ქართველთა ეთნოგენეზი, რომელიც დღევანდელი საქართველოსა და მის ისტორიულ სამხრეთ ტერიტორიაზე განხორციელდა, საუკუნეთა მიღმა მოხდა. ქართული ეთნოსის წარმოშობის შესახებ ჯერ კიდევ ბევრი რამ გაურკვეველი და შესასწავლია, რადგან, ცნობილია, რომ ისტორიის სიღრმეში ჩამოყალიბებულ ხალხთა ეთნოგენეზის შესწავლა ერთობ ძნელია. ქართველთა ეთნოგენეზის კვლევას ისიც ართულებს, რომ დღეს მას არა ჰყავს უეჭველად მონათესავე ენობრივ-ეთნიკური ერთეული. ისევე როგორც სხვა ეთნოსები, ქართველებიც მხოლოდ ერთი - ქართველურ ენებზე მოლაპარაკე ტომების შერწყმის შედეგად როდი არიან ჩამოყალიბებული. ქართული ეთნოსი, როგორც მისი ეთნოგენეზის, ისე მთელი ეთნიკური განვითარების მსვლელობაში მრავლად იკრებდა და ისრუტავდა არაქართულ ეთნიკურ ერთეულებსაც. მიჩნეულია, რომ ქართული ეთნოსის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს წინა აზიაში მცხოვრებმა ეთნიკურმა ერთეულებმა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ამ თვალსაზრისით მათ ერთ-ერთი კომპონენტის როლი შეასრულეს.
კავკასიასა და მის მოსაზღვრე წინა აზიის ტერიტორიაზე წინარე ქართველური ენის მატარებელი კოლექტივების ფორმირება ოთხი ათასწლეულის წინ მოხდა. შემდეგ წინარე ქართველური ენობრივ-ეთნიკური ერთობა ძირითადად ბუნებრივ-გეოგრაფიული პირობებიდან გამომდინარე ერთმანეთს გამოეთიშა და მივიღეთ სამი ქართველურ ენაზე მოლაპარაკე ერთეული: ქართები, ზანები და სვანები. ქართული საისტორიო ტრადიცია ყოველთვის ხაზს უსვამდა სამივე ქართველურ ენაზე (თავდაპირველად დიალექტზე) მოლაპარაკე ერთობის საერთო წარმომავლობას. ქართების განსახლების არეალი ძირითადად აღმოსავლეთ საქართველოს მოიცავდა. ზანები და სვანები კი დასავლეთ საქართველოში ბინადრობდნენ. მიჩნეულია, რომ სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ძირითადი ტერიტორიაც თავდაპირველად ზანური ერთობით იყო დასახლებული, სადაც შემდეგ ზანები ქართებთან ერთად თანაცხოვრობდნენ, ბოლოს კი ქართების საცხოვრისი იყო. როგორც ყველა ენობრივ-ეთნიკური კოლექტივის, ისე ქართველურად მეტყველი ქართების, ზანების (ჭან-მეგრელების) და სვანების განსახლების არეალი მუდმივი არ იყო. ის ცვლილებებს განიცდიდა, რაც ძირითადად ამ ქართველური ტომების ურთიერთში შერევა-შეღწევით იყო განპირობებული. ასე, მაგალითად, ანტიკური წყაროებითა და ტოპონიმებით აშკარაა, რომ სვანები თავდაპირველად მხოლოდ დასავლეთ საქართველოს მთაში არ მკვიდრობდნენ. მათი განსახლების არეალი უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა და ისინი კოლხეთის დაბლობსა (მდ. ხობისწყლის ხეობა) და დღევანდელი აფხაზეთის გარკვეულ მონაკვეთშიც ცხოვრობდნენ. უფრო ვრცელი მონაკვეთი ეკავათ ზანებს, რომლებიც არა მხოლოდ დასავლეთ საქართველოსა და შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანპიროზე, არამედ აღმოსავლეთ საქართველოში, ქართლის დასავლეთY ნაწილშიც კი მკვიდრობდნენ. მაგრამ ქართის ტომის თანდათანმა სამეურნეო-ეკონომიკურმა და კულტურულმა დაწინაურებამ, რაც თავის მხრივ ბუნებრივ-გეოგრაფიული გარემოებით იყო განპირობებული, განსაზღვრა მასში როგორც ზანების, ისე სვანების თანდათანობითი შესვლა.
არქეოლოგიური მასალით დადასტურებულია, რომ ჯერ კიდევ ოთხი ათასი წლის წინ ქართველურ ტომებში საკმაოდ დაწინაურებული იყო მეურნეობის სხვადასხვა დარგი. ძვ.წ. II ათასწლეულში ქართველურ ტომთა მნიშვნელოვანი მაღალგანვითარებულობის მაჩვენებელია აღმოსავლეთ საქართველოში (თრიალეთის მხარეში) ნაპოვნი მაღალმხატვრულად დამუშავებული ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს განძი და აგრეთვე დიდი ხელოვნებით დამუშავებული კერამიკული ნაწარმი.
ქართველურად მეტყველმა ტომებმა ქრისტეს დაბადებამდე ორი სახელმწიფოებრივი გაერთიანება-კოლხეთის (ეგრისის) და იბერიის (ქართლის) სახელმწიფოები შექმნეს. ძვ.წ. VI ს-ში კოლხეთი მსხვილი სახელმწიფოებრივი ერთეული იყო, რომელიც მთელ დღევანდელ დასავლეთ საქართველოს და შავი ზღვის სამხრეთ რაიონებსაც მოიცავდა. კოლხეთის სახელმწიფოს შემქმნელები იყვნენ დასავლურ ქართული კულტურის მატარებელი ზანური (მეგრულ-ჭანური) ტომები. რაც შეეხება იბერიას (ქართლს), ის აღმოსავლურ ქართულმა ტომებმა, იბერებმა (ქართებმა) შექმნეს ძვ.წ. IV-III სს. მიჯნაზე. იბერიის (ქართლის) სამეფოს შექმნიდან ცოტა ხანში აღმოსავლურ ქართულმა ტომებმა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზეც იწყეს გავრცელება. ფაქტია, რომ უკვე ამ პერიოდისათვის ქართები გავრცელებული არიან და მოსახლეობენ დასავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ მხარეში შემდეგდროინდელი (ფეოდალური) პერიოდის წყაროებში არგვეთის სახელით რომაა ცნობილი. ამ დროს იბერები (ქართები) მკვიდრად მოსახლეობენ სამხრეთ-დასავლეთ საქართველოშიც. იბერიის (ქართლის) სამეფოს გასასვლელი შავ ზღვაზეც ჰქონდა და ქართის ტომის წარმომადგენელთა განსახლება ოდესღაც ზანური ტომებით დასახლებულ შემდეგდროინდელ კლარჯეთსა და შავშეთში ამ დროს უნდა განხორციელებულიყო.
ისტორიულად ჩამოყალიბებული ქართველურად მეტყველი სამი კოლექტივის (ერთობის) წარმომადგენლები მუდმივად ერთმანეთთან კავშირში იყვნენ, მუდმივად ერთმანეთს ერეოდნენ და ისტორიულმა მოვლენებმა ისინი კვლავ ერთ ეთნიკურ ერთეულად (ეთნოსად) ჩამოაყალიბა. მიუხედავად იმისა, რომ ზანებმა და სვანებმა დღემდე შეინარჩუნეს საკუთარი მეტყველება, რომლებსაც ქართული ეთნოსის ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე მხოლოდ საოჯახო, საშინაო ენების ფუნქცია ჰქონდათ.
ისევე როგორც ყველა ეთნოსი, ქართული ეთნოსიც ეთნოგენეზის დღიდან მუდმივ განვითარბას განიცდიდა. ქართული ეთნოსი გადაურჩა მძიმე ისტორიულ განსაცდელს და თავი დღევანდლამდე მოიტანა. საკუთრივ ქართველური ერთეულების გარდა, ქართველი ხალხის ფორმირებაში მნიშვნელოვანი წვლილი აქვთ შეტანილი არაქართულ ეთნოსებსაც, რომელთაგან შეიძლება დავასახელოთ მცირე აზიური ეთნიკური ერთეულები, მაგალითად, ურარტელები (მელიქიშვილი, 1954). მუდმივად შემოედინებოდა ქართულ ეთნიკურ სამყაროში სხვადასხვა ჩრდილოეთ კავკასიური (დაღესტანური, ვაინახური, ადიღეური, ოსური) ეთნიკური ერთეულები, რაც ძირითადად მიგრაციის გზით ხორციელდებოდა. ქართულ ეთნოსში დადასტურებულია აგრეთვე ალბანური და სომხური ელემენტის ინფილტრაციაც. მეზობელ ეთნოსთა ქართულ ეთნოსში შემოდინება, ინფილტრაცია, მხოლოდ ცალმხრივი პროცესი არ ყოფილა. ქართველებიც თავის მხრივ სხვა ეთნოსებში შედიოდნენ, რაც მათ ასიმილაციას იწვევდა.
ცნობილია, რომ მარქსისტული მეცნიერება ეთნოსთა (ეთნიკურ ერთობათა) ძირითადად სამ კატეგორიას იცნობდა: ტომი-ხალხი ანუ ეროვნება (народность) - ერი (ნაცია). დასავლეთ
ევროპულ ენებზე
народность-ს ადექვატურად შესატყვისი ტერმინი არა აქვს. აშკარაა, რომ მარქსისტების მიერ შემოთავაზებული ეთნოსის ფორმები ხელოვნურად იყო შექმნილი და რეალურად მხოლოდ ეთნოსის ორი ფორმა - ტომი და ერი არსებობდა. დასავლეთის სოციოლოგიურ და ისტორიოგრაფიულ მეცნიერებაში ერის (ნაციის) წარმოქმნა განიხილება, როგორც გვარტომობრივი კავშირების უშუალო გაგრძელება და განვითარება. ისიც აღსანიშნავია, რომ ეტატისტური თეორია ერის (ნაციის) წარმოქმნას უშუალოდ სახელმწიფოს წარმოქმნას უკავშირებს (ფილოსოფიური.., 1989). დღევანდელი დასავლეთის მეცნიერებაში ერებად (ნაციებად) ითვლებიან ის ეთნოსები, რომლებსაც საკუთარი სახელმწიფოებრიობა გააჩნიათ. ამასთანავე, ეთნოსი ერად (ნაციად) რჩება სახელმწიფოებრიობის დაკარგვის შემთვევაშიც. ერთხელ ჩამოყალიბებული ერი (ნაცია) უფრო დაბალი საფეხურის ეთნიკურ ერთობას-ტომობრიობას აღარ უბრუნდება. ეს ტენდენცია მკვეთრად იყო გამოხატული XX საუკუნის დასაწყისის ქართულ ლიტერატურაში: "ეროვნება ისახება და ჩნდება სწორედ იმ ხანაში, როდესაც საგვარეულო წესს თავს აღწევს და როდესაც მყარდება და მკვიდრდება სახელმწიფო" (ჯორჯაძე, 1990, გვ. 7). მარქსიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი ფ. ენგელსიც წერდა: "Из племен развились нации и
государства" (К.М., Ф.Э. т. 20, с. 493). ამავე დროს, ისტორიის თვალთა- ხედვით, აშკარა განსხვავებაა ძველ და ახალ ერებს (ნაციებს) შორის, რომელთა გამმიჯვნელად შეიძლება რელიგიური, სოციალური და პოლიტიკური მომენტები მოგვევლინოს (თოფჩიშვილი, ქურდიანი, 2000, გვ. 68-75). აგრეთვე: ერის ჩამოყალიბების მიმანიშნებელია, როდესაც ეთნოსი სახელმწიფოებრიობის შექმნისაკენ ისწრაფვის. ამდენად, ჰქმნიან რა ძველი წელთაღრიცხვის VI და IV-III სს-ში ქართველური ტომები სახელმწიფოებს (კოლხეთი ანუ ეგრისი და იბერია ანუ ქართლი), ცხადია, რომ ისინი მაღალი კლასის საფეხურის ეთნიკური ერთობები (ეთნოსები) არიან, რომლებსაც ტომობრიობის საფეხური უკვე განვლილი აქვთ და იწყება მათი ერებად (ნაციებად) ჩამოყალიბება, რადგან გააჩნიათ სახელმწიფოებრიობა, ერთ ტერიტორიულ ერთეულზე განსახლება და მჭიდრო თანაცხოვრება, საერთო სახელმწიფო ენა, საერთო რელიგია, საერთო ისტორიის მახსოვრობა და რწმენა საერთო წარმომავლობის შესახებ. ქართული საისტორიო ტრადიციით, ყველა ამ ნიშნის მატარებელნი არიან იბერები, ქართლის სახელმწიფოს მკვიდრნი. ქართლის (იბერიის) მკვიდრნი გარშემო იკრებენ და თავიანთი კულტურული გავლენის ქვეშ აქცევენ სხვადასხვა ქართველურ ტომებს, როგორც აღმოსავლეთ, ისე სამხრეთ-დასავლეთ და დასავლეთ საქართველოდან. იგივე ქართული საისტორიო ტრადიცია ხაზს უსვამს იმას, რომ დასავლეთ ქართველთა გაერთიანება საერთო ქართულ სახელმწიფოში (ქართლის ანუ იბერიის სახელმწიფოში) მოხდა მათივე ინიციატივით. ეგრისის ანუ კოლხეთის მმართველი ქუჯი მიმართავს ქართლის პირველ მეფეს ფარნავაზს: "შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა და შენ გმართებს უფლობა ჩემი. შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი" (ქც, 1955, გვ. 22). კოლხეთის (ეგრისის) მმართველი ქუჯი თავისი ქვეშევრდომებით აღმოსავლეთ საქართველოს ქართულ სახელმწიფოებრიობაში (ქართლში ანუ იბერიაში) შემოდის სვანეთთან ერთად, რომელსაც მეფე ფარნავაზი გარკვეულ ტერიტორიულ ერთეულზე (ეგრისსა და სვანეთში-რიონსა და ეგრისის წყალს შორის მდებარე ტერიტორიაზე) ერისთავობას უბოძებს. ამ დროს ყალიბდება ერთიანი ქართული ერი (ნაცია). თუმცა ქართული ტერიტორიული ერთეულები ხშირად საგარეო ფაქტორის გამო, საერთო სახელმწიფოში აღარ თანაცხოვრობდნენ, მაგრამ მათ მუდმივად ჰქონდათ მისწრაფება ერთმანეთისაკენ, საერთო სახელმწიფოში ცხოვრებისაკენ, რასაც რეალურად კვებავდა გადმოცემა და საისტორიო ტრადიცია საერთო წარმომავლობის შესახებ. საქართველოს ისტორიიდან კი ცნობილია, რომ ამ სურვილს ერთ ერად ყოფნისა, საერთო სახელმწიფოში თანაცხოვრებისა, უფრო ხშირად იჩენდა არა ქართლის მოსახლეობა და მისი ხელი
ავტორი-როლანდ თოფჩიშვილი
No comments:
Post a Comment