სვეტიცხოვლის კომპლექსი
მდებარეობს მცხეთაში, ქალაქის ცენტრში. კომპლექსში შედის: ტაძარი, გალავანი,
კარიბჭე, სამრეკლო, ანტონ II კათალიკოსის სასახლე, მელქისედეკ კათალიკოსის სასახლე
და კოშკი.მემატიანეთა გადმოცემით, მცხეთელი ებრაელი ელიოზი იერუსალიმში ქრისტეს ჯვარცმას დასწრებია, „კვართი უფლისაი“ შეუძენია და ჩამოუტანია მცხეთაში. აქ, ქალაქის ბჭესთან ელიოზს დახვედრია მისი და სიდონია - ქრისტეს მიერ ნაქადაგევი სარწმუნოების მიმდევარი. სიდონიას ძმისთვის პერანგი გამოუტაცია და იქვე სული განუტევებია. რაკი ქრისტეს პერანგი მისთვის ხელიდან ვერ წაურთმევიათ, პერანგიანად დაუმარხავთ. სიდონიას საფლავზე ამოსულა კედარი. მას შემდეგ, რაც IV საუკუნის 30-იან წლებში ქართლის მეფემ მირიანმა ირწმუნა ნინოს მიერ ნაქადაგევი ახალი რელიგია - ქრისტიანობა და ბრძანა სიდონიას საფლავზე ეკლესიის აგება. მოკვეთეს დიდი კედარი და მისგან შვიდი სვეტი დაამზადეს. დაიწყეს მშენებლობა. ექვსი სვეტი აღმართეს კიდეც, მაგრამ მეშვიდე ჰაერში ჩამოეკიდა და ვერ დაძრეს ადგილიდან. ნინოს მთელი ღამე მხურვალე ლოცვაში გაუტარებია, დილით კი მომხდარა სასწაული - „სვეტი ძირთავე მისთა ზედა დაემყარა და მტკიცედ შეერწყა შეუხებლად ხელისგან კაცთასა“. სვეტი გაფოთლილა და მისგან დენა დაუწყია მირონს, რომელიც „მსწრაფლ კურნავდა“ სნეულთ. სვეტს უწოდეს „სვეტი ცხოველი“ - სვეტი სიცოცხლის მომნიჭებელი. აქედან წარმოსდგა თვით ტაძრის სახელწოდებაც.
V საუკუნის დასასრულს, ვახტანგ გორგასლის მეფობის დროს, პირვანდელი ხის შენობის ნაცვლად, ააგეს ქვის ბაზილიკური ეკლესია, რომელმაც XI საუკუნემდე იარსება. 1010-1029 წლებში ქართლის კათალიკოსის მელქისედეკის თაოსნობით ხუროთმოძღვარმა არსუკისძემ ააგო სვეტიცხოვლის ახალი ტაძარი. მელქისედეკისვე ინიციატივით სვეტიცხოვლის გარშემო აიგო სხვა ნაგებობებიც. 1030-1040 წლებში კათალიკოზ ოქროპირის დროს ტაძარს მოაშენეს ეგვტერები.
საუკუნეების მანძილზე სვეტიცხოველი წარმოადგენდა მსხვილ ფეოდალურ-საეკლესიო სამფლობელოს და მეფე-დიდებულთაგან უხვ შეწირულობას იღებდა. მისი ყმა-მამული მიმოფანტული იყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. იგი იყო მცხეთაში გაჩაღებული სამეცნიერო და საგანმანათლებლო მუშაობის ცენტრი, ჰქონდა ძალზედ მდიდარი ბიბლიოთეკა, ტაძარში იყო ქართველ მეფეთა საძვლე.
თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველს არაერთხელ დამუქრებია განადგურების საფრთხე. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ (1314-1346 წწ.) აღადგინა ტაძრის გუნბათი. XIV საუკუნის ბოლოს კი იგი „იავაეჰყვეს სპათა ლანგთემურისათა“ - მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი შენობის დანგრევა მაინც ვერ მოახერხეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა (1412-1442 წწ.) ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს გუმბათის ყელი კვლავ აღადგინეს როსტომ მეფემ (1632-1658 წწ.) და მარიამ დედოფალმა. XVII საუკუნეში კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორის (მისი კათალიკოსობის წლებია 1678-1688, 1691-1696 წლები) თაოსნობით მოიხატა „სვეტიცხოველი“ და შუა ნავის ჩრდილოეთ კედელი. 1813 წელს დასავლეთის კარიბჭე განაახლა ქსნის ერისთავის ძემ, საქართველოს და მცხეთის ეგზარქოსმა ვარლამმა, რაზედაც მოგვითხრობს ამ კარიბჭის პორტალზე ამოკვეთილი მხედრული წარწერა. XIX საუკუნის პირველ ნახევარში „ჯეროვანი კეთილმშვენიერების“ მისანიჭებლად სასულიერო მმართველობამ სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე მოსპო ძველი სტოა, ააფეთქა სამარხები ტაძრის გარშემო და ინტერიერში შეათეთრა ფრესკების დიდი ნაწილი. ამ უკანასკნელ ფაქტს თუ არ მივიღებთ მხედველობაში, ჩანს, რომ გვიანდელი განმაახლებლები განსაკუთრებული გულისყურითა და კრძალვით ეკიდებოდნენ ტაძარს. ამიტომ მისი სტრუქტურა, მასები, ცალკეული ფორმები, პროპორციები ძირითადად შენარჩუნებულია და XI საუკუნეს მიეკუთვნება.
XIX საუკუნის 40-იან წლებში ტაძარზე ჩატარდა სარესტავრაციო-სარემონტო სამუშაოები: იგი გადახურეს ქვიშაქვის ფილებით და სხვა; 1860-1874 წლებში შეცვალეს გადახურვა და ლავგარდნის ზოგიერთი ქვა. XX საუკუნის დასაწყისში ისევ აღადგინეს ლავგარდნები. 1892 წელს გადაიწერა საკურთხევლისა და დასავლეთ კარის ტიმპანის მხატვრობა. 1950 წლის სარესტავრაციო სამუშაოების დროს ტაძრის გუმბათქვეშა ორი ბურჯის ქვეშ აღმოჩნდა V საუკუნის ბაზილიკის ორნამენტიანი ბაზისები, ხოლო სადიაკვნეში - კაპიტელები. 1967-1975 წლებში ასევე სარესტავრაციო სამუშაოების შედეგად „სვეტიცხოვლის“ ბურჯის სამხრეთით გამოვლინდა ხის პირველი ეკლესიის საძირკვლის ნაშთი, საკურთხეველში კი - V საუკუნის ბაზილიკის ფრაგმენტები. გაიწმინდა დასავლეთის მხარისა და გაიხსნა XI საუკუნის ბურჯების ნაშთები; გაიწმინდა კედლები და ზოგიერთი ფრესკა; დაიდგა XI საუკუნის ნიმუშების მიხედვით დამზადებული თაბაშირის კანკელი და საკურთხევლისწინა ჯვარი. კანკელს შეაბეს აღსავლის კარი. ტაძრის შესასვლელში ჩამოკიდეს ლითონის კარი; აღადგინეს ტაძრის დასავლეთით, გალავანში მდებარე ორსართულიანი კარიბჭე; დაზუსტდა და დაფიქსირდა სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე არსებული სტოას თავდაპირველი გეგმა; გამაგრდა გალავანი და სხვა.
სვეტიცხოვლის ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა (გარე ზომები 57,7 X 27 მეტრი; სიმაღლე 49 მეტრი). ტაძრის მშენებლობის მოთავე კათალიკოსი მელქისედეკი და ხუროთმოძღვარი არსუკისძე მოხსენიებული არიან ტაძრის წარწერაში - აღმოსავლეთ ფასადზე, შუა დეკორატიული თაღის ქვემოთ, თორმეტ დისკოზე („ადიდენ ღმერთმან ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოზ ამენ აღეშენა ესე წმინდაი ეკლესიაი ხელითა გლახაკისა მონისა მათისა არსუკისძისაითა ღმერთმან განუსუენე სულსა მისსა“) და ჩრდილოეთის ფასადზე, მთავარი სარკმლის ზემოთ, ორ ქვაზე („ხელი მონისა არსუკისძისაი შეუნდვეთ“), რომელთა შორის ჩასმულია მესამე ქვა ხელისა და გონიოს რელიეფით. სავარაუდოა, რომ ამ რელიეფმა და წარწერამ წარმოშვა ლეგენდა იმის შესახებ, რომ სვეტიცხოვლის ოსტატმა აჯობა მასწავლებელს, რისთვისაც მას ხელი მოჰკვეთეს. ასევე წარმოიშვა ხალხური ლექსიც: „ხეკორძულას წყალი მისვამს, მცხეთა ისე ამიგია, დამიჭირეს ხელი მომჭრეს, რატომ კარგი აგიგია“.
ტაძარი ნაგებია კარგად გათლილი რბილი ნაცრისფერ-მოყვითალო და მომწვანო ტონის ქვიშაქვის და ტუფის კვადრებით. ზოგიერთი არქიტექტურული ელემენტის ხაზგასმის მიზნით წყობაში გამოყენებულია სხვადასხვა ფერის ქვები (ღვინისფერი და მწვანე). შემორჩენილი ძველი წყობა სწორი, ჰორიზონტალურ რიგებისაგან შედგება. გარე და შიდა თლილი საპირე ქვებს შორის ჩასხმულია კირხსარისა და ნაყარი ქვების მასა.
ტაძარს სამი კარიბჭე ჰქონდა, ამჟამად ტაძარში შესასვლელი მხოლოდ დასავლეთიდანაა. სამხრეთისა და ჩრდილოეთის კარიბჭეები XIX საუკუნეში დაანგრიეს.
ტაძრის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ წაგრძელებული მკლავებით. გარედან ტაძარი სწორკუთხედშია ჩაწერილი. მკლავების გადაკვეთის ადგილას, თავისუფლად მდგომ ოთხ ბურჯზე დამყარებულია მაღალყელიანი, თექვმეტსარკმლიანი გუმბათი. ინტერიერში ძირითადი გრძივი ღერძის სრულად გამოვლენისათვის სხვადასხვა მხატვრულ-არქიტექტურული ხერხია გამოყენებული: დასავლეთის მკლავის მძლავრი თაღების რიტმი ცენტრისაკენ, უხვად განათებული, ზეატყორცნილი გუმბათქვეშა სივრცისკენ წარმართავს მზერას. ეს მკლავი აღმოსავლეთისკენ ფართოვდება. აღმოსავლეთით კომპოზიციას ასრულებს საკურთხევლის ღრმა და ვრცელი აფსიდი. დანარჩენი მკლავები სწორკუთხაა. აფსიდის ქვედა ნაწილში დეკორატიული ნიშები და სასულიერო პირთათვის განკუთვნილი სამსაფეხურიანი ჩამოსაჯდომია. საკურთხევლის მარცხნივ და მარჯვნივ სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომლებსაც აღმოსავლეთ მხარეს აფსიდი აქვთ. ამ სათავსების თავზე ტაძრის განივი მკლავებისაკენ თაღებით გახსნილი პატრონიკეა. საკურთხეველსა და მიმდებარე სადგომებს აღმოსავლეთით თითო სარკმელი აქვთ. აღმოსავლეთ და დასავლეთ მკლავებში თითო დიდი სარკმელია, ხოლო გვერდის მკლავებში - სამ-სამი.
დასავლეთის მკლავს მეორე იარუსის დონეზე გასდევდა თაღოვანი პატრონიკე, რომლის მხოლოდ შუა ნაწილია შემორჩენილი. ამავე მკლავს დასავლეთის მხარეს ეკვრის განიერი ნართექსი (აქედან იყო ასასვლელი პატრონიკეზე). ტაძრის დასავლეთ ნაწილი მნიშვნელოვნადაა სახეშეცვლილი თემურლენგის შემოსევის დროს დაზიანების გამო. ადრე არსებული სამი წყვილი საყრდენი ბურჯიდან ამჟამად მხოლოდ ორია (შეცვლილია მალების რაოდენობა და სიდიდე, განსხვავებულია ბურჯების მოხაზულობა და სხვა).
ტაძრის დასავლეთ ნაწილში, თვით მკლავსა და სამხრეთ-დასავლეთ სათავსს შორის, წინანდელი საყრდენი ბურჯის ადგილას, სფერული უყელო გუმბათითა და აგურის პირამიდული სახურავით დასრულებული კოშკისებრი ნაგებობაა. ეს საკუთრივ „სვეტიცხოველია“, სადაც სასწაულმოქმედი სვეტი ინახებოდა. ახლანდელი კოშკი XVII საუკუნეშია აგებული.
ტაძრის ინტერიერში, სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში კედელთან დგას მცირე ზომის გუმბათიანი ეკლესიის მოდელი სამლოცველო, რომელიც იერუსალიმში მაცხოვრის საფლავზე აღმართულ ტაძარს უნდა გამოხატავდეს. მოდელი XV საუკუნისაა. სამხრეთის გუმბათქვეშა ბურჯთან ოთხ სვეტზე მდგარი მცირე ზომის ნაგებობა სფერული გადახურვით საკათალიკოსო კათედრაა. ტაძარში ქართველ მეფეთა და დიდგვაროვანთა სამარხებია. აქ არიან დაკრძალულნი ვახტანგ გორგასალი, ერეკლე II, გიორგი XII და სხვა.
XI საუკუნეში ტაძარი მთლიანად მოხატული იყო. ამ ხანის მხატვრობის მცირე ფრაგმენტები შემორჩენილია ტაძრის დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედელზე; სარკმლის სამხრეთით - სახარების სცენის ქრისტე და სამარიტელი ქალის ნაწილი (წმინდანთა თავზე ასომთავრული წარწერის ფრაგმენტია: „ქ აქა... სამარ...“), შუა ნავის სამხრეთ-დასავლეთ თაღზე - მცენარეული ორნამენტი და სამხრეთ ნავის კამარაში - გაურკვეველი სცენის ნაშთები. მხატვრობა ხასიათდება მონუმენტურობით და რბილი ნახატით. კოლორიტი ნათელია.
დანარჩენი მოხატულობა გვიანდელია. საკურთხეველში შემორჩენილია მხატვრობის ზედა ორი რეგისტრი. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე გადაშლილი სახარებით ხელში და ცეცხლოვან ბორბალზე შემდგარი ორი ექვსფრდედი. ბემის კამარაში თაყვანისცემის პოზაში გამოსახულია ოთხი ანგელოზი, კედლებზე კი ორი მთავარანგელოზი. საკურთხევლის მეორე რეგისტრში მოციქულებია გრაგნილებითა და წიგნებით ხელში. ერთ-ერთ მოციქულს ღვთისმშობელი, რომელსაც ყრმა უჭირავს ხელში, წიგნს გადასცემს. რეგისტრები ერთმანეთისგან გამოყოფილია ფართო ორნამენტული ზოლით, ხოლო საკურთხევლის სარკმლის თაღი და წირთხლები მცენარეული მოტივებითაა შემკული. კონქის თაღის საფეხურის სიბრტყეზე ასომთავრული წარწერაა („ქ მოსავთა შნთა დამამტკიცებელო ქრისტე ღმერთო დაიმტკიცე ეკლესიაი შენი რომელი მოიყიდე სისხლითა შენით წმ“).
ტაძრის გუმბათის სფეროში გამოსახულია ყოვლისმპყრობელი ქრისტე წრეში ირგვლივ მახარებელთა სიმბოლოებითა და ოთხი ექვსფრდედით. წრის გარშემო დაზიანებული ბერძნული წარწერაა. მხატვრობა შესრულებულია გუმბათის აღდგენის შემდეგ, არა უადრეს 1656 წლისა. გუმბათქვეშა სამხრეთ-დასავლეთ ბურჯის აღმოსავლეთ მხარეს გამოსახულია მეფე როსტომის მეუღლე მარიამი შვილთან ერთად.
ტაძრის სამხრეთ მკლავის სამხრეთ კედელზე დიდი ზომის კომპოზიციაა ფსალმუნის თემაზე - აქებდეთ უფალსა. იგი ხალიჩისებურად ავსებს კედლის უმეტეს ნაწილს. მოხატულობაში ჭარბობს მუქი ლურჯი, ყავისფერი, მონაცრისფრო-ცისფერი, თეთრნარევი ყვითელი, მონაცრისფრო-თეთრი ფერები. ეს მუქი და მღვრიე კოლორიტი გაცოცხლებულია მუქი წითელი ფერით. გამოსახულებათა დიდ ნაწილს ახლავს თეთრი საღებავით შესრულებული ბერძნული და ქართული წარწერები.
დასავლეთის მკლავის ჩრდილოეთის მხარეს გამოსახულია შემდეგი სცენები: გუმბათქვეშა ჩრდილო-დასავლეთ ბოძს ზემოთ - სამება, თორმეტი მოციქული, ძუელი დღეთა და ყრმა ქრისტე მანდორლაში მახარებელთა სიმბოლოებით; ჩრდილო-დასავლეთ ბოძს ზემოთ - თორმეტი წლის ქრისტეს ქადაგება ეკლესიაში, განრღვეულის განკურნება და ფხიზელი თვალი, ბოძზე - კონსტანტინე და ელენე ჯვრით ხელში; თაღს ზემოთ - ხარება; თაღის ორივე მხარეს - ორი წინასწარმეტყველი. თაღის საფეხურები შევსებულია მედალიონში ჩასმული მარტვილთა წელზედა გამოსახულებებით და დაჩითული ქსოვილთათვის დამახასიათებელი მცენარეული მოტივებით. ბოძების შიგა წიბოები შემკულია მცენარეული ორნამენტებით. აქვეა წმ. ქრისტეფორესა და უცნობი მარტვილი ქალის ფიგურები. მხატვრობა ხასიათდება სიმშრალით და ჩამქრალი, თითქოსდა „ჭუჭყნარევი“ კოლორიტით (გამოყენებულია მონაცრისფრო-ცისფერი, ღია იისფერი, მოწითალო-ყავისფერი, მუქი ლურჯი ფერები).
ტაძრის სხვადასხვა ნაწილში შემორჩენილია მოხატულობის ცალკეული ფრაგმენტები: გუმბათქვეშა სამხრეთ-აღმოსავლეთ ბოძზე - წმინდანები მედალიონებში, ნაგებობა, ექვსფრთედი და მცენარეული ორნამენტის ნაწილები; გუმბათქვეშა ჩრდილო-დასავლეთ ბოძის აღმოსავლეთ მხარეს - მცირე ზომის სცენა: შარავანდიანი ჭაბუკისაკენ მიმართული ღვთისმშობელი (მარიამის თავზე ასომთავრული წარწერაა „ყდწი“); გუმბათქვეშა სამხრეთ-დასავლეთის ბოძის ჩრდილოეთ მხარეს - ორი წმინდანი ბარძიმით ხელში; ბოძის დასავლეთ მხარეს - ანგელოზი; ზემოთ, ცის სეგმენტში - მაცხოვარი; ბოძის დასავლეთ მხარეს - ანგელოზი. მხატვრობის ეს ფრაგმენტები გვიანდელი ფეოდალური ხანით თარიღდება. სამკვეთლოს სამხრეთის კედელზე წმინდანთა გამოსახულებები XIX საუკუნეშია შესრულებული.
სვეტი 1678-1688 წლებში მოუხატავს მხატვარ გრიგოლ გულჯავარასშვილს კათალიკოს ნიკოლოზ ამილახორის თაოსნობით. ორივე მოხსენიებულია სვეტის მხედრულ წარწერაში. სვეტზე გამოსახულია სახარების სიუჟეტები, ცალკეულ წმინდანთა ფიგურები და ქართლში ქრისტიანობის გავრცელების ამსახველი სცენები. სვეტის ქვედა ნაწილში, თვალსაჩინო ადგილზე, მოთავსებულია ისტორიული შინაარსის სცენები. მხატვარი თითოეულ კედელზე არქიტექტურასთან შეფარდებით იძლევა ერთნაირი ზომის ოთხ სცენას ორ რეგისტრად: აღმოსავლეთით, ზედა რეგისტრში, მარცხნიდან მარჯვნივ - მეფე სვეტიცხოვლის ტაძრის წინაშე და მეფე და სამღვდელოება; ქვემოთ - წმ. ნინო არმაზის მთასთან და წმ. ნინოს სასწაულმოქმედება; სამხრეთით, ზემოთ - ნანა დედოფალი ამალით და მირიან მეფე ამალით; ქვემოთ - მირიანისა და ნანას ლოცვა სვეტის წინაშე და სნეულის განკურნება; დასავლეთით, ზემოთ - ჯოჯოხეთის წარტყვევნა და ჯვარცმა; ქვემოთ - სვეტის ამაღლება და დაზიანებული სცენა მთის ფონზე წმ. ნინოს მონაწილეობით; ჩრდილოეთით - მამა ღმერთი და მაცხოვარი მანდორლაში. ზემოთ, სვეტის ბოლოებზე ცალკეულ წმინდანთა ფიგურებია, ხოლო თაღების ორივე მხარეს - სახარების სცენები. აღმოსავლეთ ფასადზე თაღის სამხრეთით - ამაღლება, ჩრდილოეთით - სული წმინდის მოფენა; აქვე სამხრეთ ბოძზე - წმინდანია გამოსახული, ჩრდილოეთით - სამი მცირე ზომის ფიგურა ერთიმეორის ქვეშ: წმ. ეკატერინე (ზემოთ), წმ. გიორგი, წმ. დიმიტრი; სამხრეთ ფასადზე თაღის აღმოსავლეთით - შობითგან ბრმა, დასავლეთით - სამარიტელი დედაკაცი; ბოძებზე: აღმოსავლეთით - წმინდანი წარწერის გარეშე, დასავლეთით - წმ. მარინე; დასავლეთ ფასადზე, თაღის სამხრეთით - ქრისტე ორი მოციქულითურთ და წარწერით: „მე ვარ პური ცხოვრებისი რილცით გ რდმო...“, ჩრდილოეთით - განრღვეულის განკურნება; ბოძზე, სამხრეთით - წმ. ირინე, ჩრდილოეთით - წმ. თევდორე და წმ. ევსტათი ერთიმეორის ქვეშ; ჩრდილოეთ ფასადზე, თაღის აღმოსავლეთით მოციქულთა ორ ჯგუფს შუა, დასავლეთით - დედანი მაცხოვრის საფლავთან; ბოძებზე სამ-სამი მედალიონია ერთიმეორის ქვეშ, რომლებშიც წინასწარმეტყველთა წელზედა გამოსახულებებია.
სვეტის შიდა ნაწილში, გუმბათის სფეროში, გამოსახულია ყოვლისმპყრობელი ქრისტე, აფრებში - ექვსფრთედები, თაღებს ზემოთ და თაღებს შორის კუთხეებში მცენარეული ორნამენტია. ბოძის ყოველ მხარეს თითო წმინდანია გამოსახული, თაღების სოფიტებზე - ორ-ორი. ჩრდილო-აღმოსავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ ბოძების დასავლეთ და აღმოსავლეთ მხარეს სამ-სამი ოქროსფერი დისკოა ერთიმეორეს ქვეშ ლურჯ ფონზე.
სვეტის მოხატულობა მინიატურას მოგვაგონებს. წმინდანთა თმები, წვერ-ულვაში ფაქიზი შტრიხებითაა დაწერილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მცირე ზომის სცენები მეფე მირიანის ლორონზე („მეფე სვეტიცხოვლის ტაძრის წინაშე“), რომელთა გარჩევა მხოლოდ ახლოდან დაკვირვებით შეიძლება. კომპოზიციათა აგება მკაცრი და ლაკონურია. მხატვრობის კოლორიტში გაბატონებული მკვეთრი წითელი, მწვანე, ღია ცისფერი და ოქრო აცოცხლებს მუქ ლურჯს, ნაცრისფერს, მონაცრისფრო-ყვითელს და სხვა ფერებს.
მოხატულია საპატრიარქო კათედრაც. ფერწერა შემორჩენილია კათედრის აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე და შიდა ნაწილებში. აღმოსავლეთ ფასადზე წმინდანთა წელზედა გამოსახულებები და ხარების კომპოზიცია გაერთიანებულია მცენარეული მოტივებით.

ჩრდილოეთ კედელზე, თაღის აღმოსავლეთით ზემოდან ქვემოთ მოცემულია მოსე დაფიცრე... და იაკობის კიბე, თაღის დასავლეთით - იაკობის კურთხევა და აბრაამის საღმრთო, იაკობის კიბის კომპოზიციაში მხედრული წარწერის მიხედვით მხატვრობა შესრულებულია კათალიკოს იოანე დიასამიძის (მისი კათალიკოსობის წლებია 1688-1691, 1696-1700) თაოსნობით. ოთხივე სცენა და წარწერა ბათქაშის ახალ ფენაზეა შესრულებული. თაღს ზემოთ, ცენტრში, ხელუხლებადაა დატოვებულია ქვედა ფენის მხატვრობის (გვიანდელი ფეოდალური ხანა) ნაწილი - წმინდანის ბიუსტი, რომელიც მედალიონშია ჩასმული და მცენარეული ორნამენტის ფრაგმენტი.
კათედრის შიდა ნაწილის მხატვრობაც ქვედა ფენისაა. გუმბათის სფეროში გამოსახულია ყოვლისმპყრობელი ქრისტე და ოთხი ექვსფრდედი, ქვემოთ, სამხრეთით - ტახტზე მჯდომი ღვთისმშობელი ყრმით; დასავლეთით - შარავანდიანი კაცი კვერთხით ხელში. კათედრის თითოეულ თაღში ორი წინასწარმეტყველია. წმინდანთა თანმხლები ასომთავრული წარწერები დაზიანებულია. სახელთაგან იკითხება: აღმოსავლეთით - მოსე, სამხრეთით - ამბაკუმ, დასავლეთით - გედეონ და იერემია.
ტაძრის გარეგანი ფორმების, მასებისა და გადახურვების ურთიერთგანაწილება, პროპორციები ექვემდებარება წამყვან ელემენტს - ცენტრში აღმართულ მაღალ, მასიურ გუმბათს, რომლის ქვეშ ორფერდა სახურავიანი ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის - დაბალი, ცალფერდა სახურავებით გადახურული სათავსები (სამხრეთისა და ჩრდილოეთის ფასადებზე თავდაპირველად არსებულ მინაშენებს არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ნაგებობის მასათა საფეხუროვან დანაწილებაში).
ფასადების მოსართავად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა და სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. გრძივი ფასადების ზედა იარუსზე დასავლეთის ბურჯების კამარების შესაბამისად შექმნილი, კონსტრუქციულად გამართლებული ღრმა თაღოვანი ნიშებია, რომელთა პილასტრები კონტრფორსების როლს ასრულებს. სავსებით განვითარებული ხასიათისაა მდიდარი, მრავალფეროვანი ჩუქურთმები (დღემდე მხოლოდ ნაწილმა მოაღწია). ტაძრის დეკორატიული მორთულობის სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ფიგურულ რელიეფსაც.
აღმოსავლეთ ფასადის მორთულობის საფუძველია ხუთი დეკორატიული თაღისგან შეკრული სისტემა, რომელშიც ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები. ეს მოტივი გამდიდრებულია შუა, მაღალი თაღის შიდა სიბრტყის მორთულობით. აქ, მარაოსავით გაშლილი სხივების ბოლოებში გამობმულ დისკოებზე მოთავსებულია ერთ-ერთი სამშენებლო წარწერა. ფასადის ძირითად დეკორატიულ ლაქას წარმოადგენს ცენტრალური სარკმლის პოლიქრომიული ჩუქურთმიანი არშიებისაგან შედგენილი საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით. სარკმლის ქვეშ, მის ორივე მხარეს მოთავსებულია V საუკუნის ბაზილიკიდან გადმოტანილი ხარის თავების სკულპტურული გამოსახულებები. იქვეა XI საუკუნის რელიეფები - ორი მფრინავი ანგელოზი. სიმეტრიულად განლაგებული ანგელოზები კომპოზიციურად მორგებულია ამ ადგილთან, მაგრამ მათი სტილისტური და შინაარსობრივი დაკავშირება დანარჩენ ნაწილებთან (სარკმლის გაფორმება, ხარის თავები) წმინდა გარეგნულ ხასიათს ატარებს, ვინაიდან ეს რელიეფები მოგვიანებით, შეკეთების დროს არის აქ გადმოტანილი.
ხარის თავებს შორის მოთავსებულია რელიეფი - ვედრების კომპოზიცია. იქვე მხედრული წარწერაა (მასში მოხსენიებულია კათალიკოსი ნიკოლოზ მაღალაძე), რომელიც თარიღდება 1674 წლით. ფასადის ზედა მონაკვეთში ლომისა და არწივის, ტაძრის თანადროული, მაღალრელიეფიანი გამოსახულებებია.
გრძივი ფასადები მორთულია დეკორატიული თაღებით და შეწყვილებული პილასტრებით. ისინი არ არიან ერთ სისტემაში გაერთიანებული და მხოლოდ ცალკეულ დეკორატიულ აბზაცებს ქმნიან. მიუხედავად ელემენტების სხვადასხვაობისა და ფორმების ასიმეტრიულობისა, ფასადები ჰარმონიული და გაწონასწორებულია. ნგრევისა და ჩატარებული რესტავრაციების შედეგად გრძივი ფასადების თავდაპირველი მხატვრული სახე ერთგვარად დარღვეულია, თუმცა სარკმელთა საპირეები, სათაურები და რელიეფები ძირითადად XI საუკუნეს მიეკუთვნება.
ტაძრის ფასადების მორთულობის პირვანდელი სისტემა (კარ-სარკმელთა მორთულობა) ძირითადად შენარჩუნებულია დასავლეთის ფასადზე. ფასადის ამაღლებული, ცენტრალური ნაწილი ხაზგასმულია ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი ფართო დეკორატიული თაღით, რომლის შიგნით სარკმლის გარშემო თავმოყრილია მდიდრული ორნამენტულ-დეკორატიული მორთულობა. ფასადის კომპოზიციას ასრულებს ფრონტონის სამფიგურიანი რელიეფი, რომელიც ავსებს თავისუფალ არეს ლავგარდანსა და დეკორატიულ თაღს შორის. იგი პირვანდელი სახით არის შემორჩენილი. აქ წარმოდგენილია საყდარზე მჯდომი ქრისტე, რომელიც მარჯვენათი აკურთხებს, ხოლო მარცხენა ხელში დახურული წიგნი უჭირავს. შთაბეჭდილების გასაძლიერებლად რაკუსში გამოსახული ქრისტე კომპოზიციაში აბსოლუტური ზომებითაც (სიმაღლე 1,4 მ) გამოირჩევა. ქრისტეს მარჯვნივ გამოსახულ ანგელოზს სურა უპყრია ხელთ, ხოლო მეორეს - მრგვალი საგანი (სავარაუდოა, სეფისკვერი). ეს არის ამაღლების, მეორედ მოსვლის კომპოზიცია, რომელშიც მოკლე და ლაკონიური ფორმულის სახით ხორცშესხმულია მოძღვრება ევქარისტიის შესახებ. ამ კომპოზიციასთან შინაარსობრივი კავშირია ამავე ფასადზე, კედლის განაპირა სიბრტყეებზე (ნახევარსვეტებსა და კედლის ნაპირებს შორის) სიმეტრიულად განლაგებული მცენარეთა რელიეფური გამოსახულებები - სიცოცხლის ხის მოტივი.
ტაძრის ყველა ფასადს ეტყობა სხვადასხვა დროის შეკეთების ნიშნები, გუმბათის ყელი, მისი სარკმლების მორთულობა და რთულპროფილიანი ჩუქურთმით შემკული ლავგარდანი XV საუკუნისაა, გუმბათის სარტყელი და სხვა მცირე შეკეთებები XVII საუკუნეს მიეკუთვნება, ხოლო გრძივი ფასადის კლასიცისტური პროფილები და ტოსკანური ნახევარსვეტები - XIX საუკუნეს.
სვეტიცხოვლის ტაძრის აგების პერიოდი ემთხვევა ცალკეული ქართული პროვინციების ერთიან სახელმწიფოდ გაერთიანებისათვის ბრძოლისა და ფეოდალური საქართველოს სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ მომძლავრების ხანას. მასში სრულად არის ასახული განვითარებული ფეოდალური ხანის ქართული ხუროთმოძღვრული ძეგლებისათვის დამახასიათებელი ნიშნები, რომლებმაც განვითარება ჰპოვა ფეოდალური ხანის ქართულ მონუმენტურ არქიტექტურის ცხოველხატული სტილის ეპოქაში. ეს არის გუმბათოვანი ტაძარი მკაფიოდ ხაზგასმული გრძივი ღერძით და მასებით, რომლებიც სივრცეში ჯვრის ფორმას ქმნიან; დასავლეთის მკლავი უფრო გრძელია, ხოლო აღმოსავლეთის აფსიდი გარე კედლების ოთხკუთხედშია ჩაწერილი; გუმბათი ეყრდნობა ოთხ თავისუფლად მდგომ ბოძს; ინტერიერში კედლის ზედაპირი დაფარულია მხატვრობით; გადახურვის კონსტრუქციებშიც, თაღისა და კამარის გარდა, გამოყენებულია აფრები; შინაგანი სივრცის და გარეგანი მასების საერთო პროპორციები მოხდენილი და მსუბუქია, ტექტონიკური წყობის მისწრაფება - დინამიური, ზეაღმართული.
მელქისედეკ კათალიკოსის სასახლე მდებარეობს სვეტიცხოვლის გალავნის სამხრეთ კედლის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის ქვეშ. თარიღდება XI საუკუნით. ძირითადი ნაგებობაა მელქისედეკისეული სასახლე (38,5 X 18,5 მ). საძირკველზე ორსაფეხურიანი ცოკოლი და ქვიშაქვის კარგად გათლილი კვადრებით ნაშენი კედელია ამოყვანილი (სისქე 0,8 მეტრამდე). დუღაბად კირის ხსნარია გამოყენებული. ნაგებობის კედლებზე როგორც ფასადებზე, ისე შიგნით 3,4-3,5 მეტრის მანძილზე პილასტრებია. სასახლეს კარი (სიგანე 3,5 მ) ჩრდილოეთ მხარეს აქვს. აქ აღმოჩნდა თლილი ქვის იატაკის ნაშთი. დადგინდა, რომ სასახლე დაშენებულია უფრო ძველ კულტურულ ფენაზე - საძირკვლის ქვეშ გამოვლინდა რიყის ქვითა და ტალახის ხსნარით ნაგები კედელი და IX საუკუნის კერამიკული მასალა.
მელქისედეკის სასახლე რამდენიმეჯერ გადაუკეთებიათ. პირველად XIV საუკუნეში კარგად გათლილი კვადრებით შეუკეთებიათ და აღუდგენიათ სამხრეთის კედელი, მისთვის მოუშლიათ ორსაფეხურიანი ცოკოლი, ხოლო სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებისათვის გარედან, ყოველი 6-7 მეტრის გამოშვებით, მიუშენებიათ კონტრფორსები, რომლებიც მოპირკეთებულია ასევე კარგად გათლილი კვადრებით. სამხრეთ კედელს 5 კონტრფორსი აქვს (გეგმით ორი მათგანი სწორკუთხაა, ხოლო სამი სამკუთხა შვერილით მთავრდება.) ზოგან კონტრფორსები ფარავენ ადრინდელ პილასტრებს. შემდეგ სასახლისათვის აღმოსავლეთიდან მიუდგამთ მინაშენი, რომელიც მსგავსად სასახლისა კარგად გათლილი ქვიშაქვის კვადრებითა და კირხსნარით არის ნაგები. მინაშენის აღმოსავლეთ კედელზე შემორჩენილია პილასტრი, ხოლო სამხრეთ კედელში ბუხარია დატანებული.
მესამეჯერ ძალზედ დანგრეული სასახლე და მინაშენი როსტომ მეფეს და მარიამ დედოფალს XVII საუკუნეში სვეტიცხოველთან ერთად შეუკეთებიათ და აღუდგენიათ. ნაგებობის პერიმეტრში ჩასმულია კვადრატული აგურით ნაგები, კამარებით შეკრული, სამწყება ბურჯებზე დაყრდნობილი ორმალიანი შენობა. ამავე ხანისა უნდა იყოს აქვე გათხრილი ორი დიდი მარანი.
შემდგომ პერიოდში სასახლე მთლიანად დანგრეულა. აქ გამოვლინდა დარბაზული ტიპის გლეხთა საცხოვრებელი სახლები და მარნები. სახლები ნაგებია ნატეხი ქვის, აგურისა და რიყის ქვის შერეული წყობითა და თიხის ხსნარით. აღმოჩენილია ამ პერიოდისათვის დამახასიათებელი მასალა: სხვადასხვა სახის თიხის ჭურჭელი, აგურისა და კრამიტის ნატეხები, რამდენიმე მონეტა.
სვეტიცხოვლის ტაძარს გარს აკრავს გეგმით თითქმის კვადრატული გალავანი ( გარე ზომები 121,6 მ X 110,5 მ). იგი აგებულია 1787 წელს ერეკლე II-ის ბრძანებით, რასაც ადასტურებს სამხრეთის შესასვლელის თავზე ამოკვეთილი მხედრული წარწერა: ბრძანებისა მისისა უმაღლესის ირაკლი მეორისა ქართლისა და კახეთის მეფისათა შემოვლებულ იქნა და განახლებული ზღუდე წმიდისა ამით ეკლესიისა მცხეთისა სიმაგრეების თურთ თავისით და აგრეთვე ეკლესია შიგნით და გარეთ განახლებულ დერეფანი ეკლესიისა ახლად დაწერილი და დახატული მამადმთავრობასა მისა ანტონი მეფისა ძისა მუშაკთა ზედა მდგომელთა წმიდისა ეკლესიისა ზღპზ ივლისის კბ.“ ამავე წარწერიდან ირკვევა, რომ სვეტიცხოველს ადრეც ჰქონია გალავანი, რომლის ფრაგმენტები ჩართულია დღევანდელ გალავანში (ჩრდილოეთის კედელი). გალავნის ძველი ნაწილი ნაგებია ნატეხი ქვით, ადგილ-ადგილ თლილი ქვაცაა გამოყენებული. ერეკლესდროინდელი ნაგებობები კი ძირითადად რიყის ქვითაა ნაშენი. ქონგურებზე და სალოდეებზე გამოყენებულია აგურიც.
გალავანი ორიარუსიანია: ქვედა ნაწილი მთლიანად ყრუა, ზედას გასდევს საბრძოლო ბილიკი, კედელში განლაგებულია სათოფეები და სალოდეები. გალავანს ერთი სიმაღლის ექვსი ცილინდრული (ოთხი კუთხეებში და თითო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის შუა ნაწილში) და ორი ოთხკუთხა (სამხრეთისა და ჩრდილოეთის კედლების შუაში) კოშკი აქვს.
კოშკები ორ და სამსართულიანია, ბოლო სართულები ბანს წარმოადგენს. კარი ყველა კოშკს ეზოს მხარეს აქვს. მეორე სართულზე სათოფურებია, ხოლო ბანზე - სათოფურები და სალოდეები. კოშკებისა და კედლების ზედა ხაზი ნახევარწრიული ქონგურებით მთავრდება, კოშკებში სართულშუა გადახურვა ხის ყოფილა.
გალავნის სამხრეთ კედელში გაჭრილია ჭიშკარი (როგორც ჩანს, მელქისედეკის კარიბჭისა და მის ჩრდილოეთით მდებარე გვიანდელი სამრეკლოს გასასვლელები ადრევე იყო გაუქმებული). გარდა ამისა, სამხრეთის და ჩრდილოეთის კედლებში ერთმანეთის პირისპირ კიდევ ორი ვიწრო კარია.
ყველაზე რთულია გალავნის დასავლეთ მხარე. ამ მხარესაა სამრეკლო და IX საუკუნის კარიბჭე, ხოლო შიგნიდან კედლებზე სხვადასხვა დროს მიშენებულია საცხოვრებელი თუ სხვა დანიშნულების ნაგებობანი.
კარიბჭე გალავნის დასავლეთი მხარის ცენტრალურ ნაწილშია. აგებულია 1029 წელს, ტაძრის მშენებლობის დამთავრების შემდეგ, კათალიკოს მელქისედეკის ბრძანებით.
1964-1965 წლებში ჩატარდა კარიბჭის სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები. ამ სამუშაოების ჩატარებამდე კარიბჭის უმეტესი ნაწილი (განსაკუთრებით დასავლეთის ფასადი) მიწით იყო დაფარული და მასზე აგურით ნაგები გვიანდელი ხანის კონტრფორსები იყო მიშენებული. რესტავრაციის შედეგად ფასადი გაიწმინდა გვიანდელი დანამატებისაგან და კარიბჭე თავდაპირველი სახით აღდგა.
კარიბჭე ორსართულიანია, ნაგებია კარგად გათლილი თანაბარი კვადრებით. მის პირველ სართულზე, ფართო შეისრულთაღიანი გასასვლელის ორივე მხარეს მოთავსებულია ოთახები (თითოეული 22 კვ.მ); მეორე სართულზე დარბაზია (70 კვ.მ), რომელიც დასავლეთის მხარეს სვეტებიანი თაღების სამი მალითაა გახსნილი. სამმაგი თაღი მოჩარჩოებულია პროფილირებული სარტყლით, რომელზედაც ასომთავრული წარწერაა („ქრისტე ადიდე შენ მიერ დამყარებული მეოხე ჩვენი ქრისტეს მიერ მელქიზედეკ ქართლისა კათალიკოსი რომელმან მეორედ აღაშენა წმინდა კათოლიკე ესე სალხინებელად სულისა მათისა“). გასასვლელის ორივე მხარეს თითო ოთხწახნაგა სამმეოთხედიანი პილასტრია ფესტონებიანი კაპიტელებითა და სადად პროფილირებული ბაზისებით. ეს შვერილები სამმაგი თაღის ჩარჩოს ქვედა ხაზს ქვემოთ კედელს უკავშირდება მცირე ზომის ნიჟარისებრი თაღებით (ტრომპებით). შესასვლელის თაღის ზემო ნაწილში, ორივე მხარეს მწვანე ქვიდან ნაკვეთი ხარის თავების სკულპტურული გამოსახულებებია. ოთხწახნაგა შვერილების აქეთ-იქით მაღალი სამკუთხა ნიშებია. სვეტიცხოვლის კარიბჭე ქართული საერო არქიტექტურის მნიშვნელოვანი ძეგლია.
ანტონ II კათოლიკოსის სასახლე - ორსართულიანი ქვითკირის ნაგებობაა. ზედა სართულზე ხუთი ოთახია. სასხლე დგას ტაძრის ეზოში, გალავნის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში. აგებულია XVIII საუკუნის დასასრულს. გადაკეტებულია და სეცვილი აქვს პირვანდელი სახე.
სვეტიცხოვლის ტაძარი, ისე როგორც ეპოქის სხვა წამყვანი კათედრალები, გამორჩევა თავისი აბსოლუტური ზომებით - იგი შუა საუკუნეების საქართველოს ყველაზე დიდი ნაგებობაა.

No comments:
Post a Comment