ქვიშხეთის კოშკი

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, რომაშვილების უბანში. დგას კოშკი, რომელიც აგებულია XVII საუკუნეში.
კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,6 მ), ნაგებია ძირითადად რიყის ქვით, ფასადებზე გამოყენებულია თლილი ქვა, ინტერიერში - აგური. ზედა ნაწილი დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ 4 სართული. I სართული შიგნით ცილინდრულია, ზედა სართულები ოთხკუთხა. კოშკს შესასვლელი II სართულზე აქვს. პირველ სართულზე 3 სარკმელია, 2 თახჩა და 6 ცალმაგი და ორმაგი სათოფურია. ჩრდილო-აღმოსავლეთ კედელში დატანებულია ნახმარი წყლის გადასაღვრელი კერამიკული მილი, რომელსაც წინ ამოღარული შვერილი ქვა აქვს მიდგმული. მეორე კერამიკული მილი, სავარაუდოა, ღვინისა და წყლისათვის იყო განკუთვნილი. იატაკში ჩაფლული ყოფილა ქვევრები. II და III სართული საცხოვრებელი და სათავდაცვო სათავსებია. II სართულზე ბუხარი, ნიშები და ორი სარკმელია, III სართულზე - ბუხარი და სათოფურები. IV სართულის დანგრეულ კედლებში შეიმჩნევა თითო სარკმლისა და სათოფურების კვალი.

კოშკი (7,2 X 6,9 მ) დგას წმ. გიორგის ეკლესიის სამხრეთ-დასავლეთით 30-40 მეტრზე. ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. ოთხსართულიანია, ზემოთკენ ვიწროვდება. მეორე სართულს ჩრდილოეთით სწორკუთხა შესასვლელი აქვს. პირველი სართულის დიდი ნაწილი ნანგრევებითაა ამოვსებული. კედლებში რამდენიმე სწორკუთხა ნიშია. მეორე სართულის აღმოსავლეთ კედელში ნახევარწრიული ბუხარია, რომლის გვერდზე თითო სწორკუთხა ნიშია. ასეთივე ნიშებია სამხრეთით და დასავლეთით. მესამე სართული ძლიერ არის დაზიანებული. მის ოთხივე კედელში თითო სწორკუთხა სარკმელია, რომელთა გვერდებზე თითო სწორკუთხა ნიშია. მეოთხე სართულის მხოლოდ ერთი მეტრის სიმაღლის კედლებია შემორჩენილი. სართულშუა გადახურვა ხის კოჭებზე იყო გამართული. ფასადი შემოსილია ჰორიზონტალურ რიგებად დაწყობილი ნატეხი ქვიშაქვით. კოშკის ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან შემორჩენილია ადრე აქ არსებული ბაქნის საყრდენი კედლის ნაწილი.


No comments:

Post a Comment