ალავერდი

ალავერდიალავერდის კომპლექსი მდებარეობს კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ ალავერდსი სამხრეთ-აღმოსავლეთით - 200 მეტრზე.
კომპლექსში შედის ტაძარი. გალავანი, სამრეკლო, პალატი, სასახლე, მარანი და აბანო.
 ალავერდში წმ. გიორგის სახელობის ეკლესია VI საუკუნის შუა წლებში ააგო ერთმა ასურელმა მამათაგანმა - იოსებ ალავერდელმა. სავარაუდოა, რომ აქ ძველთაგანვე იყო წარმართული სამლოცველო. XI საუკუნის დასაწყისში, კვირიკე კახთა მეფის დროს, თავდაპირველი პატარა ეკლესიის ნაცვლად აშენდა დიდი ტაძარი, რომელიც საეპისკოპოსო ცენტრად და კახეთის მეფეთა საძვალედ იქცა. ალავერდშია დაკრძალული მისი დამაარსებელი - იოსებ ალავერდელი, ქეთევან დედოფლის ნეშტის ნაწილი, ალექსანდრე II და მისი ძე გიორგი, რომელთა მკვლელმა - კონსტანტინე I-მა - მამისა და ძმის მოჭრილი თავები l605 წელს შაჰ-აბასს გაუგზავნა. აქ დაკრძალეს 1663 წელს ასტრაბადში გარდაცვლილი მეფე თეიმურაზ I.
ალავერდი მსხვილი ფეოდალურ-საეკლესიო სამფლობელო იყო. მისი ყმა-მამულის უმეტესობა ტაძრის ირგვლივ მდებარეობდა, ნაწილი კი სხვადასხვა სოფელში იყო გაფანტული. XVI საუკუნიდან ალავერდელმა ეპისკოპოსებმა მიტროპოლიტის ტიტული მიიღეს. XVII-XVIII საუკუნეებში ალავერდში, ადრე არსებულ მამათა მონასტერთან ერთად, დედათა მონასტერიც მოქმედებდა, სადაც მონაზვნებად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ.
ალავერდი ლიტერატურული საქმიანობის მძლავრი კერაც იყო. ჰქონდა მდიდარი ბიბლიოთეკა. აქ მოღვაწეობდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობრები: ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVIII ს.), ნიკიფორე ირბახი (XVIII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვა.
XV საუკუნის 80-იან წლებში კახთა მეფემ ალექსანდრე II-მ, დედამისმა ნესტან-დარეჯანმა და დედოფალმა ანამ განაახლეს და მოახატვინეს ალავერდის ტაძარი, უხვად უბოძეს ყმა-მამული. ამ დროს აღადგინეს გუმბათის ყელი და კედლების ცალკეული ნაწილები. 16l4 წელს ალავერდი და მისი მამულები შაჰ-აბას I-მა დაარბია.
XVII საუკუნის შუა წლებში მომთაბარე თურქმანებმა ალავერდის მამულები საძოვრებად აქციეს, ტაძარი და მისი გალავანი ციხე-სიმაგრედ და შიგ ყიზილბაში მეციხოვნეები ჩააყენეს. 1660 წელს აჯანყებული კახელები თავს დაესხნენ ალავერდისა და ბახტრიონის ციხეებს და მთლიანად ამოწყვიტეს იქ გამაგრებული თათრები.
XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ალავერდი ლეკებმა დაარბიეს. 1721 წელს მთავარეპისკოპოს ნიკოლოზ ჩოლოყაშვილის თაოსნობით შეკეთდა ტაძარი და გალავანი. 1735 წელს ტაძარი თამაზ-ხანმა მოთხარა. მნიშვნელოვნად დაზიანდა ტაძარი 1742 წლის მიწისძვრის დროს. 1750 წელს ტაძრის განახლება დაიწყო დედოფალმა თამარმა (თეიმურაზ II-ის მეუღლემ) და დაამთავრა მისმა ძემ ერეკლე II-მ. შეაკეთეს მთავარი ნავის კამარა, ჩრდილოეთ პატრონიკე, ააგეს დასავლეთ კარიბჭე. XIX საუკუნის 40-იან წლებში რუსულმა საეკლესიო ხელისუფლებამ მოსპო სამხრეთ და ჩრდილოეთ კარიბჭეები. შემდეგ ტაძარი შიგნიდან და გარედან მთლიანად შეათეთრეს.
ტამარში 1965-1968, 1970-1975 წლებში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები. 1967 წელს საკურთხევლის აბსიდში აღმოჩნდა თეთრ ფონზე შავი საღებავით შესრულებული წარწერა, რომელიც აბსიდს მთელ სიგრძეზე დაუყვებოდა. იგი შესრულებული იყო მოზრდილი, დაახლოებით 10-12 სანტიმეტრის სიმაღლის ასოებით - ორ სტრიქონად. წარწერის შესრულების თარიღია 1104-1112 წლები. შესწავლილი იქნა წარწერის შემორჩენილი ტექსტის ექვსი ფრაგმენტი. მასში მოხსენიებულია მეფე დავით აღმაშენებელი და საუბარია დაზიანებული ტაძრის აღდგენითი სამუშაოების შესახებ.
წარწერის ქვემოთ, ნალესობის გვიანდელი ფენის ჩამოხსნის შემდეგ, აბსიდის ღერძზე მდებარე ნიშის ორივე მხარეს გამოჩნდა მიჯრით განლაგებული ხუთ-ხუთი ანალოგიური ნიში. 1970-1975 წლებში თუნუქის სახურავი შეცვალეს ბაზალტის ლორფინებით. აიღეს უსახური გვიანდელი კანკელი.
1988 წელს გაიწმინდა ტაძრის აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადის აღმოსავლეთ ნაწილი. გამოვლინდა ფასადთა მორთულობის დეკორატიული ელემენტები. სამხრეთ ფასადის გასწვრივ მიწის ფენის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა შირიმის ცოკოლის სამი საფეხური. ხოლო სამხრეთ შესასვლელის წინ გეგმით კვადრატული კარიბჭის საძირკველი. გაიწმინდა და კონსერვაცია გაუკეთდა ტაძრის ჩრდილოეთ კედელთან მდგარ ერთნავიან ეკლესიას, რომლის სამხრეთ კედელი ტაძრის ჩრდილოეთ კედელშია ჩართული. ტაძრის ჩრდილოეთ მკლავის აბსიდში გამოვლინდა ფართო და მაღალი თაღოვანი შეღრმავება: მისი უმეტესი ნაწილი აბსიდის აღმოსავლეთ ნახევარშია მოქცეული. შეღრმავება მოგვიანებით აგურის წყობით შეუვსიათ, რომელშიც როგორც ჩანს ტაძრიდან ერთნავიან ეკლესიაში გასასვლელი იყო მოწყობილი. გვიანდელი იატაკის მოხსნის შემდეგ გამოჩნდა თავდაპირველი, აგურის ექვსკუთხა ფილებით მოგებული იატაკის ფრაგმენტები და გუმბათქვეშა ბურჯების პროფილირებული ბაზების ქვედა ნაწილები. 1991 წელს გვიანდელი ნალესობისაგან გაიწმინდა: გუმბათის ყელი, სადიაკვნე, დასავლეთ მკლავის კედლები და კამარა. ტაძარში დაიგო ცემენტის ექვსკუთხა ფილები.
ასევე, 1991 წელს ტაძრის ინტერიერში ჩატარდა არქეოლოგიური სამუშაოები. ტაძრის იატაკის ქვეშ, გვიანდელი ფენის აღების შემდგომ გამოჩნდა ნაგებობა, რომელზედაც ტაძარია დაშენებული. შენობა დამხრობილია აღმოსავლეთ-დასავლეთის ღერძზე და მოიცავს ტაძრის ცენტრალურ და ჩრდილოეთ და ნაწილობრივ სამხრეთ ნაწილსაც. იგი დაშენებულია უფრო ძველ ნაგებობაზე და ნაწილობრივ იმეორებს მის გეგმას. ზედა ფენის კედლები ნაგებია ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და კირის დუღაბით. ქვედა ფენის კედლები კი რიყის ქვითა და ტალახით. მრავლადაა მოპოვებული IV-X საუკუნეების მოწითალო ფერის კერამიკა. სულ გაითხარა 15 სამარხი - ყველა ქრისტიანული. ერთ-ერთ სამარხში დაკრძალული ყოფილა თეიმურაზ I-ის რძალი, ბატონიშვილი დავითის თანამეცხედრე, მეორეში - ეპისკოპოსი პიროსი (1873-1922 წწ).
http://dzeglebi.com/img/max_img/alaverdi/1.jpg

ალავერდის ტაძარი ერთ-ერთი უდიდესი საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში (41,7 X 26,4 მ. სიმაღლე გუმბათიანად - 50 მეტრს აღემატება). ნაგებია რიყის ქვით. კედლები შიგნიდან და გარედან მოპირკეთებულია შირიმის კვადრებით. გვიანდელი შეკეთების დროს აღდგენილი ნაწილები აგურისაა.
ტაძრის გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის სამი, ერთმანეთის ტოლი მკლავი ნახევარწრიული აბსიდით მთავრდება და ქმნის ე. წ. ტრიკონქს. უაბსიდო დასავლეთ მკლავი წაგრძელებულია და აქვს გვერდითი ნავები, რომლებსაც ელიფსური ფორმის თაღების წყვილი მალით უკავშირდება. თაღები ვარსკვლავისებურ ბოძზეა დაყრდნობილი. შესასვლელი დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდანაა. საკურთხეველი რომელიც ნახევარწრიულ აბსიდსა და მის წინ მდებარე ბემას მოიცავს, თავდაპირველად სამი საფეხურით იყო შემაღლებული. საკურთხევლის გვერდებზე - სამკვეთლო და სადიაკვნეა, რომელთა ზემოთ აბსიდიანი თითო სათავსია. საკურთხევლის, ისევე როგორც განივი მკლავების აბსიდების წინ, კედლის შეღრმავებულ ნაწილში, თითო ფართო და მაღალი თაღოვანი გასასვლელია, მათ ზემოთ კი სამკვეთლოსა და სადიაკვნეს თავზე განლაგებული სათავსების თითო თაღოვანი სარკმელი გამოდის. საკურთხეველში და გვერდის აბსიდებში, სამ-სამი მაღალი თაღოვანი სარკმელია. გვერდის აბსიდების სარკმლები იმდენად მაღლაა, რომ მათი თაღების წვერი კონქის ქუსლის დონეს აღწევს. საკურთხევლის აბსიფდში გეგმით ნახევარწრიული და მაღალი თერთმეტი თაღოვანი ნიშია, რომლებიც მღვდელმსახურთა ჩამოსაჯდომად იყო განკუთვნილი. ნიშებს შორის თითო ნახევარსვეტია, რომლებზედაც ნიშების დამაგვირგვინებელი თაღედია დაყრდნობილი. აბსიდს მთელ სიგრძეზე გასდევს საფეხური. ჩრდილოეთ აბსიდში, სადაც იოსებ ალავერდელის საფლავია, ბოლოებთან, მიჯრით განლაგებული ორ-ორი აბსიდისმაგვარი ნიშია, რომლებსაც ირგვლივ თითო სადა ლილვი ევლება. ჩრდილოეთ და სამხრეთ მკლავების აბსიდების ორივე კუთხეს, გარკვეულ სიმაღლეზე, ნახევარსვეტი აუყვება, რათა კაპიტელებზე დაყრდნობილია აბსიდის წინ მდებარე გასასვლელების თაღები.
დასავლეთ მკლავის დასავლეთ კედლის ღერძზე ფართო და მაღალი თაღოვანი შესასვლელი იყო მოწყობილი, რომელიც მოგვიანებით ოდნავ შეუვიწროებიათ და მნიშვნელოვნად დაუდაბლებიათ. შესასვლელის ორივე მხარეს თითო მძლავრი პილასტრია, რომლებზედაც დაყრდნობილია პატრონიკეთა დამაკავშირებელი ღია გადასასვლელი. ტაძრის დასავლეთ მკლავის გვერდებზე მდებარე ვიწრო ნავები განივი მიმართულებით გადაყვანილი საბჯენი თაღით გაყოფილია ორ-ორ სწორკუთხა, ჯვაროვან კამარით გადახურულ ნაწილად.
http://dzeglebi.com/img/max_img/alaverdi/2.jpg

სამხრეთ ნავის აღმოსავლეთ ნაწილის სამხრეთ კედელში ტაძრის შესასვლელია (ამჟამად ამოშენებულია). დასავლეთ ნაწილში, სამხრეთით და დასავლეთით, თითო სარკმელია. ჩრდილოეთ ნავი სამხრეთის ანალოგიურია. ნავის ჩრდილოეთ კედელში ერთი ვიწრო და დაბალი კარია. კარის თავზე, კედელში, პატრონიკეზე ასასვლელი კიბეა, რომელიც ნავის დასავლეთ ნაწილში იწყება. დასავლეთ მკლავის გრძივ კედლებს, პატრონიკეს იატაკამდე, თითო მარტივი პილასტრი ასდევს (პილასტრები თავდაპირველად კედლებს მთელ სიმაღლეზე ასდევდა და მათ კამარის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა). ამ დონემდე ორივე კედელი თავდაპირველია, ზედა ნაწილი კი -
გვიანდელი. მათგან ჩრდილოეთ კედელი ყრუა, სამხრეთისაში კი ოთხი მცირე სიღრმის თაღოვანი ნიშია. ყოველ მათგანში პატრონიკეს თითო თაღოვანი სარკმელი გამოდის. თავდაპირველად ორივე პატრონიკე მკლავის სივრცეში ოთხ-ოთხი ფართო თაღით იყო გახსნილი, რომლებიც წყვილ-წყვილად იყო განლაგებული ნავთა გამყოფი თაღების თავზე და მოჩარჩოებული იყო შეწყვილებულ ნახევარსვეტებზე დაყრდნობილი თაღებით (დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ კიდეში შემორჩენილია ნახევარსვეტები და მათზე დაყრდნობილი თაღის ნაწილი). მკლავის კამარა, რომელიც 1750 წელს დაწყებული რემონტის დროსაა განახლებული, კედლების ზედა ნახევართან ერთად აგურითაა ნაწყობი და აგურისავე ოთხ საბჯენ თაღს ეყრდნობა, თაღები - კონსოლებს.
 
http://dzeglebi.com/img/max_img/alaverdi/3.jpgსამკვეთლო და სადიაკვნე ცილინდრული კამარით გადახურული ფართო სწორკუთხა სადგომებია, რომელთაც აღმოსავლეთით ნახევარწრიული აბსიდები აქვთ. თითოეული მათგანის აბსიდში და გვერდის კედელში თითო თაღოვანი სარკმელია (სამკვეთლოს ჩრდილოეთ სარკმელი მოგვიანებით ამოუშენებიათ). შესასვლელი ორივე სადგომს დასავლეთიდან აქვს. სამკვეთლოს სამხრეთ კედელში თითო განიერი და ღრმა თაღოვანი ნიშია, რომელიც იატაკის დონიდან იწყება და კამარის ქუსლამდე ადის. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს დასავლეთით ჯვაროვანი კამარით გადახურული თითო პატარა კვადრატული სათავსია. ორივე სათავსი თითო ფართო და მაღალი თაღით დაკავშირებული იყო, როგორც აღმოსავლეთის, ასევე შესაბამის განივ მკლავთან. მოგვიანებით თაღები აგურით ამოუშენებიათ და დაუდაბლებიათ. ანალოგიურადაა ამოშენებული განივი მკლავებიდან გვერდის ნავებში გამავალი თაღებიც. სამხრეთ სათავსს სამხრეთიდან, ხოლო ჩრდილოეთისას ჩრდილოეთიდან სხვადასხვა ფორმის ნაწილები ეკვრის. სამხრეთ ნაწილი სამწახნაგოვანია და კონქითაა გადახურული. თითოეულ წახნაგში თითო ნახევარწრიული აბსიდია. ამ ე. წ. ტრიკონქის შუა აბსიდის ზედა ნახევარში გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, რომელიც სადიაკვნეს თავზე მოწყობილ სადგომში ასასვლელი კიბის უჯრედში გადის. ჩრდილოეთ სათავსიდან ჩრდილოეთით დაბალი სწორკუთხა გასასვლელია, რომლითაც იგი ვიწრო და მაღალ სწორკუთხა ოთახს უკავშირდება. გასასვლელის თავზე განმტვირთავი თაღია, ხოლო თაღის ზემოთ კი - ვიწრო სწორკუთხა სარკმელი. ამ ოთახშია სამკვეთლოს თავზე მდებარე სადგომში ასასვლელი კიბე. კიბე და ოთახის კედლები (ჩრდილოეთ კედლის გარდა) თავდაპირველია, ნაგებია რიყის ქვით. ჩრდილოეთ კედლის უმეტესი ნაწილი აგურისაა. ამ კედელში ბრტყელი ნიში და ერთი ვიწრო სარკმელია. სადიაკვნეს თავზე მდებარე სადგომში ასასვლელი კიბის შესასვლელი მოწყობილია სამხრეთ მკლავიდან კვადრატულ სათავსში გასასვლელი ღიობის სამხრეთ წირთხლში. კიბე განათებულია სამხრეთ კედელში გაჭრილი ორი ვიწრო და მაღალი სარკმლით, მათგან ერთი კიბის პირველი მარშის ბოლოშია, მეორე ტრიკონქის სარკმლის მოპირდაპირედ. კიბე სადიაკვნის ზემოთ მდებარე მაღალი და ფართო სადგომის დასავლეთ ნაწილში ადის, რომლის იატაკი აღმოსავლეთ ნაწილთან შედარებით ერთი მეტრით დაბლაა. სადგომის კედლები მთლიანად რიყის მოზრდილი ქვითაა ნაწყობი. რიყის ქვისაა აბსიდის კონქიც და კამარაც. კამარა ეყრდნობა შირიმის კვადრებით ნაწყობ ორ საბჯენ თაღს, რომელთაგანაც ერთი სადგომის შუაშია, მეორე - დასავლეთ კედელთან. სადგომის დასავლეთ ნაწილში მოწყობილი ყოფილა ხის ღია ბაქანი მგალობელთათვის, რომლებიც სახით იდგნენ ფართო და მაღალ თაღოვან ღიობებთან (ამჟამად ამოშენებულია). ერთი მათგანი აღმოსავლეთის მკლავში გადიოდა - მეორე სამხრეთ მკლავში. აბსიდის სარკმლის გარდა სადგომს, კიდევ ოთხი სარკმელი აშუქებს. ოთხივე სარკმელი სამხრეთ კედელშია. მათგან ორი - კედლის ზედა ნაწილში მდებარე - მრგვალია, ორიც თაღოვანი და იატაკის დონიდან იწყება. აბსიდის სარკმლის მარჯვნივ მაღალი, გეგმით ნახევარწრიული თაღოვანი ნიშია. დასავლეთ კედლის სამხრეთ ნაწილში თაღოვანი შეღრმავებაა. სამხრეთ კედლის დასავლეთ კიდესთან, კამარის ქუსლის დონეზე, სწორკუთხა ხვრელობია, რომელიც სადგომს კამარების თავზე არსებულ სასვლელებთან აკავშირებს.
http://dzeglebi.com/img/max_img/alaverdi/4.jpgჩრდილო-აღმოსავლეთ სადგომი ფორმითა და დაყოფით სამხრეთ-აღმოსავლეთ სადგომის მსგავსია. განათებულია სამი თაღოვანი სარკმლით, რომელთაგან ორი აბსიდშია, ერთი - ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. სადგომის დასავლეთ
კედლის ჩრდილოეთ ნახევარში მცირე სიღრმის განიერი ნიშია, რომელშიც ადამიანის სიმაღლეზე გაკეთებულია პატარა ბაქანი, საიდანაც იწყება კამარის თავზე არსებულ სივრცეში ასასვლელი ქვის შიდა კიბე. სადგომის კამარა რიყის ქვისაა, დაყრდნობილია შირიმის ნათალი ქვებით ნაწყობ ორ საბჯენ თაღზე.
ტაძრის დასავლეთ მკლავის გვერდებზე, მეორე სართულის დონეზე, პატრონიკეებია.
ჩრდილოეთ პატრონიკე, რომელიც ტაძრის პირველი რესტავრაციის დროს თითქმის მთლიანადაა აღდგენილი, ნახევრად ბნელი სათავსია. განათებულია სამი პატარა სარკმლით (ორი ჩრდილოეთ კედლის ზედა ნაწილშია, ერთი - დასავლეთით). სათავსს თავდაპირველი კედლებიდან მხოლოდ აღმოსავლეთისა შემორჩა, რომელზედაც მიშენებულია აგურით ნაგები კედელი, რომელშიც მოწყობილია ორი განიერი და მაღალი თაღი. მათგან ერთი, რომელიც პატრონიკედან ჩრდილოეთ მკლავში გამავალი ღიობის გაგრძელებაზეამ, მოგვიანებით აგურით ამოუშენებიათ. მეორე - ჩრდილოეთით მდებარე - ღიაა. ამ თაღში მოჩანს ტაძრის თავდაპირველი, შირიმით ნაგები კედლის ნაწილი, რომლის სისქეში მოწყობილია გუმბათის ყელის ირგვლივ და სამივე მკლავის კამარის თავზე არსებულ სივრცეებთან დამაკავშირებელი კიბე. კიბის ნაწილი დასაწყისში ძველია - ერთმარშიანი, ხოლო ზემოთ (კედლის განახლებულ ნაწილში) ხრახნულია და აგურითაა ნაწყობი. ჩრდილოეთ პატრონიკეს პირველი რესტავრაციის დროინდელი კამარა და თაღები აღარ შემორჩა. მათ ნაცვლად გამოყვანილია გაცილებით ფართო და რამდენადმე სხვაგვარად განაწილებული ისრული ფორმის თაღები. კამარის ორივე გვერდში თითო მრგვალი ხვრელია - კამარის ზედა სივრცესთან დასაკავშირებლად.
სამხრეთ პატრონიკე ჩრდილოეთ პატრონიკესთან შედარებით უკეთაა შემორჩენილი. XIX საუკუნის შუა წლებში იგი ეგვტერად გადაუქცევიათ და მთლიანად შეულესავთ. ეს ვრცელი და ნათელი სათავსი განათებულია სამი მაღალი (გაგანიერებული?) სარკმლით. ორი მათგანი სამხრეთ კედელშია, ერთი - დასავლეთ კედელში. სათავსი აღმოსავლეთით სწორი კედლითაა დასრულებული, რომელშიც ორი დიდი თაღია გამოყვანილი. მარჯვენა თაღში აბსიდის ფორმის მოზრდილი ნიშია, მარცხენაში კი ტაძრის სამხრეთ მკლავში გამავალი ფართო თაღოვანი ღიობი (ამჟამად ამოშენებულია). პარტონიკე გადახურულია მოგვიანებით აღდგენილი სამცენტრიანი კამარით, რომელიც ორ საბჯენ თაღს ეყრდნობა.
ჯვრის მკლავების გადაკვეთაზე აღმართული გუმბათი (სიმაღლე იატაკიდან წვერამდე 43 მ) თექვსმეტსარკმლიანია და კაპიტელებით დაგვირგვინებულ ოთხ მძლავრ ბურჯს ეყრდნობა. XVI საუკუნის შეკეთების დროს გუმბათი საყრდენ თაღებთან ერთად მთლიანად აგურითაა განახლებული.
დასავლეთ კარიბჭე XVIII საუკუნეში უნდა იყოს აგებული, ადრე არსებული კარიბჭის ადგილზე. ტაძრის დასავლეთ შესასვლელის გვერდებზე შემორჩენილია თავდაპირველი კარიბჭის შირიმით ამოყვანილი ორ-ორი რთულპროფილიანი პილასტრი და მათზე დაყრდნობილი თაღების მცირე ნაწილები.
ტაძარი მოხატული ყოფილა. საკურთხევლის კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ღვთისმშობლის დიდი ფიგურა. ღვთისმშობელს კალთაში უზის ჩვილი ქრისტე. მარცხენა ხელი ჩვილის მხარზე უდევს, მარჯვენათი კი მის ფეხს ეხება. ღვთისმშობელს აცვია მუქი ლურჯი სტოლა შინდისფერი მაფორიუმით, ქრისტეს - ბაცი მწვანე ქიტონი და მოყვითალო ჰიმატიონი. ღვთისმშობლის მარცხნივ და მარჯვნივ გამოსახული არიან მდიდრულ სამოსში გამოწყობილი მთავარანგელოზები - მიქაელი და გაბრიელი, რომლებსაც ხელში შუბები უჭირავთ.
ბემის კამარის წვერში გამოსახულია მტრედი - სულიწმინდის სიმბოლო. მისგან მარცხნივ - სორიელი, მარჯვნივ - ურიელი. ყველა გამოსახულებას შარავანდი ადგას. ღვთისმშობლის გამოსახულებას ბერძნული წარწერა ახლავს, დანარჩენებს - ასომთავრული.
კონქის მხატვრობა ადრინდელ ძეგლებთან შედარებით მშრალი და უხეშია. გამოსახულებათა სახეები ხასიათდება გვიანდელ პალეოლოგოსთა ძეგლთათვის დამახასიათებელი ნიშნებით და XV საუკუნეს უნდა ეკუთვნოდეს.
ზემოდან მეორე და მესამე რეგისტრებში ეკლესიის მამების მონუმენტური ფიგურებისა და გრანდიოზული ორნამენტის ფრაგმენტებია. ეს მხატვრობა XI საუკუნისაა.
სამხრეთ მკლავის თითქმის მთლიანად გადარჩენილი მოხატულობა ექვს არათანაბარ რეგისტრადაა დაყოფილი. კონქის წვერში ღვთისმშობლის წელზედა გამოსახულებაა ორანტის პოზაში, ჩვილით. კონქი ღვთისმშობლის შობის სცენას უკავია. იგი მრავალფიგურიანია და გამოირჩევა ნარატიული ხასიათით. სარკმლებს შორის ორ-ორი რეგისტრია. ზედა რეგისტრში შემორჩენილია ორი წმინდანის გამოსახულება, ქვედა რეგისტრში - ოთხი წმინდანი, ლაზარეს აღდგინება და კიდევ ერთი სცენის გაურკვეველი ფრაგმენტი. მეოთხე რეგისტრის სამი სცენიდან შემორჩენილია ორი: ამაღლება და სულიწმიდoს მოფენა. მეხუთე რეგისტრში, ცენტრში გვირგვინის დადგმის გრანდიოზული სცენის ფრაგმენტებია. მის მარცხნივ და მარჯვნივ გამოსახული იყო სამ-სამი წმინდა მეომარი. შემორჩენილია სამი მარცხენა გამოსახულება. მარჯვნივ გაირჩევა ერთი მეომრის ფიგურის ნაწილი. სამხრეთ მკლავის მხატვრობა დასრულებულია დეკორატიული ფარდით (შემორჩენილია ფრაგმენტები). ამ მხატვრობის ძირითადი ნაწილი XV-XVI საუკუნეების მიჯნას უნდა განეკუთვნებოდეს, როდესაც ტაძარი კაპიტალურად შეკეთდა. მხატვრობის ქვედა ნაწილი განახლებულია XVIII საუკუნის დასაწყისში.
მხატვრობის ძირითადი ტონებია ბაცი ვარდისფერი, შინდისფერი, თეთრი, ნაცრისფერი და ოქრა. დასავლეთ მკლავში, კარის თავზე და გვერდებზე შემორჩენილია XVI საუკუნის მხატვრობის ფრაგმენტები. თაღში ყოვლისმპყრობელი ქრისტეს წელზედა გამოსახულება. ქრისტეს ხელში უჭირავს გადაშლილი სახარება, რომელზეც ქართული ასოები მოჩანს. კარის გვერდებზე გამოსახულია ხარება - მარცხნივ მთავარანგელოზი გაბრიელია, მარჯვნივ - ღვთისმშობელი (შემორჩენილია უმნიშვნელო ფრაგმენტები). დასავლეთ შესასვლელის ტიმპანზე გარედან გამოსახულია ცხენოსანი წმ. გიორგი, რომელიც გველეშაპს კლავს. შესასვლელის მარცხნივ წმინდა პეტრეს, მარჯვნივ კი წმინდა პავლეს ფიგურებია. ეს მხატვრობა XVI საუკუნის უნდა იყოს.
ტაძრის გარეთა ფორმები სავსებით შეესაბამება შიდა სივრცის სტრუქტურას. ფორმათა ურთიერთგანლაგება და პროპორციები ექვემდებარება წამყვან ელემენტს - ცენტრში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომელიც ორფერდა სახურავით გადახურული ჯვრის მკლავების გადაკვეთაზეა აღმართული. მკლავებს შორის - დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული ნაწილებია. ტაძრის ფასადების დეკორი ძალზე თავშეკავებულია, უზარმაზარი კედლის სიბრტყეები მხოლოდ თაღებითა და ნიშებითაა დანაწევრებული, რაც ხელს უწყობს ტაძრის დიდებულების აღქმას.
აღმოსავლეთ ფასადი თითქმის მთლიანად შირიმის მოზრდილი ფილებითაა მოპირკეთებული. ფრონტონისა და გვერდის ნაწილების დაზიანებული კედლები მოგვიანებით აგურითაა განახლებული. ფასადი სიმეტრიულადაა დანაწევრებული შეჯგუფებული ლილვებით შემოფარგლული ხუთი დეკორატიული თაღით, რომელთაგან ორი ცენტრალური თაღის გვერდებზე არსებულ ღრმა სამკუთხა ნიშებს ევლება. ნიშებს ზემოთ კიდევ თითო პატარა თაღია. თაღების ქვედა ნაწილში თითო წრეა გამოყვანილი, რომლის დიამეტრი თაღის სიგანის ტოლია. თითოეულ წრეში ჩაწერილია სამ-სამი პატარა წრე. ცენტრალური თაღის ზედა ნაწილში წრეზე დაყრდნობილი მცირე ზომის ჯვარია გამოსახული. ჯვრის ქვემოთ, წყობის ერთი რიგის რვა კვადრზე XI საუკუნის ორსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა ამოკვეთილი. მეორე წარწერა ჯვრის მარჯვენა მხარესაა. პირველ წარწერაში მოხსენიებულია გოდერძი ერისთავთერისთავის დისწული, არქიეპისკოპოსი გიორგი ,,რომელმან აღაშენა - კონქი“. მეორეში - იოანე მღვდელმთავარი. მესამე წარწერა სამხრეთ ფასადზეა.
სამხრეთ ფასადიც თითქმის მთლიანად შირიმის კვადრებითაა ნაწყობი. ფასადის შუა ნაწილი გვერდის ნაწილების მიმართ ჩვეულებისამებრ შემაღლებულია და ფრონტონითაა (გვიანდელია) დასრულებული. ფასადის შუა ნაწილში, ზემოთ, მკლავის აბსიდიდან გამომავალი სამი სარკმელია. თითოეულ მათგანს ლილვებით შედგენილი თაღოვანი ჩარჩო ევლება. შუა სარკმლის ზემოთ შემორჩენილია ლილვით გამოყვანილი ჯვრის ქვედა ნაწილი. სარკმლებს ქვემოთ ერთრიგად ექვსი მედალიონია განლაგებული. რომლებიც თავდაპირველად ჩექურთმით ყოფილან მორთულნი. მედალიონების ქვემოთ სხვადასხვა სიმაღლის ორი თაღია. მათგან აღმოსავლეთის ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში გამოყვანილი სამმალიანი თაღედის სიმაღლისაა, ხოლო დასავლეთის ფასადის დასავლეთ ნაწილში გამოყვანილი ორი, შედარებით დაბალი, განცალკევებული თაღისა, რომელთა შორის აბსიდისმაგვარი ნიშია. მსგავსი ნიშია შუა ნაწილის დასავლეთ თაღსა და ფასადის დასავლეთ ნაწილის აღმოსავლეთ თაღს შორის.
ჩრდილოეთ ფასადი თითქმის მთლიანად მოგვიანებითაა განახლებული. ფასადის აღმოსავლეთ ნაწილში შემორჩენილია სამხრეთ ფასადის ანალოგიური ორი დეკორატიული თაღი. ფასადის შუა ნაწილის ქვედა ნახევარი კედლის საერთო სიბრტყიდან ოდნავ წინაა წამოწეული და სრულიად გლუვია. კედლის ამ ნაწილს ადრე აქ მდგარი დარბაზული ეკლესია (შემორჩენილი კედლების სიმაღლე 1-1,5 მეტრია) ფარავდა, რომლის დანგრეული ნაწილები მოგვიანებით (როგორც ჩანს ტაძრის მშენებლობისას) შირიმის ქვის წყობით აღუდგენიათ. ფასადის დასავლეთ ნაწილში, ქვემოთ (გვიანდელია), ასიმეტრიულად განლაგებული სამი თაღოვანი შეღრმავებაა, რომელთაგანაც აღმოსავლეთისაში ტაძრის შესასვლელია მოწყობილი. კარი შეისრულთაღოვანია, ზის სწორკუთხა, ოდნავ შეღრმავებულ სიბრტყეში, რომელიც დასრულებულია კუთხურად დაწყობილი აგურის ფრიზით. ზემოთ - ერთ დონეზე განლაგებულ ხუთ სწორკუთხა შეღრმავებაში - თითო შეისრულთაღოვანი ნიშია.
დასავლეთ ფასადის უმეტესი ნაწილი, ჩრდილოეთ ფასადის მსგავსად, მოგვიანებითაა განახლებული. ფასადის ქვედა ნაწილის ნახევარზე მეტს გვიანდელი კარიბჭის კორპუსი ფარავს, რომლის დასავლეთ კედელში სამი ფართო შეისრულთაღოვანი ღიობია.
ტაძარს გარს ევლება საკმაოდ ირეგულარული მოხაზულობის გალავანი, რომლის მოხაზულობა ტაძრის ირგვლივ აგებულმა სხვადასხვა დროისა და დანიშნულების ნაგებობებმა და გალავნის აღმოსავლეთით მდებარე პატარა მდინარემ განაპირობა. გალავანი ორიარუსიანია. ქვედა იარუსი ყრუა და ზედასთან შედარებით სქელია. ზედა იარუსს მთელ სიგრძეზე საბრძოლო ბაქანი გასდევს, რომლის უმეტესი ნაწილი ხის ყოფილა. მეორე იარუსის კედელში ძირს დახრილი და ჰორიზონტალური სათოფურებია. გალავანში ჩართულია 5 ცილინდრული კოშკი, რომელთაგანაც 4 მდინარის მხარესაა, ერთი (ყველაზე დიდი) ჩრდილო-დასავლეთით დგას. ყველა კოშკი გალავნის გარეთაა გასული. კოშკებს თავდაპირველი სახე შეცვლილი აქვთ.
გალავანს ორი შესასვლელი ჰქონია: ერთი (მთავარი) ტაძრის სამხრეთ-დასავლეთ კუთხის პირდაპირაა, მეორე (ამოშენებულია) - ჩრდილოეთ კედელში. სამხრეთ შესასვლელზე XIX საუკუნეში სამრეკლოს ცილინდრული ფანჩატური დაუშენებიათ. როგორც ჩანს, XVII საუკუნის სამრეკლოც ამ ადგილას მდგარა, რომლისგანაც შემორჩენილია ქვედა კუბური ფორმის ნაწილი - ფართო შეისრულთაღიანი გასასვლელით შუაში და თითო კომპარტიმენტით აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში. დასავლეთ კომპარტიმენტში მოწყობილია კიბე, რომლითაც ადრე არსებულ სამრეკლოს ფანჩატურზე ადიოდნენ.
 1640-1643 წლებში მეფე თეიმურაზთან ჩამოსული რუსი ელჩების ცნობით, ტაძრის პირდაპირ ქვით ნაგები ორი პალატი მდგარა - „მადალი და დაბალი“.
http://dzeglebi.com/img/max_img/alaverdi/6.jpg
მთავარი შესასვლელის აღმოსავლეთით შემორჩენილია მოზრდილი დაბალი ნაგებობის (როგორც ჩანს პალატის) ნანგრევი, რომელიც უშუალოდ გალავანზეა მიშენებული.
მეორე პალატის ორსართულიანი მოგრძო ნაგებობა (27 X ll მ), დგას შესასვლელის დასავლეთით. იგი ჩართულია გალავნის კედელში და გარედან გამაგრებულია ხუთი მძლავრი კონტრფორსით. პალატის პირველ სართულზე სატრაპეზო ყოფილა. სამხრეთით მას სამი შესასვლელი (ამოშენებულია) ჰქონია, რომელთა ზემოთ თითო თაღოვანი სარკმელია გაჭრილი. მსგავსი სარკმლები სხვა კედლებშიცაა. სატრაპეზოს შიდა სივრცე ორსაფეხურიანი პილასტრების ოთხი წყვილია და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღებით ხუთ ნაწილადაა გაყოფილი. შუა ნაწილი კვადრატულია და გვერდითებს თითქმის ორჯერ აღემატება. პილასტრებს შორის კედლის მიმდებარე შეისრული თაღებია გადაყვანილი. სატრაპეზოს თითოეული ნაწილი გადახურულია დამოუკიდებელი, საკმაოდ რთული და მაღალ პროფესიულ დონეზე შესრულებული კამარით.
სატრაპეზოს ზემოთ საცხოვრებელი სათავსები იყო განთავსებული. ამჟამინდელი მეორე სართული, ეზოს მხრიდან მოწყობილი ორი დიდი კიბით, მოგვიანებითაა აგებული და გამოყენებულია თავდაპირველი სართულის კედლების ნაწილები.
ტაძრის ჩრდილო-დასავლეთით დგას ირანის შაჰის ნაცვლის საზაფხულო სასახლე. იგი აგებულია XVII საუკუნის დასაწყისში. სასახლე რვაწახნაგა ორიარუსიანი შენობისგან და მის ჩრდილო-აღმოსავლეთ წახნაგზე მიდგმული დაბალი კვადრატული სათავსისგან შედგება. შენობის ქვედა იარუსის ყოველ კუთხეში თითო მძლავრი ბურჯი დგას, რომელთა შორის თითო ფართო შეისრულთაღოვანი ღიობია. ბურჯებითა და თაღებით შექმნილ ქვედა იარუსის რვაწახნაგოვან ბაქანზე დადგმულია ამდენივე წახნაგის მქონე ყელი, რომლის კედლები ქვედა ნაწილის კედლების სისქის ნახევარია, რის გამოც მეორე იარუსის დონეზე შექმნილია ფართო გარშემოსავლელი. შიდა სივრცე ერთიანია, გადახურულია რთული ფორმის ორსაფეხურიანი კამარით.
შენობის ჩრდილო-აღმოსავლეთით წახნაგზე მიშენებული სათავსი კვადრატულია (5,2 X 5.2 მ), შესასვლელი მას შენობიდან აქვს. სათავსის სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებში სამ-სამი სწორკუთხა ნიშია, აღმოსავლეთ კედელში, ნახევარწრიული ბუხრის ორივე მხარეს თითო ნიში.
http://dzeglebi.com/img/max_img/alaverdi/5.jpg

http://dzeglebi.com/img/max_img/alaverdi/7.jpgმარანი, ტაძრის ჩრდილოეთ კედლის პარალელურად 50 მეტრზე დგას. მარნის აღმოსავლეთ, სამხრეთ და დასავლეთ კედლებში ფართო სარკმლებია გაჭრილი. შიგნით მიწაში ქვევრებია ჩაფლული.
აბანო მდებარეობს გალავნის გარეთ (მდინარის მარჯვენა ნაპირზე), ტაძრის ჩრდილო-აღმოსავლეთით 80 მეტრზე. ნაგებია აგურითა და რიყის ქვით. იგი გალავანზე ადრე უნდა იყოს აგებული. აბანო გეგმით რთული მოხაზულობისაა. შედგება სხვადასხვა ფართობის რამდენიმე სათავსისგან, რომლებიც ერთმანეთს გასასვლელებით უკავშირდებიან. გამოირჩევა მთავარი სათავსი, სამი საკმაოდ ღრმა, შეისრული კამარით გადახურული კომპარტიმენტით. სათავსის ცენტრალური ნაწილი გუმბათოვანი კამარით ყოფილა გადახურული (შემორჩენილია აფრების ნაწილები). დანარჩენი სათავსები შედარებით მცირე ფართობისაა; მათაც მთავარი სათავსის მსგავსი გუმბათოვანი კამარები ჰქონიათ.
 ალავერდის ტაძარი ერთ-ართი უმნიშვნელოვანესი და ერეთ-ერთი უდიდესი ძეგლია საქართველოში.
გამოყენებული ლიტერატურა: "საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა"; წიგნი 2 (გვ. 45-43).


No comments:

Post a Comment