოზრდილ ტერასებზე აგებული იყო ქვისა და ხის სახლები, სადაც შუა უბნის მცველები და მსახურები ცხოვრობდნენ.
შუა უბანს უჭირავს ქალაქის უმეტესი ნაწილი. უბანს ორ არათანაბარ ნაწილად ყოფს მის ცენტრში გამავალი მთავარი ქუჩა. მთავარი ქუჩიდან დასავლეთით მაღალ ნაპირამდე, ბაქნებზე და განივ ქუჩებზე ტერასულად განლაგებულია ნაგებობები, რომლებიც ერთმანეთს უკავშირდება კიბეებით. სწორედ ესენია ყველაზე მნიშვნელოვანი კლდეში ნაკვეთი ნაგებობები. თითოეული მათგანი შორიდანვე ჩანს და ერთად შთამბეჭდავ ანსამბლს ქმნის.
პირველ, განივ ქუჩაზე სადა ოთახების მწკრივია, რომლებსაც მოსდევს შეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი. ქუჩის ბოლოში კესონებიანი დარბაზის კომპლექსია. პირველი ქუჩის კუთხესა და მთავარ ქუჩას შორის ორი მცირე სადა ოთახი და დიდი საცხოვრებელი სახლია. სახლის ეზოს სიღრმეში, ქუჩის პირდაპირ, კამარით გახსნილი დარბაზია, დარბაზის უკან - დახურული ოთახი. ეზოს ორივე მხარეს კი ორ-ორი ოთახია. ამ სახლის გვერდით შემორჩენილია დიდი დარბაზის იატაკი და ორი კედელი. დარბაზის ზევით ვერტიკალური კუთხოვანი კლდის სიბრტყეში, მცირე, გამოქვაბულივით გახსნილი ოთახია. შუა უბნის მთელ სიგანეზე ხელოვნურად მოსწორებული დიდი ბაქანია, რომელზეც აღმართულია ორსვეტიანი და ოთხსვეტიანი დარბაზების რთული კომპლექსი. დარბაზებს შორის მთავარ ქუჩისკენ ფართოდ გაშლილი სამკუთხა ეზოა. ბაქნის დასავლეთით, ქარაფის პირას, ჩაქცეული დარბაზის დიდი თაღია შემორჩენილი. ბაქნის სამხრეთ ნაწილში რამდენიმე დარბაზის კედლის ძირი და ქუჩაა. ბაქნის სამხრეთ ნაპირიდან სანახაობათა კომპლექსის ფრონტონამდე, აქედან კი ღია დარბაზის ეზომდე, გაჭრილია კიბეებიანი მოკლე კლდეკარი. ღია დარბაზის ბანი სატაძრო დიდი ბაქნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეა.
ოთხსვეტიანი დარბაზის ბანის დონეზე, ხელოვნურად მოსწორებულ ბაქანზე, ერთსვეტიანი დარბაზი და ალიზის მოხატულოთახიანი სახლია, ქარაფის პირას კი - XIII-XIV საუკუნეების ეკლესიები. ბაქნის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში მთავარი ქუჩიდან ამოსასვლელი კიბეა, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში - ციტადელის უმაღლეს ადგილზე ასასვლელი კიბე. აქ დგას კოხტა სახლი. მის გვერდით ოთხკუთხა ბაქანია, რომელზეც ირგვლივ ამოკვეთილია ხის სვეტების ჩასადგმელი ფოსოები.
მთავარი ქუჩის ბოლოში მდებარეობს მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი. ქუჩა კი თითქოს შედის მის თავში მდებარე დიდი ნაგებობის წინა, ღია დარბაზში. დიდი ნაგებობის მეზობლად, ქუჩის პირას, აღმოსავლეთით მდებარეობს წითელი ოთახის კომპლექსი.
დიდი ეზოს ჩრდილოეთ მხარეს ორი ოთახია, მათ წინ - ღია დარბაზები. სამხრეთით კი დგას ეკლესია, რომლის ქვეშ ჩანს კლდეში ნაკვეთი ძველი ნაგებობის ნაწილები. ზემოდან მეორე ტერასაზე გრძელი ნაგებობაა, რომელსაც ფასადის ცენტრში ბურჯი აქვს. ამ ტერასიდან იწყება ღრმად ჩაჭრილი ღელეს (სიღრმე 10,2 მ) ვიწრო სათავე. ღელე თანდათან განივრდება, აღმოსავლეთით უხვევს, ზღუდის ქვეშ გადის და ფერდობზე იშლება. ღელეს ნაპირის გაყოლებით მთავარი ქუჩაა. გათხრამდე ღელეს ადგილას იყო ბორცვი. ღელე ამოვსებულია ფეოდალური ხანის მშენებლობის რამდენიმე პერიოდის ნანგრევებით. ღელეს ჩრდილოეთ ნაწილში აღმოჩნდა ანტიკური ხანის კლდეში ნაკვეთი დიდი დარბაზის ჩრდილოეთ ნაწილის იატაკი და კედლები. დარბაზი მთლიანად კლდეში არ უნდა იყოს გამოკვეთილი. გადახურვისათვის და ნაწილობრივ კედლებისათვისაც სხვა მასალაც უნდა იყოს გამოყენებული. იატაკში ამოჭრილი ბუდეები და ხის ნარჩენები მოწმობენ, რომ დარბაზს ხის გადახურვა ჰქონდა, ხოლო თხრილში და საერთოდ, შიდა ქალაქში ნაპოვნი ანტიკური კრამიტის ნატეხები გვაფიქრებინებს, რომ სახურავი კრამიტისა იყო. დარბაზის გადახურვა მთავარ ქუჩამდე აღწევდა. სავარაუდოა, რომ აქ იყო სასახლის რთული კომპლექსი, რომელშიც, ამ დარბაზის გარდა, შედიოდა მისი მომიჯნავე, მთლიანად კლდეში ნაკვეთი ნაგებობები: საკულტო ტაძარი მაყვლიანი და ღრმა სახლი.
შუა უბნის ფერდობზე, ღელედან ზღუდის კედლამდის, კიდევ რამდენიმე ნაგებობების ნაწილებია შემორჩენილი. ნაგებობებს კლდის ცოკოლები ჰქონდათ, კედლები კი სხვა მასალის იყო. შუა უბნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში მდებარეობს ამ უბნის კარიბჭე. განიერი პანდუსი (დაქანებული სიბრტყე კიბის მაგივრად) კლდის ძირიდან ამოდის შუა უბნის ქვემო ბაქანზე. ფეოდალურ ხანაში აქ სახლები ჩაუშენებიათ, რასაც დაუზიანებია პანდუსი. კარიბჭისკენ მიემართება განიერი, მოაჯირით შემოსაზღვრული გზა, რომელიც თხრილის გაღმა მდებარე კლდეშია ამოკვეთილი.
ციტადელის ტერიტორიაზე კლდეში ამოჭრილია არხების ხშირი ქსელი. გათხრების დროს ნაპოვნია ანტიკური კერამიკის მასალები, ხოლო უფლისციხიდან ოთხ კილომეტრზე, კვერნაქის ქედის ფერდობზე, „ავაზნების“ წყაროსთან - სათავე. ყოველივე ეს ადასტურებს უფლისციხეში წყალსადენის არსებობას. ეზოებში ამოკვეთილი მცირე ღრმულები ქანობისაკენ გაჭრილი არხით, აგრეთვე კლდეკარში და მთავარ კარიბჭეში ამოჭრილი ღრმა არხები მოწმობს წყალსაწრეტი სისტემის არსებობასაც. ორივე ქსელი უმთავრესად გაყვანილი იყო ქუჩებში. სავარაუდოა, რომ არხს თლილი ქვის ფილა ეფარა და ქუჩის ზედაპირი არ იყო დარღვეული. შუა უბანი ქვემო უბნიდან გამოყოფილია მთავარი კარიბჭის კედლით და დაბალი კლდით.
ქვემო უბნის აღმოსავლეთ ნაწილში მთელ სიგანეზე, შიდა ქალაქის ყველაზე დაბალ ადგილას, ხელოვნურად მოსწორებული, ჩრდილო-დასავლეთიდან და დასავლეთიდან კლდით შემოსაზღვრული მოედანია. მოედანზე მდინარე მტკვრის ნაპირიდან ამოდის ვიწრო კლდეკარი, რომელიც კლდეში ღრმად არის ჩაჭრილი, შიდა ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში იწყება, აღმოსავლეთისკენ მიემართება და ამოდის მოედანზე. მოედნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, შუა უბანთან, ფერდობზე შემორჩენილია კლდეში ნაკვეთი ნაგებობების კედლების ქვედა ნაწილები. სავარაუდოა, რომ აქ თავდაპირველად კლდეში ამოკვეთილი იყო მხოლოდ ცოკოლები, კედლები კი სხვა მასალით იყო აშენებული. ქვემო უბანში მხოლოდ სამი, მთლიანად კლდეში გამოკვეთილი ნაგებობაა. ფერდობის ზედაპირიდან ჩაღრმავებული უბნის დასავლეთ მონაკვეთში, ქარაფის პირას, ეზოიანი სახლია.
სახლის ბანის დონეზე ამოჭრილია შუა უბანთან დამაკავშირებელი მეორე გასასვლელი. უბნის ჩრდილოეთ მონაკვეთში, მოედნის პირას, გაჭრილია ქუჩა, რომელიც დასავლეთისკენ მიემართება. ქუჩის ორივე მხარეს, ერთი მეტრის სიმაღლეზე ჩამწკრივებულია მცირე, დაბალი სათავსები, რომლებიც გადახურული ყოფილა კამარებით, არა ჰქონიათ წინა კედელი, ისინი დახლების შთაბეჭდილებას ახდენენ. უბნის სამხრეთ მონაკვეთში დიდი დარბაზია, მას ფაქიზად თლილი კიბე აქვს. ამ დარბაზიდან იწყება მდინარე მტკვარზე ჩასასვლელი გვირაბი. ზემო უბანი შუა უბანზე განიერია. იგი საცხოვრებლად ყოფილა განკუთვნილი. უბნის დასავლეთ მონაკვეთში შემორჩენილია ნაგებობათა ნაშთები.
კლდეში ნაკვეთი ქალაქის მთელი კომპლექსის მშენებლობაში ნათლად გამოიყოფა ორი ძირითადი სამშენებლო პერიოდი: თავდაპირველი პერიოდი, რომლისათვისაც დამახასიათებელია კლდის ანსამბლის რაციონალური გამოყენება, მრავალოთახიანი ეზოიანი სახლების გეგმის დახვეწილი ორგანიზაცია, დიდი ოთახები და მეორე სამშენებლო პერიოდი, რომელიც შიდა ქალაქის ნაწილობრივი ნგრევის, რამდენჯერმე გადაკეთებისა და მთელი ტერიტორიის კაპიტალური რეკონსტრუქციის შედეგია. ამ პერიოდში განსხვავებულია სამშენებლო მასალა, კონსტრუქცია, წყობის, შესრულების ხასიათი, კლდის ზედაპირის დამუშავება.
ანტიკური ხანის ყველა ღია დარბაზი ხის კოჭოვანი კონსტრუქციით გაყოფილია ორ სართულად. ქვედა ნაწილი გადაკეთებულია მთავარ ოთახად. მისი ფართობი გაზრდილია ქვის კედლებით. ამ ოთახის ბანზე, ღია დარბაზის სივრცეში მოწყობილია ლოჯია, მის წინ კი აივანი. ოთახების გაფართოების მიზნით უხეშად არის ჩაჭრილი კლდეში ნაკვეთი საზეიმო არქიტექტურა. კედლები დამახინჯებულია უსწორო თახჩებით, ბუხრებითა და ხვრელებით. იატაკში მრავალი სამეურნეო, საწარმოო და სამშენებლო ორმო, ბუდე და თონე-კერაა ამოჭრილი. მთავარი ოთახის წინ დამხმარე სათავსების ასაშენებლად გამოყენებულია კლდე. ქვევით, ველზე, კლდეში ამოკვეთილია საწნახლები და სამეურნეო სათავსები.
უფრო გვიანდელი სამშენებლო ფენები შიდა ქალაქის მთელ ტერიტორიაზე არ ვრცელდება და მათ შემთხვევითი, არაორგანიზებული ხასიათი აქვთ.

უფლისციხეგრძელი ნაგებობა მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბნის ცენტრში, საგანგებოდ მოსწორებულ ტერასაზე. დამხრობილია სამხრეთისკენ. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. როგორც არქიტექტურული თემით, ისე ყოველი დეტალით, მიეკუთვნება უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ანსამბლის ძირითად სამშენებლო პერიოდს; ამავე დროს გამოირჩევა ფასადის ორიგინალური კომპოზიციით და ზოგიერთი არქაული ელემენტით.
გრძელი ნაგებობა შედგება მწკრივად განლაგებული ოთხი ნაწილისაგან. თითოეული მათგანი წარმოადგენს უფლისციხის ანსამბლის შენობებისათვის მიღებული გეგმარების უმარტივეს ვარიანტს - წინ ღია დარბაზია, მის უკან კი უფრო მცირე და დაბალი ოთახი. სათავსების ეს მარტივი განლაგება შეკრულია ერთიან, რთულ არქიტექტურულ კომპოზიციად. მასში ჩართულია ნაგებობების წინ მდებარე მოედანიც.
გრძელი ნაგებობა მხოლოდ ერთი ფასადითაა გამოვლენილი. იგი მთლიანად ამოკვეთილია კლდეში (შიდა ზომები 25,5 X 10 მ, სიმაღლე 7,5 მ; ზომები ეზოთი - 28,75 X 22,5 მ); შენობა დაზიანებისა და მრავალჯერ გადაკეთების შედეგად სახეშეცვლილია, გამოფიტულია. სრულიად დანგრეულია აღმოსავლეთის განაპირა დარბაზი, მის უკან მდებარე ოთახის წინა კედელი, დასავლეთის განაპირა ღია დარბაზისა და ბრტყელჭერიან დარბაზს შორის მდებარე განივი კედელი; ფრონტონის აღმოსავლეთი ნაწილი დარბაზულია. ეს ადგილი შესუსტებულია XVI-XVII საუკუნეებში. გაჭრილია საკვამლე მილიც. ამავე საუკუნეებში გრძელი ნაგებობა საცხოვრებლად გამოუყენებიათ და ოთახების კედლებში ამოუკვეთიათ თაროები, იატაკში კი - სხვადასხვა დანიშნულების ორმოები. დასავლეთის განაპირა ღია დარბაზის განივ კედლებში ამოუჭრიათ კოჭების ჩასადგმელი ბუდეები. უხეში თლით საგრძნობლად არის ამაღლებული კამარა, რომელშიც თახჩებია გამოკვეთილი. ღია დარბაზები გაყოფილია ორ სართულად. ქვემოთ დიდი ოთახია, რომელიც ღია დარბაზის ფასადის წინ გამოდის. მის გადახურვაზე (კამარის ფარგლებში) ლოჯიაა წინ აივნით. ამავე ხანაშია ამოშენებული საფასადო კედელიც. ნაგებობის ცენტრში მდებარე ღია, ბრტყელჭერიანი დარბაზებია. მოგვიანებით არის აშენებული რამდენიმე ოთახი (სემორჩენილია კედლების ფრაგმენტები).
შენობის კომპოზიციის ცენტრს წარმოადგენს ორი განიერი ბრტყელჭერიანი ღია დარბაზი (დაახლოებით 4 X 6 მ), რომელთა ორივე მხარეს ღია კამაროვანი დარბაზებია. ოთხივე ღიადს აერთიანებს მძიმე ფრონტონი. ფრონტონის კეხის ქვეშ ოთხკუთხა კვეთის ბურჯი ყოფს ბრტყელჭერიან დარბაზებს და წარმოადგენს ფასადის კომპოზიციის ცენტრალურ ვერტიკალს. მთელ კომპოზიციას ჰკრავს ეზოს შუა ნაწილი - შემაღლებული ბაქანი. ბრტყელჭერიანი დარბაზი გაშლილ მოედანზეა აღმართული, კამაროვანი დარბაზების იატაკი და ეზოები უფრო დაბალია. მოედანსა და ვიწრო ეზოს ფაქიზად თლილი საფეხურები აკავშირებს, ამგვარადვე დამუშავებული ცოკოლი გასდევს კამაროვანი დარბაზების ფასადებსა და ეზოების გარეთა კედლებსაც. დასავლეთ ეზოში შემორჩენილია კლდეში ამოკვეთილი წყალსაწრეტი ღარის სათავე, რომელიც ანტიკურ ხანაში თლილი ქვის ფილებით იყო გადახურული. სამეურნეო თუ საოჯახო საქმიანობისათვის განკუთვნილი სხვა ადგილები გრძელი ნაგებობის ეზოებსა და სათავსებში არ არის. ცენტრალური დარბაზების უკან მოთავსებულია მცირე ზომის (4,4 და 3,8 კვ. მ) უფორმო, გამოქვაბულის მსგავსი სათავსები. სათავსების კედლებთან კლდეში ამოკვეთილია „ტახტები“, რომლებიც კიდევ უფრო ამცირებენ იატაკის ფართობს. სათავსების იატაკი ღია დარბაზების იატაკიდან რამდენიმე საფეხურითაა ამაღლებული. კამაროვანი დარბაზების უკან ზუსტი გეომეტრიული ფორმის მოზრდილი ოთახებია, რომლებსაც კარგად გამოყვანილი კუთხეები, გლუვად დამუშავებული ბრტყელი ჭერი და კედლები აქვთ. კედლებში ღრმა, სწორად გამოსადეგი ნიშები და მცირე თახჩებია ამოკვეთილი. ნაგებობის ბანზე ქრისტიანული ეკლესია დგას.

უფლისციხედასავლეთის ეკლესია მდებარეობს შიდა ქალაქის დასავლეთით, ქარაფის შუაწელზე. ეკლესია უშუალოდ არ უკავშირდება შიდა ქალაქს. ნაგებობასთან მისასვლელი ბილიკი კლდის მასივის დასავლეთით, სოფელ უფლისციხიდანაა. ეკლესია თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით (სავარაუდოა, რომ ეკლესიად გადაკეთებულია ელინისტური ხანის ნაგებობა).
კლდეში ნაკვეთი მცირე ზომის ეკლესია (3,4 X 2,8 მ, სიმაღლე 3 მ) გარედან არ არის გამოვლენილი. ოთხკუთხა, თაღოვანი კარი დასავლეთითაა. კარის თავზე მრგვალი სარკმელია. დარბაზი განიერი და მოკლეა (2,8 X 1,75 მ). აფსიდი აღმოსავლეთისაკენ ფართოვდება. აფსიდის აღმოსავლეთი კედელი სწორხაზოვანია, კუთხეები - მომრგვალებული. კედელიც და კუთხეებიც გაფორმებულია სწორხაზოვანი, სადა ბაზისებით და კაპიტელებით. კარის პირდაპირ აფსიდის აღმოსავლეთ კედლის ცენტრში ამოკვეთილია მაღალი (1,25 მ) სწორკუთხა საკურთხეველი, რომლის იატაკი დარბაზის იატაკიდან ამაღლებულია 0,75 მ-ით. საკურთხევლის ზემოთ, მთელს საკურთხევლის სიგანეზე, თაღოვანი ნიშია. მეორე ნიში ჩრდილოეთ კედელშია. საკურთხეველი, აფსიდის იატაკი, მისი საფეხურები, ბაზისები და თახჩები კარგად არის დამუშავებული, მათი ზედაპირი გლუვია. კაპიტელები და ეკლესიის დანარჩენი ნაწილები არასწორხაზოვანია, ზედაპირი უხეშადაა დამუშავებული. ეკლესია გადახურულია ბრტყელი კამარით. ნაგებობის წინ კლდის უსწორმასწორო, ვიწრო ბაქანია, რომელიც XX საუკუნის დასაწყისში გადაუხურავთ.

დიდეზოიანი სახლი მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბნის ცენტრში, მთავარი ქუჩის დასავლეთ კიდეზე, თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. დიდეზოიანი სახლის (30 X 20,5 მ) ოთახების სამივე ჯგუფი მთლიანად კლდეშია ამოკვეთილი. იგი წარჩინებულთა საცხოვრებელი უნდა ყოფილიყო. შენობა დაზიანებულია: გამოფიტულია კედლებისა და გადახურვის ზედაპირი. არ შემორჩენილა ეზოს სამხრეთით და ჩრდილოეთით მდებარე ოთახების წინა კედელი, ჩრდილოეთ ოთახის გამყოფი კედლები, სამხრეთ ოთახების აღმოსავლეთ კედელი და გადახურვა, ეზოს სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხე მთლიანად, ღია დარბაზისა და მის უკან მდებარე ოთახის გამყოფი კედელი. ნაგებობას ეტყობა მრავალი გადაკეთებისა და შეკეთების კვალი. XVII საუკუნეში ჩატარებული გადაკეთებით შენობა იქცა სოფლის ოჯახის საცხოვრებლად. მიუხედავად მრავალი სახეცვლილებისა კომპლექსს მაინც აქვს შენარჩუნებული ძირითადი არქიტექტურული სახე.
უფლისციხესახლის ოთახები განლაგებულია დიდი ეზოს სამ მხარეს და ასიმეტრიულია შენობის მთავარი ღერძის მიმართ. კომპლექსის წამყვანი ელემენტია ღია დარბაზი (4,8 X 3,85 მ), რომელიც აღმოსავლეთით, ქუჩიდან ეზოში შესასვლელის პირდაპირ მდებარეობს. იგი საზეიმო თუ სარიტუალო დანიშნულებისა უნდა ყოფილიყო. დარბაზი შედგება მაღალი კამაროვანი ოთახისგან. ოთახს ფასადის კედელი არა აქვს და გახსნილია თაღოვანი ღიობით, რომლის ორივე მახარეს, ეზოს კუთხეებში, ამოყვანილია მაღალი, კონქით გადახურული ნიშები. დარბაზის ცენტრში ამოკვეთილია გულდასმით დამუშავებული წრიული ფორმის ორმო (დიამეტრი 1,96 მ, სიღრმე 0,15 მ), რომელიც სარიტუალო დანიშნულებისა უნდა იყოს. გადაკეთების დროს ღია დარბაზი ხის სართულშუა გადახურვით გაუყვიათ ორ სართულად (გრძივ კედლებზე შემორჩენილია კოჭების ჩასადგმელი ოთხ-ოთხი ბუდე). პირველ სართულზე გაუკეთებიათ დიდი ოთახი (7 X 7,4 მ), რომლის ფართობის გადიდების მიზნით შეუღრმავებიათ დარბაზის გრძივი კლდის კედლები და დარბაზის ფასადის წინ გადაუტანიათ ქვით ნაშენი კედელი. მეორე სართულზე, ღია დარბაზის ფარგლებში, ლოჯიაა, ლოჯიის წინ - ღია აივანი.
ღია დარბაზის უკან მასზე დაბალი, ბრტყელჭერიანი კვადრატული ოთახია (4,85 X 4,75 მ), რომელიც დარბაზს კარით უკავშირდებოდა (შემორჩენილია კარის წირთხლის კვალი). ოთახის ჭერი წარმოადგენს კლდეში ამოკვეთილი ხის კოჭოვანი გადახურვის მობაძვას. ოთახს სიგანეზე ორად ყოფს თავხე, რომელზედაც, გრძივი ღერძის მიმართულებით, გამოკვეთილია მოკლე კოჭების წყობა. ოთახის ოთხივე კედელზე ამოკვეთილია პროფილირებული შემკვრელი ლავგარდანი, რომელზედაც „კოჭების“ ბოლოები აწყვია.
ეზოს სამხრეთით და ჩრდილოეთით ორ-ორი ოთახია. ისინი უფრო დაბლებია, ვიდრე ღია დარბაზი. ჩრდილოეთ მხარის, ერთი-მეორის გვერდით განლაგებულ ოთახებს შესასვლელი ეზოდან აქვთ. აქედან დასავლეთისას კიდევ აქვს ღია დარბაზთან დამაკავშირებელი კარი (დარბაზის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეში). ორივე ოთახი კლდეში ნაკვეთი კამარითაა გადახურული. სამხრეთ მხარის ოთახებიდან ერთ ოთახს (დასავლეთისას) აქვს ეზოდან შესასვლელი. მეორე (სამხრეთის) ოთახში, პირველ ოთახთან დამაკავშირებელი კარის გარდა, კიდევ არის ერთი კარის კვალი აღმოსავლეთ კედელში. ორივე მხარის ოთახების კლდის დანგრეული კედლები XVII საუკუნეში აღუდგენიათ წყობილი ქვით. ჩრდილოეთ მხარის დასავლეთ ოთახში ჩაუდგამთ ექვსი ღვინის ქვევრი, რომლებიც კირის ხსნარითაა გამაგრებული. ეზო ქუჩიდან კლდის ღობით იყო შემოღობილი. ეზოს ირგვლივ, კედლებთან, ამოკვეთილია განიერი ცოკოლი-სკამი. კომპლექსის მთელ ტერიტორიაზე სხვადასხვა დროს ამოკვეთილი მრავალი ორმო (თონეების, ქილების, საქსოვი დაზგების ჩასადგმელი) და ბუდეა (ხის ბოძებისა და ღობის სარების ჩასამაგრებელი).

უფლისციხედიდი ნაგებობა, მთავარი ქუჩის თავში მდებარე ნაგებობა, მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბანში, მის ჩრდილოეთით და კეტავს მთავარ ქუჩას. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. მასში გაორკეცებილია ამ დროს მიღებული არქიტექტურული კომპოზიცია (ფასადის მხარეს გახსნილი დარბაზია, მის სამივე მხარეს კი უფრო მცირე და დაბალი დახურული ოთახები).
უფლისციხის ნაგებობათა შორის დიდი ნაგებობა (16,2 X 18,5 მ) გეგმით ყველაზე რთულია. კომპლექსი სიმეტრიულადაა განვითარებული. შენობის გარეთა მასები მხოლოდ სამხრეთ ფასადითა და ბანით არის გამოვლენილი. გეგმის გაორკეცების გარდა, ამ ნაგებობის თავისებურებას წარმოადგენს მის წინ მდებარე ბაქანი, რომელიც გვერდებიდან შემოსაზღვრულია კლდეში ნაკვეთი განივი კედლებით. ნაგებობაც მთლიანად ამოკვეთილია კლდეში. შენობა გამოფიტული და დაზიანებულია - შემორჩენილი გვიანდელი ქვის კედლების მაქსიმალური სიმაღლე 1,2 მეტრია; საავარიო ბზარებია გაჩენილი გვერდის ოთახების გადახურვაში, დანგრეულია ნაგებობის ფასადი, მთავარი დარბაზის გადახურვა; დარბაზის სამივე ნხარეს განლაგებული ოთახების წინა კედლებს, უკანა ოთახების სესასვლელებს დაკარგული აქვთ პირვანდელი სახე, კედლების ქვედა ნაწილი განზრახ ამოტეხილია. შემორჩენილია ელინისტურ ხანაში დამუშავებული კედლებისა და ჭერის მცირე ფრაგმენტები. ნაგებობა ფეოდალურ ხანაში მრავალჯერ გადაუკეთებიათ: შენობაში ჩაშენებული სხვადასხვა წყობის ქვის კედლები ნაგებობას პატარა ოთახებად ყოფს. კლდის კედლები ჩათლილი და შეღრმავებულია. გაჭრილია ბუხრის საკვამლე მილები, თახჩები და გადახურვის კოჭების ბუდეები. იატაკი გაცვეთილია. მასში ამოკვეთილია თონებიის, ქვევრებისა და დაზგების ჩასადგმელი ორმოები.
დიდი ნაგებობის ცენტრს წარმოადგენს სწორკუთხა ღია დარბაზი (8,1 X 10,4 მ, სიმაღლე 5,5 მ). დარბაზის ფასადისაგან შემორჩენილი რამდენიმე დეტალი ადასტურებს, რომ იგი გახსნილი იყო გრძელი და დაბალი არქიტრავით გადახურული ღიადით (სიგრძე 10,4 მ, სიმაღლე 2,35 მ), რომელსაც უთუოდ ექნებოდა შენობის ღერძის მიმართ სიმეტრიულად განლაგებული ორი საყრდენი. ფასადის ასეთი გადაწყვეტაც ამ ნაგებობის თავისებურებას წარმოადგენს. დარბაზის განივი ღერძის დასავლეთ ბოლოში, მოგვიანებით აშენებული ქვის კედლის ქვეშ, გამოჩნდა იატაკიდან ამოწეული კლდის მასივი, რომელიც გადახურვის საყრდენის ძირი უნდა იყოს. უნდა ვიფიქროთ, რომ ღერძის აღმოსავლეთ ბოლოშიც ასეთივე საყრდენი იყო. ფასადის განაპირა კუთხეებთან, კედელში ერთიმეორის პირდაპირ ამოკვეთილია ღრმა, ოთხკუთხა, ბრტყელჭერიანი ნიშები. ღია დარბაზში გადახურვის შემორჩენილი ნაწილების მიხედვით შეიძლება ითქვას, რომ მისი გადახურვაც ბრტყელი ყოფილა. აღმოსავლეთ ოთახის ჭერის ვიწრო მალის მიმართულებით ჩანს ერთმანეთთან ახლოს განლაგებული ბრტყელი, ორსაფეხურიანი „კოჭები“ და კედლის შემკვრელი ლავგარდანი. სწორკუთხა პროფილის ლავგარდანს შუა ნაწილში გასდევს ლილვი.
ფასადის წინ, კლდეში, ჩაკვეთილია განიერი ღრმული (ამჟამად სახეშეცვლილია); შესაძლებელია აქ ქუჩიდან ნაგებობასთან მისასვლელი საფეხურები იყო. ღია დარბაზის სამივე მხარეს უფრო მცირე და დაბალი სწორკუთხა ოთახებია. უკანა ოთახის სამივე მხარესაც მცირე და დაბალი სათავსებია. მათ შორის დასავლეთისას ნახევარსფერული ჭერი აქვს და გეგმით წრიულია. დანარჩენი ოთახების ჭერი ბრტყელია.
დიდი ნაგებობის ბანი წარმოადგენს შიდა ქალაქის ზედა უბნის ტერასას, რომელზეც კლდეშივე ნაკვეთი სახლის ნაწილებია შემორჩენილი.

უფლისციხეერდოიანი სახლი მდებარეობს ქალაქის შუა უბნის აღმოსავლეთით, ფერდობზე, აგურით ნაგებ ეკლესიასთან. თარიღდება ფეოდალური ხანით. ნაგებობა დაზიანებულია - დანგრეულია დერეფნის კედლის (0,5 მ) მნიშვნელოვანი ნაწილი, აკლია ამაღლებული საფეხურის სამხრეთ მონაკვეთი.
კლდეში ამოკვეთილი ერდოიანი სახლის გეგმა არაწესიერი ფორმისაა. შედგება მცირე ზომის მოგრძო ოთახისა (3,9 X 3,2 მ) და მცირე დერეფნისაგან (მთლიანი ზომები 6,8 X 4 მ). კლდის კედლები უხეშად არის დამუშავებული. ოთახს შესასვლელი დერეფნიდან აქვს. შესასვლელის წინ (0,67 მ-ზე) გულდასმით დამუშავებული მსხლის მოყვანილობის ჩაღრმავებული ადგილია. იატაკში გაჭრილია ვიწრო ღარი, რომელიც აღმოსავლეთ კედელში ამოკვეთილ მრგვალ ხვრელამდის გრძელდება. დერეფანი ოთახს აღმოსავლეთით გაჭრილი კარით უკავშირდება. კარების ჩრდილოეთით, კედელში, გაჭრილია მრგვალი საკვამური. კედლებში ამოკვეთილია მცირე თახჩებიც, იატაკში - გვიანდელი ფეოდალური ხანის სასულიანი თონე და სხვადასხვა დანიშნულების მცირე ორმოები. ოთახის დასავლეთ მონაკვეთში გადაკეთებულია რთული კონტურის კარგად დამუშავებული ბაქანი, რომელიც იატაკიდან 0,2 მეტრითაა ამაღლებული. ბაქანზე რამდენიმე მცირე ორმოა ამოჭრილი. ერდოიანი სახლი გადახურულია არაწესიერი ფორმის კამარით, რომელიც იატაკიდანვე იწყება. გადახურვის ცენტრში ამოკვეთილია გულდასმით დამუშავებული ერდო, რომელიც შიგნიდან წრიულია, ბანის მხარეს - სამყურა ფორმის.

ერთსვეტიანი დარბაზი მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბნის დასავლეთ მონაკვეთში, ხელოვნურად მოსწორებულ ტერასაზე. თარიღდება XIII-XIV საუკუნეებით. სავარაუდოა, რომ იგი ანტიკური ხანის ნაგებობიდან არის გადაკეთებული, რასაც მოწმობს აქ შემორჩენილი ზოგიერთი დეტალი.
ოთხკუთხა დარბაზი (შიდა ზომები ნიშის გარეშე 6,25 X 5 მ) ამოკვეთილია კლდეში. მისთვის დამახასიათებელია ინტერიერის გეგმის, გადახურვის, დეკორატიული ელემენტების უსწორმასწორობა, კლდის ზედაპირის უხეში დამუშავება. განსხვავებულია სამხრეთ და აღმოსავლეთ ფასადები, ბანი და ინტერიერის გადახურვის ზოგიერთი ადგილი, რომლითაც სწორხაზოვნება და ზედაპირის გლუვი დამუშავება ახასიათებს. ნაგებობა დაზიანებულია: დიდი ნიშის წინ ჩანგრეულია იატაკი; დარბაზის სამხრეთ მონაკვეთი გამოფიტულია და დასერილია ნაპრალებით; არ შემორჩენილა ჩრდილო-დასავლეთის კუთხის პილასტრი, გათხელებულია (0,1-0,15 მ-ით) ჭერის სამხრეთ მონაკვეთი. დარბაზს შესასვლელი აღმოსავლეთ კედლის ბოლოში აქვს. კარი სწორკუთხაა, შემოვლებული აქვს სადა არქივოლტი. შესასვლელთან, ჩრდილოეთ კედელში დიდი ზომის გულდასმით დამუშავებული ნიშია, რომელიც აფართოვებს დარბაზს. ნიშს აქვს ბრტყელი გადახურვა, რომელიც შეწყვილებული ფესტონებით გადადის გვერდით კედლებზე. დარბაზის ინტერიერი გაფორმებულია რთულად - ქვის კონსტრუქციისა და დეკორატიული ელემენტების იმიტაციით. შენობის შიგნით აღმართულ ერთადერთ სვეტზე გადაყვანილი თაღები დარბაზის სივრცეს ოთხ არათანაბარ ნაწილად ყოფს. სვეტიდან ოთხივე კედელზე გადადის
 უფლისციხეკამარის შემკვრელი ორმაგი თაღები, რომლებიც პილასტრებს ეყრდნობიან. მხოლოდ აღმოსავლეთ თაღი ეყრდნობა პილასტრის ზემოთ მოთავსებულ კონსოლს. შუა პილასტრიდან კუთხეების პილასტრებზე გადაყვანილია კედლის მოსართავი თაღები. სვეტისა და პილასტრების კვეთი შეესაბამება მათზე დაყრდნობილი თაღების კვეთს. კაპიტელების პროფილს შეადგენს ლილვი და ჩაკვეთილი თარო. კუთხეების პილასტრების კაპიტელები გამარტივებულია. იგი სწორკედლიანი, დაუდევრად ამოყვანილი თაროა. დარბაზის სამხრეთ კედელში ამოკვეთილია ორი სარკმელი. სარკმლები შიგნით ოთხკუთხაა, გარეთ ვიწროვდება და გადახურულია კამარით.
დარბაზი ჩრდილოეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება მცირე ზომის (1 X 1,6 მ) ბნელ სათავსს, რომლის იატაკში ამოჭრილია გაურკვეველი დანიშნულების მცირე ბაქნები და ღარები. დარბაზს აქვს აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადები და ბანი. მთავარი (აღმოსავლეთ) ფასადის ცენტრში ფაქიზად ამოკვეთილი თახჩაა, რომელსაც უჭირავს ფასადის ერთი მესამედი. თახჩა კლდის ვერტიკალური ტიხრით ორად იყოფა. დარბაზს ოთხივე ნაწილში ამოკვეთილი სხვადასხვა სახის გადახურვა აქვს. წინა ორ ნაწილში ბრტყელი კამარაა, ჩრდილო-დასავლეთ მონაკვეთში - შეკრული აფრების მსგავსი. სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში სახეშეცვლილია ბუხრით, რომელიც მოგვიანებით გადაკეთების დროს გამოუჭრიათ.
დარბაზი მოგვიანებით გამოუყენებიათ საცხოვრებლად. საუკუნეთა მანძილზე კედლებში ამოუჭრიათ უსწორო ფორმის თახჩები, იატაკში თონეებისა და საქსოვი დაზგების ჩასადგმელი ორმოები. სამხრეთ კედლის ბოლოში გაუმართავთ ბუხარი, ჭერში ამოკვეთილი საკვამლე მილით. აღმოსავლეთ ფასადის პარაპეტში ამოუჭრიათ კოჭების ბუდეები. სავარაუდოა, რომ დარბაზის წინ ხისგადახურვიანი აივანი იყო.
დარბაზის აღმოსავლეთ ფასადის წინ მოზრდილი ეზოა (6,25 X 10,75 მ), რომელსაც აღმოსავლეთით კლდის სწორხაზოვანი, გლუვი კედელი საზღვრავს, ჩრდილოეთით 3,5 მეტრით დაბლა, ემიჯნება მაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი, სამხრეთით შემორჩენილია განვითარებადი ფეოდალური ხანის ქვით ნაგები კედლის ფრაგმენტი, რომლის ქვეშაც ჩანს ანტიკურ ხანაში დამუშავებული კლდის ნაწილი.

უფლისციხეკესონებიანი დარბაზი, ცენტრალური კომპლექსი, მდებარეობს ნაქალაქარის სამხრეთ-დასავლეთ კიდეზე. თარიღდება ახ. წ. I საუკუნით. დარბაზის შუა, დიდი (დაახლოებით 4,5 X 4,5 მ), საზეიმო დარბაზი სამხრეთისკენ მთლიანად ღიაა, გადახურულია ნახევარწრიული კამარით. კამარის გარეთა პირი დასრულებულია ზუსტად გამოყვანილი ორფერდა ფრონტონით, შიდა პირი კი, რომაული არქიტექტურის ძეგლების მსგავსად, შემკულია რვაწახნაგა რელიეფური კესონებით. კესონებს შორის კვადრატებია ჩასმული. დარბაზი სამ მხრიდან გასასვლელებით უკავშირდება მცირე ზომის სადა დამხმარე სათავსებს. კომპლექსის წინ ერთი საფეხურით დაწეული პატარა ეზოა, რომელიც კიდევ უფრო დაბალ ეზოში ჩადის. პატარა ეზოს აღმოსავლეთ კიდეზე და სამხრეთით, ხრამის გაყოლებაზე, კლდეში ამოკვეთილია პარაპეტი ღრმა და დაბალი ჩამოსაჯდომით.

კოხტა სახლი მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბანში, მის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, ქარაფისპირა ტერასაზე. თარიღდება ადრინდელი ანტიკური და ელინისტური ხანის მიჯნით. კოხტა სახლი (11,15 X 6,5 მ) მთლიანად კლდეშია ამოკვეთილი. შენობა უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ანსამბლის თვალსაჩინო ნაგებობაა. ნაგებობა დაზიანებულია. შემორჩენილია ღია დარბაზის გვერდითი კედლების ქვედა ნაწილები, გადახურვის კამარის ჩრდილო-დასავლეთის კუთხე, წინა ოთახის ფასადის კედლის ზედა კუთხეები; კედლები ჩამოტეხილი და გამოფიტულია. შემორჩენილი ფრაგმენტებიც დაზიანებულია. შენობა მრავალჯერ გადაუკეთებიათ: ოთახის კედლებშიუფლისციხეამოუკვეთიათ უსწორო თახჩები, ოთახების იატაკსა და ეზოში ამოუთხრიათ სხვადასხვა დანიშნულების ორმოები და ხის ბოძებისა და ღობის ჩასადგმელი ბუდეები.
კოხტა სახლი შედგება ღია დარბაზისა და ორი ოთახისაგან. სამივე სათავსი განლაგებულია ერთ ღერძზე, ერთმანეთის უკან. კლდის ზედაპირი დამუშავებულია კარგად. დეკორად გამოყენებულია ხის და ქვის კონსტრუქციების იმიტაცია. შენობა უფლისციხის ანსამბლის ნაგებობათა შორის გამოირჩევა გარეგანი იერით. იგი მარტივი კუბის ფორმისაა, რასაც ქმნის მთავარი ფასადის თაღის ღიობი, დანარჩენი ფასადების სადა სიბრტყეები და ბანური დახურვა.
ღია დარბაზი უკანა ოთახებზე ბევრად მაღალი, სწორკუთხა, წაგრძელებული მოხაზულობისა ყოფილა, რაზეც მოგვითითებს კედლებისა და კამარის შემორჩენილი ნაწილები. დარბაზის თაღის ღიობი საზეიმო იერს აძლევს წინა ხედს. შენობის დანარჩენი ფასადები დამუშავებულია გლუვად. დარბაზის უკან მდებარე ორივე ოთახი ერთმანეთს შენობის ღერძზე გაჭრილი კარით უკავშირდება. წინა ოთახი მოგრძო სწორკუთხედია (6,3 X 3,2 მ), უკანა თითქმის კვადრატული (3,9 X 3,8 მ). ორივე ოთახის ჭერი ბრტყელია. წინა ოთახის ჭერი კლდეში ამოკვეთილი ხის კოჭოვანი გადახურვის კონსტრუქციის იმიტაციაა. კედლებს ზემოდან გასდევს პროფილირებული ლავგარდანი, რომელზედაც ორსაფეხურიანი „კოჭებია“ „დალაგებული“. ოთახის აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში ამოყვანილია თახჩები. ჩამონგრეულ სამხრეთ კედლის ზედა ნაწილზე შემორჩენილია ღია დარბაზიდან ოთახში შესასვლელის წირთხლის კვალი. კოხტა ოთახის წინა კლდეში ჩაჭრილი მოსწორებული მოზრდილი ეზოა, რომელიც ქარაფის პირას შემოსაზღვრული იყო პარაპეტით.

უფლისციხემაღალტახტიანი ოთახის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბანში, მთავარი ქუჩის დასაწყისში, მის დასავლეთ ნაპირას. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. კომპლექსი ხუთი ოთახისაგან შედგება. მათ შორის მთლიანად კლდეში გამოკვეთილია მხოლოდ მაღალტახტიანი ოთახი, რომელსაც შემორჩენილი აქვს პირვანდელი სახე. დანარჩენი ოთახების კედლები ნაწილობრივ კლდისაა და სხვადასხვა სიმაღლეზეა შემორჩენილი. ჩანგრეული აქვთ გადახურვებიც. შენობა პირველად ანტიკურ პერიოდშივე გადაუკეთებიათ. ფეოდალურ ხანაში ნაგებობა საცხოვრებლად გამოუყენებიათ და შემორჩენილი კლდის კედლები ქვის წყობით აღუდგენიათ, ზოგან კი ჩამოუთლიათ და შიგ ტლანქად ამოუჭრიათ კოჭების ბუდეები და თახჩები. იატაკში ამოუკვეთიათ ბოძების, ქვევრების, თონეებისა და ჩარხების ჩასადგმელი ორმოები.
მაღალტახტიანი ოთახი კვადრატულია (4,5 X 4,52 მ, სიმაღლე 3,35 მ), სწორკუთხა, მაღალი და განიერი შესასვლელი (2,25 X 1,5 მ) აღმოსავლეთ კედლის ცენტრშია. შიგნიდან შესასვლელის წირთხლები ჩაკვეთილია ირიბად, რაც აფართოებს ღიადს. ფასადის მხრიდან შესასვლელი თაღოვანია, შეწეული, სადა ტიმპანით მთავრდება. ოთახის ბრტყელი ჭერი მორთულია ორმაგად პროფილირებული კესონებითა და პროფილირებული ლავგარდნით. გრძივ კედლებთან გამოკვეთილია მაღალი ტახტები. მათი ნაპირები ლილვითაა მორთული. ინტერიერს ახასიათებს ყველა ზომისა და ხაზის სისუსტე, სიბრტყეების ფაქიზი დამუშავება. იგი უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ანსამბლის ძირითადი სამშენებლო ხანისათვის დამახასიათებელი ნაგებობის ნიმუშია.
მაღალტახტიანი ოთახი გამოვლენილია ფასადითა და ბანით. ფასადი წარმოადგენს კლდის სადა სიბრტყეს. მასში გაჭრილი კარი კომპლექსის წინა (მეორე) ოთახში გადის.
წინა (მეორე) ოთახი მაღალტახტიანზე უფრო განიერია (5,25 X 7 მ), წაგრძელებულია აღმოსავლეთისკენ. წინა ოთახის ჩრდილოეთით შემორჩენილია კლდის კედლის ძირი, რომლის დასავლეთ ბოლოში ჩრდილოეთ ოთახში გადასასვლელი კარია გაჭრილი. ეს კედელი მოგვიანებით ქვის წყობით აღუდგენიათ. სამხრეთ კედელი კლდისაა, მის აღმოსავლეთ ბოლოში ამოჭრილია გრძელი ვიწრო პატარა სათავსში (აუზი) ასასვლელი ერთი საფეხურით. სათავსის კედელში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის ნაწილები.
ჩრდილოეთ (მესამე) ოთახი მეორის ჩრდილოეთით მდებარეობს და მასზე უფრო მოკლეა (5,5 X 5 მ). ოთახის დასავლეთ ნაწილში იატაკი ერთი საფეხურით შემაღლებულია. დასავლეთ კედელში ამოკვეთილია ერთი ნიში. ორივე ოთახს თანაბარი დონის იატაკი აქვს. მათი საერთო, აღმოსავლეთ კლდის კედელი დაბალი (0,4 მ) და მოსწორებულია. მასში ორივე ოთახიდან გამოკვეთილია აღმოსავლეთით, შედარებით დაბალ დონეზე მდებარე სათავსში ჩასასვლელი. არც ერთი ჩასასვლელი კარის ხვრელი არ უნდა იყოს. იგი უფრო აბანოს საცეცხლურს - ღუმელს ჰგავს. სამხრეთ ოთახის იატაკში, ამ ჩასასვლელის წინ, ამოჭრილია ოთხკუთხა ორმო (სიღრმე 2 მ), რომელიც აღმოსავლეთ ოთახის იატაკამდე ჩადის. ორმოს საფეხურები არა აქვს და აქედან ოთახში შემოსვლა შეუძლებელია. ჩრდილოეთ ოთახის იატაკში კი, ჩასასვლელის წინ, ძაბრისებრი ღუმელია. ისიც უსაფეხუროა. ორივე ორმო საცეცხლური უნდა იყოს. სამხრეთ ოთახის საცეცხლური ამოშენებულია ანტიკური დროის ალიზით. როგორც ჩანს, იგი გაუუქმებიათ და ახალი საცეცხლური გაუმართავთ ჩრდილოეთ ოთახში.
ამ ოთახების აღმოსავლეთით მდებარე ქუჩისპირა სათავსის (მეოთხე ოთახი) იატაკი 2 მეტრით დაბალია. მისი სრული გეგმის აღდგენა, მრავალჯერ გადაკეთების გამო, შეუძლებელია. დასავლეთ კედლის ზედაპირი, რომელშიც საცეცხლურებია ამოკვეთილი, გამომწვარია. სამხრეთ კლდის კედელი დაფარულია ჭვარტლის სქელი ფენით. სათავსის სამხრეთ ნაწილში აღმოჩნდა ნაცრის მკვრივი და სქელი ფენა, რომელშიც ფეოდალურ ხანაში ჩაუდგამთ ქვევრები.
მეხუთე ოთახი მცირე ზომისაა. მდებარეობს კომპლექსის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში. სამ მხარეს შემორჩენილი აქვს კლდის კედელი და ბოძების ჩასადგმელი ოთხი ბუდე. ოთახს წინა (აღმოსავლეთი) კედელი არა აქვს. კომპლექსის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში, ქუჩისპირას, ამოჭრილია (1,2 მ) წყალსაწრეტი ღრმა ღარი.
სათავსების ურთირთგანლაგება, მათი დონეების სხვაობა, არქეოლოგიური გათხრის დროს მოპოვებული წყალსადენის თიხის მილები, გადამწვარი აგურები, დიდი, პირაკეცილი კრამიტისა და ჰიდრავლიკური ხსნარის ნატეხები საფუძველს გვაძლევს კომპლექსი ჰიპოკაუსტების სისტემის მქონე აბანოდ მივოჩნიოთ.

მაყვლიანი, წარმართული ტაძარი, მდებარეობს ნაქალაქარის შუა უბანში. თარიღდება ელინისტური ხანით. გამოკვეთილია კლდეში. სამხრეთ კედლის ერთი ნაწილი უხეშად დაკუთხული ნატეხი ქვისაა. შემორჩენილი აქვს თავდაპირველი ნალესობის ფრაგმენტები.
მაყვლიანი შედგება მთლიან ორგანიზმად გაერთიანებული ათი უჯრედისაგან (საერთო ფართობით 240 კვ მ). გამოირჩევა სირთულით და მაღალი ხუროთმოძღვრული ღირსებებით. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთშია. კარი საგანგებოდ არის აცდენილი დარბაზის სიმეტრიის ღერძიდან. გადის მოზრდილ მოედანზე, რომელიც თავდაპირველად გვერდზე (აღმოსავლეთით) მდებარე ამავე ტიპის, მაგრამ უფრო მცირე ტაძართან ყოფილა საზიარო. მაყვლიანის მთავარი ნაწილია მაღალ ბაქანზე აღმართული კამაროვანი პორტიკი (სვეტებისაგან წარმოქმნილი დახურული ნაგებობა). პორტის აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთ უერთდება ორ-ორი ოთახი. მათგან ჩრდილოეთით პირველი ოთახის ჭერი კვადრატული კესონებითაა მორთული. აღმოსავლეთ და დასავლეთ ოთახების ჩრდილოეთ კედლების სიღრმეში ორი სამალავი-სალაროა წრიული შესასვლელებით. პორტიკიდან რვა საფეხურიანი კიბე ჩადის ვრცელ თავგახსნილ გვირაბში, რომელსაც აღმოსავლეთით და დასავლეთით ორსაფეხურიანი ჩამოსაჯდომი (კულტის მსახურთათვის) გასდევს. სარიტუალო დანიშნულებისაა ტაძრის ახლოს, მოედნის კედლებში გამოკაფული მცირე სათავსებიც.

მიუვალი ნაგებობა მდებარეობს შიდა ქალაქის სამხრეთ დასავლეთით მიუვალ ქარაფზე (ქარაფის ძირიდან 52 მ-ზე). კომპლექსში მოხვედრა მხოლოდ ალპინისტური ჩაშვების წესით შეიძლება. ნაგებობა თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. მართალია, მიუვალი ნაგებობა იზოლირებულია შიდა ქალაქისაგან, მაგრამ საერთო არქიტექტურული ფორმების და მხატვრული პრინციპების მიხედვით იგი შიდა ქალაქის არქიტექტურული ანსამბლის ერთ-ერთი ტიპიური ნაგებობაა.
მიუვალი ნაგებობის კომპლექსი დამხრობილია სამხრეთისაკენ. შედგება ფასადის მხრიდან თაღით გახსნილი, კამაროვანი დარბაზის (3 X 3,6 მ), მის წინ არსებული ეზოსა და დარბაზის უკან მოთავსებული უფრო დაბალი, სწორკუთხა, ბრტყელჭერიანი ოთახისაგან (3,7 X 2,9 მ; სიმაღლე 2,5 მ). კომპლექსი კლდეშია ამოკვეთილი, დაზიანებულია: გამოფიტულია ნაგებობის კლდის ზედაპირი, აკლია ეზოს დიდი მონაკვეთი და ღია დარბაზის ეზოს მხრის ნაწილი, დანგრეულია ოთახის წინა კლდის შუა ნაწილი, ჩამოცვენილია ოთახის ჭერის დეკორის უმეტესი ნაწილი, მთლიანად ჩამონგრეულია ნაგებობასთან მისასვლელი გზა. უგზოობამ კომპლექსს პირვანდელი სახე შეუნარჩუნა.
მიუვალი ნაგებობის სათავსებიდან საყურადღებოა უკანა ოთახი, რომელსაც შესასვლელი ღია დარბაზიდან აქვს. კარი გაჭრილია ნაგებობის გრძივ ღერძზე (შემორჩენილია ჩრდილოეთ წირთხლის ნაწილი). ოთახის იატაკი ღია დარბაზის იატაკის დონესთან შედარებით 0,15 მეტრით მაღალია. ჭერზე ამოკვეთილია ხის კოჭების გადახურვის იმიტაცია. განივი ღერძის მიმართულებით ამოყვანილი „მზიდავი კოჭი“ ორად ყოფს გადახურვის მალს. კოჭზე და კედლებზე, გრძივი ღერძის მომართულებით, „გადადებულია“ მცირე კვეთის „კოჭები“. ოთახის ჩრდილოეთ კედელში ამოჭრილია ორი თახჩა. ნაგებობის თავისებურებას წარმოადგენს შესასვლელის პირდაპირ, ოთახის უკანა კედელთან, თითქმის მთელ სიგრძეზე, კედელში ამოკვეთილი ორსაფეხურიანი, განიერი სავარძლის მსგავსი გაურკვეველი დანიშნულების „ტახტი“ (სიმაღლე 0,6 მ). „ტახტის“ ზედა საფეხურზე მცირე ღრმულია ამოკვეთილი.
კომპლექსის კონტური და სიბრტყეები ზუსტია. კლდის ზედაპირიც გლუვად არის დამუშავებული. ცხადია, რომ მიუვალი ნაგებობა თავდაპირველი ანსამბლს განაშენიანებაში იყო ჩართული, ამიტომ სავარაუდოა, რომ შიდა ქალაქი, ჩადაბლებული ტერასებით და ქუჩებით, დასავლეთისკენ ვრცელდებოდა.

უფლისციხემოხატულოთახიანი სახლი მდებარეობს უფლისციხის შიდა ქალაქის შუა უბანში, ხელოვნურად მოსწორებულ ტერასაზე. ტერასა-ბაქანს დასავლეთით კლდის კედელი საზღვრავს. ბაქნის ჩრდილოეთ ნაწილი უჭირავს ერთსვეტიან დარბაზს თავისი ეზოთი. სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი ორსვეტიანი დარბაზის ბანი იყო (ჩანგრეულია). სამხრეთით, ამავე ბაქნის დონეზე, ღრმა და ვიწრო გასასვლელით მოკვეთილი ორსვეტიანი დარბაზის ბანია გაშლილი. მთავარი ქუჩიდან ბაქანზე ასასვლელად ამჟამად 13 საფეხურია ამოკვეთილი, თავდაპირველი ასასვლელი არ შემორჩენილა.
მოხატულოთახიანი სახლი თარიღდება ფეოდალური ხანით. შემორჩენილია ელინისტური ხანის კლდეში ნაკვეთი ნაგებობის სწორკუთხა, სწორხაზოვანი, საფეხურად ჩაღრმავებული ფრაგმენტები (სახლის ჩრდილოეთ ოთახის ქვეშ და სამხრეთ ოთახის გარეთ), რომელიც, კლდის მაღალ დასავლეთ კედელთან ერთად, ქმნის ნაგებობის სწორკუთხა კონტურს. კლდის ქანის კონფიგურაცია გვიჩვენებს, რომ ნაგებობის მხოლოდ დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები იყო კლდეში ნაკვეთი. დანარჩენი კედლები სხვა მასალითაა ნაშენი. ამავე კონტურის შიგნით ამოკვეთილია ბოძების ჩასადგმელი ბუდეები, ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში - გაურკვეველი დანიშნულების ოთხკუთხა ორმო, მის პირზე - ღარები და სწორკუთხა ღრმული. იატაკის კონტურის გარეთ, ჩრდილოეთით, წყალსაწრეტი ღარის სათავეა.
შემორჩენილი ფრაგმენტების ზუსტი გეომეტრიული ფორმა, კლდის ზედაპირის ფაქიზი დამუშავება და წყალსაწრეტი ქსელის მოწყობა ამტკიცებს, რომ ნაგებობა უფლისციხის პირვანდელ მშენებლობას ეკუთვნის.
მოხატულოთახიანი სახლი სწორკუთხაა (23 X 8,6 მ), შედგება სამი ერთიმეორის გვერდით მოთავსებული ოთახისაგან. შემორჩენილი კვალი გვაფიქრებინებს, რომ მოხატულოთახიანი სახლი გრძელდებოდა ტერასის ჩრდილოეთ კედლის მიმართულებით (ერთსვეტიანი დარბაზისა და მის ეზოსკენ). ნაგებობის დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლები კლდეშია ნაკვეთი, დანარჩენი ალიზისაა. ეს არის ჯერჯერობით ერთადერთი ალიზის საცხოვრებელი სახლი უფლისციხის ანსამბლში. შენობა დაზიანებულია (შემორჩენილი კედლების სიმაღლე 0,6-1,3 მ-ია), იგი მრავალჯერ არის გადაკეთებული და შეკეთებული: განსხვავებულია საშენი მასალა და კედლის კონსტრუქციები, ორმოებზე და თონეებზე კედლებია დაშენებული, ამოქოლილია ძველი შესასვლელები, სანაცვლოდ გაჭრილია ახლები.
მოხატულოთახიანი სახლი არ იმეორებს ძველი ნაგებობის კონტურებს. არც დასავლეთით მდებარე კლდეა გამოყენებული კედლად. სამხრეთ ოთახში კლდის უსწორმასწორო ზედაპირი გასწორებულია ალიზის წყობით, ჩრდილოეთ ოთახის დასავლეთ კედელიც, კლდის მასივიდან მოშორებით, ალიზითაა ამოყვანილი.
სამხრეთ ოთახი სწორკუთხაა (3,7 X 6,2 მ). ოთახის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებში გაჭრილი კარები ამოშენებულია. სამხრეთის კარი გადიოდა კლდის მცირე ბაქანზე, რომლის გადახურვა კლდეში ნაკვეთ ბუდეებში ჩასმულ ბოძებს ეყრდნობოდა. უკანასკნელად ოთახის შესასვლელი ჩრდილოეთ კედლის დასავლეთ მონაკვეთში გაუჭრიათ. აღმოსავლეთ კედელში ბუხარი და თახჩაა, ჩრდილოეთ კედელში - სამი თახჩა. იატაკი თიხატკეპნილია. გადახურვა ხის ყოფილა, კოჭოვანი (ფრაგმენტები ნაპოვნია იატაკზე). აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კუთხე მოგვიანებითაა აღდგენილი ქვით, აგურის ნატეხებითა და ტალახით (წყობა ირეგულარულია). შიგნით აღსადგენად გამოყენებულია ალიზი. ამ წყობის ქვეშ აღმოჩნდა XVI საუკუნის სასულიანი თონე, რომელიც უფრო ადრინდელი ხანის ორმოში იყო ჩადგმული. აღმოსავლეთ კედელს გარედან მოშენებული აქვს ალიზისა და აგურის ნატეხებით ამოშენებული კედელი, რომლის ნაწილია შემორჩენილი. არქეოლოგიური გათხრების დროს სამხრეთ ოთახში აღმოჩნდა ძველი შელესილობის მოხატული ნატეხები: გადახლართულ ფოთლებსა და ყვავილებს შორის გამოსახულია ადამიანების, ცხოველებისა და ფრინველების მცირე ზომის ფიგურები. მოხატულობა მუქი აგურის ფერისაა. ფონი ოდნავ ჩაწეულია ვარდისფერ შელესილობაში და არ არის შეღებილი, ან პირიქით, ფონი შეღებილია, გამოსახულება კი არა. გვხდება ისეთი ფრაგმენტებიც, სადაც გამოსახულება ამოკაწრულია და მთლიანადაა გადაღებილი. კლდის მხატვრობის ფრაგმენტები ფეოდალური ხანის ქართული საერო ნაგებობების მოხატულობის უძველესი ნიმუშია.
ჩრდილოეთ ოთახი კვადრატულია (7,5 X 7,5 მ) და ბევრად განიერია სამხრეთისაზე. შესასვლელი აღმოსავლეთ კედელშია, რომელიც წინ არის წამოწეული. აღმოსავლეთის და კლდეზე მიყრდნობილი ჩრდილოეთ კედლები ქვისა და ტალახის უხეირო წყობით არის ამოყვანილი. დასავლეთ კედელი კი გაურკვეველი ფორმის ალიზითა თუ ბელტითაა ნაგები. კლდის ცენტრში ამოყვანილია ბუხარი. ყველა კედელი შელესილია.
ჩრდილოეთ კედლის მხარეს კარგად არის შემორჩენილი კლდეში ნაკვეთი ნაგებობის კლდის კედელი, რომელიც ოთახის კედლად არ გამოუყენებიათ. ალიზის კედელსა და კლდის კედელს შორის ვიწრო გასასვლელია (1,75 მ), რომელიც ორი კარით უკავშირდება ჩრდილოეთ და შუა ოთახებს. გასასვლელის ჩრდილოეთით, ბოლოში, ანტიკური ხანის გაურკვეველი დანიშნულების ორმოა, სამხრეთით - ფეოდალური ხანის ორი, ერთმანეთში ჩადგმული თონე. თონეებზე დაშენებულია კედლები და გაუქმებულია. თონის ზევით ოთახის კედლები უფრო გვიანდელია.
სახლის შუა ოთახი მცირე მოცულობისაა. მის დასავლეთ კედელში ბუხარია. უკანა კედელი, რომელიც კლდეს ეყრდნობა, ალიზითაა აშენებული. შერჩენილი აქვს შელესილობის კვალი.

ოთხსვეტიანი დარბაზის კომპლექსი (360 კვ მ) გეგმით ქრისტიანული ბაზილიკის მსგავსია. იგი განკუთვნილი იყო წარმართული ხანის საზეიმო საკულტო ცერემონიალისათვის. გამოკვეთილია კლდეში. ნაგებობა დაზიანებულია. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ კედელი და მცირე სათავსი, აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ქვედა ნახევარი და სამხრეთ კედლის ცოკოლი. ეტყობა მრავალჯერ გადაკეთების კვალიც. დასავლეთ კედლის ბოლო ნაწილი, დიდი ნიშის გაყოლებაზე, ამოშენებულია ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ამ კედლის ქვეშ დარბაზში ჩასასვლელი ანტიკური ხანის ორი საფეხურია; შემორჩენილია გვიანდელი ფეოდალური ხანის ქვიტკირის კედელი. ამავე საუკუნეებში ქვითკირის კედლებით შემოუზღუდავთ და ეკლესიად უქცევიათ სამხრეთის აფსიდიანი სათავსი, დაუვიწროვებიათ ანტიკური ხანის შესასვლელები. დარბაზი მოგვიანებით საცხოვრებლადაც გამოუყენებიათ. შუა აფსიდის ჩრდილოეთ მონაკვეთში მოჭრილია ცოკოლის საფეხური, გაღრმავებულია კედელი, იატაკში ჩაჭრილია სამი სასულიანი თონე; დარბაზის ჩრდილოეთ ნაწილში ოთხი თონეა. ჩრდილო-დასავლეთ კუთხის კედლებში ამოჭრილია გადახურვის კოჭების ჩასადგმელი ბუდეები.
დარბაზის ინტერიერს ქმნის კლდის დამუშავებული კედლები, რომლებსაც ფასადები არა აქვთ. ოთხსვეტიანი დარბაზის დასავლეთ მონაკვეთი განიერი და მოკლეა. მის ცენტრში ოთხი ბურჯის ოთხკუთხა ბაზისებია გამოკვეთილი. ბაზისების მდებარეობა დარბაზის ღერძის მიმართ ასიმეტრიულია. დარბაზის ჩრდილოეთ კედელი, ბაზისების შესატყვისად, დანაწევრებულია არათანაბარი ზომის სამი დეკორატიული თაღით. ნაწილობრივ შემორჩენილია პილასტრისა და თაღების კლდეში ჩაჭრილი პროფილი. დასავლეთ პილასტრზე კაპიტელის კუთხეა, რომელიც წარმოადგენს ლილვიან თაროს. ამავე პილასტრის თავზე შემორჩენილია კამარაზე გადასვლის ფრაგმენტი, რაც მოწმობს, რომ დარბაზის ჩრდილოეთ „ნავს“ სამ სიგმენტად დანაწევრებული „გადახურვა“ ჰქონია. დასავლეთ კედელზე მაღალი ცოკოლი და ჩრდილოეთ პილასტრია. ამ კედლის სამხრეთ ნაწილში, იატაკიდან ერთი მეტრის სიმაღლეზე, დარბაზის შიდა სივრცისაკენ გახსნილი დიდი ნიშია, რომელსაც შემოსასვლელი გარედან, სამხრეთის მხრიდან ჰქონია.
დარბაზს აღმოსავლეთით იატაკიდან ერთი საფეხურით ამაღლებული და საკმაოდ ღრმა ნალისებრი აფსიდი აქვს. მასში მაღალი საკურთხეველი და დასაჯდომად გამოუსადეგარი ორსაფეხურიანი ხარისხია. აფსიდის ცენტრში ამოკვეთილია ოთხი კვადრატული ბუდე, რომლებიც ამოვსებულია ქვის ნატეხებითა და კირის ხსნარით. საფიქრებელია, რომ ბუდეებში კივორიუმის (შეწირულობათა საცავის) სვეტები იყო ჩადგმული. ერთი სვეტის ნაწილი შემორჩენილია აფსიდის წინაც, სვეტი ამოკვეთილია კლდეში, ღრმა და განიერი ორმოს ძირში. ჩრდილოეთ აფიდსა და კონქს შორის სადა რელიეფური სარტყელია, აფსიდის ორივე მახარეს - მცირე სათავსები.
ჩრდილოეთ სათავსს შემორჩენილი აქვს კლდეში გამოკვეთილი კამაროვანი ჭერი. მის ჩრდილოეთ კედელში ორი ოთხკუთხა ღრმა ნიშია. აღმოსავლეთ ნიშის კონქში შემორჩენილია სხივური გაფორმების კვალი. ამ სათავსს შესასვლელები საკურთხევლიდან და დარბაზიდან აქვს.
სამხრეთ სათავსი მოკლეა. სათავსში შემორჩენილია აფსიდი და ცოკოლის განიერი საფეხური.

უფლისციხეორსვეტიანი დარბაზის (მთავარი ტაძრის) კომპლექსიმდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბნის ცენტრში, ხელოვნურად მოსწორებულ ტერასაზე, მის ჩრდილოეთ მონაკვეთში. თარიღდება ანტიკური ხანით. როგორც არქიტექტურული თემით, ისე ყველა დეტალით მიეკუთვნება უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ანსამბლის ძირითად ნაგებობათა რიცხვს.
ორსვეტიანი დარბაზის კომპლექსი, მისგან ჩრდილოეთით მდებარე თანადროული ოთხსვეტიანი დარბაზის კომპლექსთან ერთად საქართველოში ანტიკური ხანის ყველაზე ღირშესანიშნავი, თავისებური და რთული არქიტექტურული ანსამბლია. იგი განკუთვნილი იყო წარმართული ხანის საზეიმო საკულტო ცერემონიისათვის.
ორსვეტიანი დარბაზის კომპლექსი შედგება ორსვეტიანი ცენტრალური დარბაზის, მის ორივე მხარეს მდებარე სათავსების, ამაღლებული და ღია ბაქნებისა და ეზო-კარიბჭისაგან.
ორსვეტიანი დარბაზი (თამარის დარბაზი) კვადრატულია (9,15 X 9,1 მ; სიმაღლე 5,6 მ). გეგმით ემსგავსება ცეცხლის ტაძარს. გამოკაფულია კლდეში. გამოვლენილია ოთხივე ფასადით და ბანით. კედლები ფაქიზადაა მოსწორებული. ნაგებობა დაზიანებულია: შემორჩენილია დარბაზის აღმოსავლეთ კედლის ნაშთი (1-1,5 მ), ბურჯების რვაწახნაგიანი ბაზისები და მათი კაპიტელის ბალიშის კვადრატის კონტური „მზიდი კოჭის“ სიბრტყეზე, პილასტრიანი ოთახის ჩრდილოეთ კედელი და დანარჩენი კედლების ცოკოლები, აღმოსავლეთ ფასადის სამხრეთ ნაწილში ტრომპის მსგავსი პატარა დეტალი, რომლის ცენტრიდან ქვევითკენ მიემართება მკვეთრი ვერტიკალური ღარი (დეტალის ზედა ფორმა, კედლების გამოფიტვის გამო, გაურკვეველია), სამხრეთ ფასადის მომიჯნავე სათავსის კვალი (ამჟამად მის ადგილას ფეოდალური ხანის ორმოები და თონეებია); სამხრეთ სათავსის ბოლოში ჩანგრეულია გადახურვა.
დარბაზი საუკუნეთა მანძილზე, მისი საცხოვრისად გამოყენების დროს, მრავალჯერ გადაუკეთებიათ. ჩამოუტეხიათ ჭერის, ჩრდილოეთ სათავსის, დასავლეთის ამაღლებული ბაქნის კლდის ზედაპირი, აგრეთვე დასავლეთ თაღებისა და სარკმლების ტიმპანები, რაც ამახინჯებს ინტერიერის არქიტექტურას. ყველა კედელში ამოუკვეთიათ ულაზათო თაღები და თახჩები; ჩრდილოეთ სათავსში და სამხრეთ სათავსის იატაკში ამოუღიათ ქვევრების, თონეებისა და კერის ჩასადგმელი ორმოები; აღმოსავლეთ ფასადის ჩრდილოეთ მხარეს და შენობის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში ამოუჭრიათ ვერტიკალური ფორმის საკვამლე მილები, რის გამოც მოუტეხიათ ფასადის ნაწილები. ფეოდალურ ხანაში დარბაზს უკვე აღარ ჰქონია წინა კედელი და სვეტები; დარბაზისა და ეზო-კარიბჭის იატაკი 1,5 მეტრზე მიწითა და ნანგრევებით ყოფილა დაფარული. ამას მოწმობს შემორჩენილ ფასადზე ამ დონეზე გამართული უფრო განიერი შესასვლელი და ორივე ადგილის ხელუხლებელი იატაკი. ფეოდალურ ხანაში კარიბჭის ცოკოლზე აუშენებიათ მაღალი ქვიტკირის კედლები; მოუჭრიათ დარბაზის ბაქნიდან დიდ ეზოში ჩასასვლელი განიერი ოთხსაფეხურიანი კიბის დიდი ნაწილი.
ორსვეტიანი დარბაზის შესასვლელი აღმოსავლეთ ფასადის ცენტრშია. შესასვლელი თაღოვანი ყოფილა. მის ორივე მხარეს, კლდის ქვედა ნაწილში, ნიშებია ამოკვეთილი. დასავლეთ კედელში, შესასვლელის პირდაპირ, ორი ტიმპანიანი თაღოვანი სწორკუთხა ღიადია, მის უკან - ამაღლებული დაბალჭერიანი ბაქანი. ამ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში სარკმელია, რომელიც კედელს უკან მოთავსებულ სათავსს ანათებს. დასავლეთ კედლის ღიადებსა და სარკმლებს თაღები სხვადასხვა დონეზე აქვთ. სარკმლები დარბაზის გრძივ კედლებშიცაა, ორი - სამხრეთისაში, სამი - ჩრდილოეთისაში. ყველა სარკმელი ოთხკუთხაა, აქვს თაღი და ტიმპანი. გრძივ კედლებში გაჭრილი სარკმლები გადის დარბაზის ორივე მხარეს მდებარე სათავსებში, რომლებიც დარბაზს მხოლოდ ამ სარკმლებით უკავშირდებიან. პროფილირებულია პილასტრებისა და თაღების კაპიტელები. პილასტრების კუთხეები კარგადაა გამოკვეთილი. ჭერი ძელური გადახურვის იმიტაციაა. განივი ღერძის მიმართულებით გამოკვეთილია მძლავრი „მზიდი კოჭი“, რომელიც ორად ყოფს გადახურვის გრძელ მალს. „მზიდი კოჭის“ ორივე მხარეს „გადებულია“ მცირე კვეთის, ბრტყელი „კოჭები“. კედლებზე გამოწეულია „შემკვრელი ლავგარდანი“. „კოჭები“ და „ლავგარდანი“ პროფილირებულია. „მზიდი კოჭი“ ეყრდნობა ორ სვეტს.
დარბაზის გვერდის სათავსებს შესასვლელები აღმოსავლეთ კედელში აქვს. ჩრდილოეთ მცირე სათავსის შესასვლელი კი ცალკეა, დასავლეთ კედელში სათავსების იატაკი 1,25 მეტრით მაღალია დარბაზის იატაკზე, უსწორდება სარკმლების ქვედა დონეს. სათავსებისა და დასავლეთ ბაქნის ჭერი დანაწევრებულია კვადრატულ მონაკვეთებად. თითოეულ მონაკვეთში გამოკვეთილია ორფერდა გადახურვა.
დასავლეთ ბაქანსა და ჩრდილოეთ სათავსს შორის მცირე სათავსია (3,65 X 3,4 მ), რომელსაც შესასვლელი ბაქნიდან აქვს, დარბაზს კი უკავშირდება სარკმლით. სამხრეთ განაპირა სათავსი დარბაზის მხოლოდ დასავლეთ თაღოვან კედელს აღწევს. ამ სათავსიდან დარბაზის სამხრეთ კედლის ბოლომდე პილასტრიანი ოთახი ყოფილა.
დარბაზის წინ ეზოს კარიბჭეა, რომელიც მის ირგვლივ მოსწორებული ბაქნიდან 0,6 მეტრით ჩაღრმავებულია. იგი გადახურული უნდა ყოფილიყო, რასაც ამტკიცებს ვერტიკალურად ჩაჭრილი ეზო-კარიბჭის ცოკოლი, საიდანაც სამი წყვილი პილასტრია გამოწეული (სავარაუდოა, რომ პილასტრებზე მსუბუქი გადახურვისათვის ქვის სვეტი იყო აღმართული). ეზოს ცენტრში ამოკვეთილია ფართო წრე, რომელიც შესაძლოა, რიტუალური დანიშნულებისა იყო.
ეზოსა და სამხრეთ სათავსის წინ ღია ბაქანია. იგი, ეზოსთან ერთად, დამხრობილია ჩრდილოეთისკენ, რაც ერთადერთი შემთხვევაა შიდა ქალაქში. ბაქნის აღმოსავლეთ ნაწილში ხის სვეტების ჩასადგმელი სამო მოზრდილი ორმო და ვარცლის მსგავსი ღრმა აუზებია. ბაქნის ქვეშ, ქუჩის პირას, გამოქვაბულის მსგავსი უფასადო სათავსია. ეზოსა და ბაქანს სხვადასხვა სიგრძის, კარგად ნაკვეთი ოთხი კიბე აქვს, რომლებიც დაბლა, მთავარი ქუჩის დონეზე მდებარე ეზოში ჩადის. ეზო დიდია, სამკუთხა ფორმის. ეზოს ჩრდილოეთ მახარეს, კიბეების პირდაპირ, ერთსაფეხურიანი ჩასასვლელებია, რომელიც ორსვეტიანი დარბაზის კომპლექსს ოთხსვეტიანი დარბაზის კომპლექსთან აკავშირებენ.

უფლისციხესადა ოთახი მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბნის ჩრდილოეთ საზღვარზე. თარიღდება ელინისტური ხანით. სადა ოთახი მიეკუთვნება კლდეში ნაკვეთი ანსამბლის ძირითად ნაგებობებს. შედგება ორი ნაწილისგან: ღია, კამაროვანი დარბაზისა (6 X 5,8 მ, სიმაღლე 6 მ) და მის უკან მდებარე დაბალი, ბრტყელჭერიანი ოთახისაგან (5 X 5 მ; სიმაღლე 3,3 მ). ნაგებობა მთლიანად კლდეშია ამოკვეთილი. დაზიანებულია: დანგრეულია ფასადი, დარბაზის კამარის მნიშვნელოვანი ნაწილი და ოთახის სამხრეთ კედელი. დარბაზის გადარჩენილი ნაწილები დაბზარული და გამოფიტულია. შენობა მრავალჯერ გადაუკეთებიათ: კლდის კედლებში უხეშად ამოუკვეთიათ თაროები და თახჩები, იატაკში - სხვადასხვა დანიშნულების ორმოები და ბუდეებია, სხვადასხვა დროს ჩაუშენებიათ ქვის კედლებიც. XVI-XVII საუკუნეებში ნაგებობა საფუძვლიანად გადაუკეთებიათ. რეკონსტრუქციის დროს სადა ოთახის ღია დარბაზი ორ სართულად დაუყვიათ, რისთვისაც დარბაზის განივ კედლებში ამოუკვეთიათ ხის კოჭების ჩასადგმელი ბუდეები. ქვევით, კლდიდან გამოწეული საფასადო კედლებით გაუმართავთ ოთახი, მეორე სართულზე კი - ლოჯია და აივანი.
ნაგებობისათვის დამახასიათებელია ორმოების გეომეტრიული სიზუსტე, კლდის ზედაპირის ფაქიზი დამუშავება, სისადავე. გარედან იგი მხოლოდ დარბაზის ღია კამარითაა გამოვლენილი, მისი მოცულობა კი კლდის მასივშია შეტანილი.
კამაროვანი დარბაზი დამხრობილია სამხრეთისაკენ. დგას ეზოს პირას. ეზო საერთო სადა ოთახის მომიჯნავე წითელი ოთახისა და მათ პირდაპირ მდებარე ამჟამად დანგრეული კომპლექსისათვის. ეზო ჩაღრმავებულია, შემოსაზღვრულია კლდის კედლებით, რომელსაც გასდევს ფაქიზად დამუშავებული, დასაჯდომად განკუთვნილი ცოკოლი. ეზოში შესვლა შეიძლებოდა მთავარი ქუჩიდან, მოკლე კლდეკარის გავლით.
ნაგებობის კომპლექსში დაცულია უფლისციხის კომპლექსისათვის ერთ-ერთი მეტად მნიშვნელოვანი დეტალი - ფასადის დასავლეთ მხარეს არქეოლოგიური გათხრების დროს გამოვლენილი ყვითელი ქვის პროფილირებული ბაზისი (იგი დევს თავდაპირველ ადგილას - ცოკოლში, მისთვის განკუთვნილ კუთხეში), რაც გვაფიქრებინებს, რომ ღია დარბაზების ფასადები მოპირკეთებული ყოფილა ყვითელი ქვით და მორთული მონუმენტური არქიტექტურული ფორმებით.

უფლისციხეუფლისწულის ეკლესია მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბანში, თვალსაჩინო ადგილას, ამაღლებული კლდის მასივზე. თარიღდება IX-X საუკუნეებით. ეკლესია აშენებულია ძველი წარმართული ტაძრის ადგილზე, რასაც მოწმობს ეკლესიის დასავლეთ ფასადის ქვეშ შემორჩენილი კლდეში ნაკვეთი ანტიკური დროის ნაგებობის ნაშთები, სამხრეთ ფასადის კლდის ცოკოლი და აღმოსავლეთ ბოლოში, შესასვლელთან გაცვეთილი იატაკი, აგრეთვე, წარმართული დროის შესასვლელი აღმოსავლეთ ფასადის ცენტრში, სადაც ახლა კლდეში ჩაღრმავებული ადგილი ქვის ცოკოლით მოსწორებულია და გამოყენებულია ეკლესიის ფუძედ.
ნაგებობა სამეკლესიანი ბაზილიკაა (18,5 X 13,8 მ), ნაგებია აგურით. შენობა მრავალჯერ არის გადაკეთებული. XI-XII საუკუნეებს მიეკუთვნება სარკმელი და მისი ქვის ჩარჩოს ორნამენტიანი ფრაგმენტი, პროფილირებული ლავგარდნის ქვები და მწვანე ქვის კანკელის ნატეხები, რომლებიც არქეოლოგიური გათხრების დაროს იპოვეს ეკლესიის ქვემოთ, ფერდობზე და XVII საუკუნის სახლის კედლის წყობაში. შენობა შემდეგშიც რამდენჯერმე გადაუკეთებიათ. XVIII საუკუნეში სამხრეთ შესასვლელის თავზე დაუშენებიათ ოთხივე მხარეს თაღებით გახსნილი მცირე გუმბათიანი სამრეკლო, რომელიც ნაგებია მცირე ზომის აგურით.
უფლისწულის ეკლესიის შესასვლელი ამჟამად სამხრეთ კედლის ცენტრში არსებული ნიშშია. აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში ჩანს პირვანდელი შესასვლელების (ამოშენებულია) კვალი. აფსიდი ნალისებრია. გრძივი კედლები დანაწევრებულია სამ-სამი ღრმა მაღალი სართავი თაღით, რომლებშიც კიდევ უფრო ღრმად შეწეული ბრტყელი ნიშებია. ისინი უსწორო ფორმისაა, სადა, კარამდე აღწევს და შიდა სივრცეს სიმაღლესა და ხალვათობას მატებს. დასავლეთ კედელშიც სამი შეღრმავებული დაბალი თაღია. სამხრეთ კედლის სამივე თაღში, ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ თაღში და აფსიდში გაჭრილია სარკმლები (სულ ხუთი). სარკმლები შიგნიდან განიერი და მაღალია, გარეთ ვიწროვდება, ნალისებრია, ზემოთ შეტეხილი. ასეთივე ფორმა აქვს ნიშების თაღებსაც. აფსიდის სარკმლის ქვეშ ქვის ეგვტერია. ეკლესიის კედლებს შიგნით კლდეში ნაკვეთი ცოკოლი გასდევს. კლდეშივე ნაკვეთი ნალისებრი ცოკოლია აფსიდშიც. ეკლესიის იატაკზე მოგებულია XVIII საუკუნის აგური. აგურისავეა სოლეას საფეხური აღმოსავლეთის კარის წინ.
უფლისციხეშენობის ყველა ფასადი შელესილია თეთრად. აღმოსავლეთ ფასადის ფრონტონში აგურით შეღრმავებული ჯვარია გამოსახული, ლავგარდანიც აგურისაა, დაკბილული. სახურავი ღარისებრი კრამიტისაა. მათ შორის რამდენიმე მწვანედ და ფირუზისფრად არის მოჭიქული. ეკლესიას სამი მხრიდან ეკვრის მასზე დაბალი აგურით ნაგები მინაშენები.
უფლისწულის ეკლესიის სამხრეთით მდებარე სათავსი - კარიბჭე ეკლესიის სიგრძისაა და მასზე ბევრად დაბალია. მინაშენის ნალისებრი აფსიდი გადახურულია კამარითა და კონქით. თაღიც ნალისებრია. სათავსის სამხრეთ კედელში, ეკლესიის კარის პირდაპირ აგურისთაღიანი შეწყვილებული შესასვლელებია. შესასვლელებს შორის აგურის წყობაში მოქცეულია კლდეში ნაკვეთი მრგვალი სვეტი. სავარაუდოა, რომ იგი ადრინდელი ფეოდალური ხანის ეკლესიას ეკუთვნოდა და შეწყვილებული გასასვლელის თაღების შუაბოძი - საყრდენი იყო. სათავსის კედლები შელესილია. იატაკი XVII საუკუნის აგურისაა.
ჩრდილოეთ მინაშენიც ეკლესიის სიგრძისაა და მასზე ბევრად დაბალია. ეკლესიასთან დაკავშირებული არ არის შემოსასვლელით. მინაშენში შემორჩენილ თხელი ფენის შელესილობას ატყვია მოხატულობის მკრთალი კვალი. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში ქვით ამოშენებული ღიობია, რომელიც შესაძლოა, ეკლესიაში გადიოდა. სათავსის იატაკი ეკლესიის იატაკზე მაღალია, კლდისაა და მოსწორებულია მიწით. ჩრდილოეთ მინაშენის ფასადს აქვს წვრილი ქვის ცოკოლი, რომელშიც ჩაყოლებულია შავი ბაზალტის ოთხი დიდი კვადრი. სათავსი გადახურულია კამარით. იგი განივი კედლით იყოფა გრძელ და მოკლე სათავსებად. გამყოფ კედელში გაჭრილია კარი. ორივე სათავსი სწორკუთხაა, უაფსიდო. გრძელი სათავსის აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია. მოკლე სათავსის ჩრდილოეთ კედელში გარედან შემოსასვლელი კარია, ხოლო დასავლეთ კედელში დატანებული კარით სათავსი დასავლეთ მინაშენს უკავშირდება.
დასავლეთ მინაშენი მთელ სიგანეზე ეკვრის ეკლესიას. სათავსი სწორკუთხაა. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთით აქვს. აღმოსავლეთ კედლის ჩრდილოეთ კუთხეში გაჭრილი კარით იგი ჩრდილოეთ მინაშენს უკავშირდება. ამ კედლის ცენტრში ქვის წყობით ამოშენებულია ღიობი, რომელიც ეკლესიის დასავლეთ კედლის შუა ნიშს ემთხვევა და მისივე ზომისაა. ამავე კედლის სამხრეთ ბოლოში დარღვეულია აგურის წყობა, რაც აქ ძველად კარის არსებობაზე მიგვითითებს. იატაკი კლდისაა, უსწორმასწორო, მაღლდება ჩრდილოეთისკენ.

უფლისციხექარაფისპირა სახლი მდებარეობს შიდა ქალაქის ქვემო უბნის ჩრდილო-დასავლეთით, ქარაფის პირას. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. ნაგებობა კლდეშია ნაკვეთი. შედგება სამხრეთისაკენ დამხრობილი ღია დარბაზისა და მის უკან მოთავსებული უფრო დაბალი, ბრტყელი ჭერიანი ოთახისაგან (8,5 X 4 მ). სახლს აქვს მხოლოდ ერთი, კამარით გახსნილი ფასადი, რომლის წინ კლდის კედლებით შემოსაზღვრული მოზრდილი ეზოა (8,75 X 9,5 მ). სახლი ძლიერ დაზიანებულია: დანგრეულიღა ღია დარბაზის კამაროვანი გადახურვა; ორივე სათავსის ჭერს, კედლებს, იატაკსა და ეზოს ატყვია მრავალგზის გადაკეთების კვალი; მოგლეჯილი და ნაპრალში ჩავარდნილია ეზოს დასავლეთით მდებარე ოთახი (შეიძლება ოთახებიც), რომლის შესასვლელი ეზოს პირასაა, ჩანს სხვადასხვა დროს ჩაშენებული ქვით ნაგები კედლებიც. სათავსების იატაკში გათხრილია სხვადასხვა დანიშნულებისა და დროის ორმოები, მცირე ბაქნები.
ნაგებობას შესასვლელი აღმოსავლეთით, ქვემო უბნის განივი ქუჩის ბოლოდან აქვს. ღია დარბაზი საკულტო და სარიტუალო დანიშნულების უნდა იყოს, ხოლო დახურულიო ოთახები საცხოვრებელი. შემორჩენილი ნაწილების საფუძველზე, საცხოვრებელი სახლის ცენტრალური ბირთვი ეზო უნდა ყოფილიყო. იგი რამდენიმე ნაგებობას აერთიანებდა. ეზოს იატაკი, კედლები და ცოკოლი ფაქიზად არის დამუშავებული.

უფლისციხექუჩისპირა ბაქანი მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბნის ცენტრში, მთავარი ქუჩის პირას, მის დასავლეთ მხარეს, საგანგებო დანიშნულების ნაგებობებს შორის. თარიღდება ელინისტური ხანით. ქუჩისპირა ბაქანი ოთხკუთხაა (12,3 X 10,75 მ), აღმოსავლეთის მხრიდან საფეხურებით უკავშირდება ქუჩას. სამხრეთით მას ესაზღვრება დიდეზოიანი სახლი, ჩრდილოეთით და დასავლეთით - კლდეში ნაკვეთი კედლები (სიმაღლე 4,5 მ), რომლებიც მიეკუთვნება ანსამბლის ძირითად შენობებს. ჩრდილოეთ კედელი პირვანდელი სიგრძით არის შემორჩენილი. დასავლეთ კედელს აკლია სამხრეთ კუთხე. კედლები ელინისტური ხანისაა და მოწმობს, რომ აქ ერთი დიდი ორსვეტიანი დარბაზი უნდა მდგარიყო. ასეთი დიდი და განცალკევებით მდგარი დარბაზი გამონაკლისს არ წარმოადგენს უფლისციხის ანსამბლისათვის. დარბაზის განსხვავებული მდებარეობა და სიდიდე გვაფიქრებინებს, რომ ნაგებობას საერთო კომპოზიციაში თვალსაჩინო ადგილი ეკავა. მითუმეტეს, რომ ქუჩის მეორე მხარეს ტერასები გაცილებით დაბლაა განლაგებული და ბაქანზე აღმართული ნაგებობის ფასადს წინ არაფერი ეფარებოდა.
ქუჩისპირა ბაქნის გარშემო არსებული ნაგებობები და კლდის აღდგენილი ბუნებრივი ფორმა გვაფიქრებინებს, რომ დარბაზის სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლები, აგრეთვე გადახურვა, კლდეში კი არ იყო ამოკვეთილი, არამედ სხვა მასალით იყო აშენებული. ამას მოწმობს უფლისციხეში არქეოლოგიური გათხრების დროს მოპოვებული მაგარი ქვის არქიტექტურული დეტალებიც - კაპიტელები, სვეტის ნაწილები და სხვ., რომლებიც კლდეში ნაკვეთი ანსამბლის ძირითადი სამშენებლო პერიოდისაა.
დარბაზის დანგრევის შემდეგ, ფეოდალურ ხანაში მისი კედლები და იატაკი გამოუყენებიათ საცხოვრებელ სახლებისათვის. შემორჩენილია სახლის აღმოსავლეთ კედელი (ნაგებია ქვით), კედლებში დატანიებულია შესასვლელის წირთხლი და ხის კარის ნარჩენები. იატაკში, მესერის ჩასადგმელად, ამოჭრილია მცირე დიამეტრის ბუდეები. ეს გვაფიქრებინებს, რომ ბაქანზე ყოფილა თიხით შელესილი, წნულით გადახურული ხუთი ოთახი. სახლის გეგმა ნათლად არ იკითხება. იატაკში სხვადასხვა დროს ამოკვეთილია სამეურნეო დანიშნულების ორმოები, რომელთაგან ელინისტური ხანისაა ჩრდილო-დასავლეთ კედელთან ამოჭრილი ღრმა ორმო. შენობის გადახურვა დაბალი ყოფილა. კედლებში შემორჩენილია გადახურვის კოჭების ბუდეები.

უფლისციხეშეწყვილებულკოჭებიანი დარბაზი მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბნის დასავლეთ ნაწილში, განივი (ქვემოდან პირველი) ქუჩის პირას, კესონებიანი დარბაზის კომპლექსის აღმოსავლეთით. თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. როგორც არქიტექტურული თემით, ისე ყველა დეტალით, მიეკუთვნება უფლისციხის კლდეში ნაკვეთი ანსამბლის ძირითად სამშენებლო პერიოდს. დაუდგენელია ნაგებობის თავდაპირველი დანიშნულება.
ნაგებობა შედგება ორი სწორკუთხა ოთახისაგან. წინა ოთახი უფრო დიდია და მაღალი (7,95 X 4,75 მ), გაგრძელებულია ფასადისაკენ. უკანა ოთახი (4,75 X 4,75 მ) კი სიღრმისკენაა მიმართული. შენობა მთლიანად კლდეშია ამოკვეთილი. გარედან გამოვლენილია სამხრეთ ფასადით. დაზიანებულია: დარღვეულია შესასვლელების პირვანდელი ფორმა (რითაც შესუსტებულია გადახურვის საყრდენი), დანგრეულია სამხრეთ ფასადის კედელი, რომლის არსებობას ადასტურებს ინტერიერის მხრიდან დაცული ჭერისა და იატაკის კუთხეები. ფასადის თაღისებრი ღიადის კონტურით იგი უფლისციხისათვის დამახასიათებელი ღია დარბაზის შთაბეჭდილებას ქმნის. შენობა დარბაზულია. ბზარებით გახლეჩილია წინა ოთახის სამხრეთ-დასავლეთ კუთხე, ფასადის აღმოსავლეთ კუთხე და გადახურვის ნაწილი. დაბზარულია მეორე ოთახის უკანა კედელი, ჭერი, იატაკი. ნაგებობა ფეოდალურ ხანაში საცხოვრებლად გამოუყენებიათ. კედლებში დაუდევრად ამოუკვეთიათ თახჩები და ბუდეები; უხეშად ჩამოუთლიათ კედლების ქვედა ნაწილები; წინა ოთახის ჭერში, ფასადის კედელთან, ამოუკვეთიათ ბუხრის საკვამლე.
ოთახები ერთმანეთს უკავშირდება კედლებში გაჭრილი კარით. წინა ოთახის განივ კედლებში მომიჯნავე კომპლექსებში გასასვლელი კიდევ თითო კარია. დასავლეთ კარი კესონებიანი დარბაზის კომპლექსს უკავშირდება. ორივე ოთახის ჭერი ბრტყელია. უკანა ოთახი სადაა, გლუვი, წინა ოთახისა კი მორთულია კლდეში გამოკვეთილი ხის კონსტრუქციის იმიტაციით - ექვსი მომრგვალებული კოჭითა და ორსაფეხურიანი ლავგარდნით. ნაგებობის ინტერიერი ხასიათდება კლდის ზედაპირის ფაქიზი, გლუვი დამუშავებით. დარბაზის ბანი ქუჩისპირა, ორ დანარჩენ კომპლექსის ბანთან ერთად ქმნის ზედა ბაქანს - ტერასას, რომელზეც არავითარი ნაგებობის კვალი არ ჩანს. ნაგებობას არა აქვს ეზო.

უფლისციხეწითელი ოთახის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქალაქის შუა უბნის განაპირას, ჩრდილოეთით, შიდა ქალაქის მთის სამხრეთ ფერდობზე, მთავარი ქუჩის პირას, დიდ ეზოში. ეზოს ჩრდილოეთით, ერთმანეთის გვერდით, წითელი და სადა ოთახებია, სამხრეთით - ორი სათავსი, კედლების ნაწილები კი კლდე, რომელზეც აღმართულია აგურით ნაგები ქრისტიანული ეკლესია. კომპლექსში შედის საკუთრივ წითელი ოთახი, მის წინ მდებარე ღია დარბაზი (სადა ოთახი) და ეზოს სამხრეთით მდებარე ნაგებობა. კომპლექსი თარიღდება ელინისტური ხანის დასაწყისით. დაზიანებულია: ჩამონგრეული ოთახისა და ღია დარბაზის წინა კედლები, ღია დარბაზის კამარის ნაწილი, ჩამოთლილია წითელი ოთახის სამხრეთ-დასავლეთ კედლის დეკორი და ღია დარბაზის კედლების სიბრტყეები, გამოფიტულია დარბაზის საფასადო მხარე; შემორჩენილი კედლები და კამარაც დარბაზულია. ყველა კედელში უხეშად ამოკვეთილია თახჩები და ბუდეები. შემდგომი გადაკეთების დროს ეზოსა და ოთახებში ჩაშენებულია ცუდად ნაგები ქვის კედლები. იატაკში ამოჭრილია სხვადასხვა დანიშნულების და სახის ორმო-ბუდეები, ასევე XVI-XVII საუკუნეების სამარხები - ერთი წითელი ოთახის ღია დარბაზის წინ, ათი სამხრეთ ნაგებობის დიდი დარბაზის აღმოსავლეთ კედელთან, ეკლესიის კედლის ძირში. სამხრეთ ნაგებობის მხოლოდ ფრაგმენტებიღაა შემორჩენილი. ქუჩიდან ეზოში შესასვლელი კლდის კედელში ამოუკვეთიათ მოგვიანებით.
წითელი ოთახი გრძივ ღერძზე განლაგებული ორი სათავსისაგან შედგება: დაბალი, დახურული ოთახისა და მის წინ მოთავსებული, უფრო დიდი და მაღალი ღია დარბაზისაგან. ნაგებობა მთლიანად კლდის მასივშია გამოკვეთილი, გარედან გამოვლენილია მხოლოდ დარბაზის აზიდული თაღით. ოთახი თითქმის კვადრატულია (5 X 4,7 მ). მასში შესასვლელი ღია დარბაზის უკანა კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია. ოთახი გამოირჩევა არქიტექტურული გაფორმებით. კედლები დანაწევრებულია მაღალ ცოკოლზე შემდგარი პილასტრებით, რომლებიც რთულად პროფილირებული კაპიტელებით მთავრდება. ოთახს ირგვლივ მიუყვება სამმაგი „შემკვრელი“ ლავგარდანი, რომელსაც „ეყრდნობა“ ბრტყელ ჭერზე ამოკვეთილი რთული „კონსტრუქციის“ ხის კოჭოვანი გადახურვის იმიტაცია. „გადახურვის“ მალს ორად ყოფს განივი „მზიდი“ კოჭი, რომელზედაც „გადებულია“ გრძივი „კოჭების“ შიგა ბოლოები. გარეთა ბოლოები პილასტრებს შორის არის მოქცეული, რაც არღვევს წითელი ოთახის „კონსტრუქციის“ სისტემის სიზუსტეს.
ოთახის აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ კედლებში (შესასვლელის პირდაპირ) ამოკვეთილია მცირე ზომის თაღიანი თახჩები. აღმოსავლეთ კედლის სამხრეთ კუთხეში კიდევ ერთი ოთხკუთხა თახჩაა (შენიღბული საგანძურის შესასვლელი). თახჩის პირზე ამოკვეთილია ფოსო, რომელშიც იდგმებოდა ფილა. ოთახი შემურულია. მურის ფენის ქვეშ ჩანს წითლად შეღებილი ჭერი და კედლები.
წითელი ოთახის წინ არსებული ღია დარბაზის, სადა ოთახის ფასადის მხრიდან მთლიანად გახსნილი კამაროვანი სათავსია, დამხრობილია სამხრეთისაკენ. სადაა, მის სამივე კედელს გასდევს მხოლოდ ფაქიზად დამუშავებული ცოკოლი. ფასადის დასავლეთ კედლის ცოკოლში შემორჩენილია ყვითელი ქვის პროფილირებული კუთხის ბაზისი,ბაზისი, რაცრაც გვაფიქრებინებს, რომ ღია დარბაზის ფასადი მოპირკეთებული ყოფილა ყვითელი ქვით. დარბაზის წინ ამოჭრილია ერთი სამარხი.
ნაგებობის ამგვარო კომპოზიცია (ოთახი წინ ღია დარბაზით) უფლისციხის მშენებლობაში მიღებული არქიტექტურული თემის უმარტივესი ვარიანტია. წითელი ოთახი როგორც არქიტექტურული თემით, ისე ყველა დეტალით მიეკუთვნება უფლისციხის კედელში ნაკვეთი ანსამბლის ძირითად ნაგებობათა რიცხვს.
ეზოს სამხრეთით მდებარე ნაგებობა შედგება ორი ნაწილისაგან: ეზოსპირა, აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული მცირე სათავსისა და მის უკან, სამხრეთით მდებარე დიდი დარბაზისაგან. დარბაზის სამხრეთ კედლის ნაწილი და დასავლეთ კედლის სამხრეთ ბოლო დანგრეულია. შემორჩენილი კედლების ფრაგმენტების სიმაღლე 2,1 მეტრია. სამხრეთ ნაგებობა მრავალჯერ გადაუკეთებიათ. მოგვიანებით მცირე სათავსის განივი კედელი და დარბაზის ჩრდილოეთ კედელი სხვადასხვა სახის ქვითა და მიწის ხსნარით ამოუშენებიათ. დიდი დარბაზის აღმოსავლეთ კედელთან, ეკლესიის კედლის ძირში ამოჭრილია ათი სამარხი (XVI-XVII სს). რამდენიმე სამარხთან კედელში ამოკვეთილია ნიშები.
სამხრეთ ნაგებობის მცირე სათავსი კომპლექსის დერეფანი უნდა იყოს. მის დასავლეთ კედელში მთავარი ქუჩიდან ვიწრო კლდეკარია გაჭრილი. შემორჩენილი ცოკოლი გვაფიქრებინებს, რომ დერეფანი ეზოსაკენ, ღია დარბაზის პირდაპირ იყო გახსნილი და ეზოში შესვლა ქუჩიდან მხოლოდ დერეფნის გავლით შეიძლებოდა. ანტიკური ხანის სხვა შემოსასვლელი ეზოს არა აქვს. დერეფანი ეზოდან გამოყოფილი იყო გლუვად დამუშავებული კლდის კედლით (სიგრძე 14 მ). მის დასავლეთ ბოლოში გასასვლელი მდებარეობს. ეზოს ცოკოლი უხვევს ამ გასასვლელში და შედის დერეფნის ინტერიერში.
დიდი დარბაზი ოთხკუთხაა. შემორჩენილ სამხრეთ კედელში ამოკვეთილია კარის ფოსო (დაუდგენელია ანტიკური ხანისაა იგი თუ გადაკეთების დროს არის ამოკვეთილი). იატაკში ამოკვეთილია ოთხი ბუდე. ფორმათა სიზუსტით და ზედაპირის გლუვი დამუშავებით ისინი ანტიკური ხანას მიეკუთვნებიან. იატაკში ამოკვეთილია აგრეთვე წყალსაწრეტი ღარის სათავე. ღარი ეკლესიის ტერასაზე ჩამოსდის.
სამხრეთ ნაგებობის იატაკი ეზოს დონეზეა. ეს დონე გრძელდება სამხრეთისკენ და დიდი დარბაზის წინ ქმნის ტერასა-ბაქანს. ტერასიდან მთავარ ქუჩამდე ჩამოდის განიერი კიბე. დარბაზის გარეთა მოცულობა მთლიანად (ოთხივე ფასადით) ყოფილა გამოვლენილი. ამჟამად არ ჩანს აღმოსავლეთ ფასადი, რადგან აღმოსავლეთ კედლის გადარჩენილი ქვედა ნაწილი გამოყენებულია ქრისტიანული ეკლესიის დასავლეთ კედლის საძირკვლად. სავარაუდოა, რომ დიდი დარბაზის გაგრძელებაზე კიდევ მდებარეობდა ნაგებობა, რომელიც ეკლესიის ქვეშაა მოქცეული.
კომპლექსის ცენტრს წარმოადგენს აღმოსავლეთისკენ წაგრძელებული ოთხკუთხა ტერასა-ეზო (16,2 X 9,2 მ). იგი ქუჩების დონესთან შედარებით ჩაღრმავებულია (2,2 მეტრით). ეზო იზოლირებულია. მის ორივე მხარეს სათავსებია. მათი განივი მხარეები შემოსაზღვრულია ჩაჭრილი კედლებით. ფაქიზად დამუშავებულ ეზოს შემოვლებული აქვს თლილი კლდის ცოკოლი, რომელიც დასავლეთით იმდენად განიერია, რომ ტახტად (ამაღლებულ ბაქნად) გამოდგებოდა. „ტახტი“ ორია, გაყოფილია კედლით. ეზოში არ არის ანტიკური დროისათვის დამახასიათებელი სამეურნეო და საოჯახო საქმიანობისათვის განკუთვნილი ადგილი.
 უფლისციხე საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ისტორიული ძეგლია.  


No comments:

Post a Comment